პირველი, რაც ლოს-ანჯელესში ჩასვლისას თვალში გხვდება, გარდა ფილმებიდან და სერიალებიდან დამახსოვრებული ადგილებისა, მსახიობების სიმრავლეა.

ამ ქალაქში ყველა მსახიობია - მიმტანი, დამლაგებელი, ვალეტ პარკინგზე მომუშავე ბიჭი, უბერის მომღიმარი მძღოლი გოგო. ისინი ერთ დღეს ადგნენ, ჩაალაგეს ბარგი, ღიმილით მოავლეს თვალი თავიანთ სახლს, მშობლებს, ქალაქს, რომელშიც გაიზარდნენ, ჩასხდნენ გრეიჰაუნდის ავტობუსში და რამდენიმესაათიანი ან დღიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვიდნენ ოცნებების ქარხანაში. გადაწყვეტილება, რომელიც მათ წამოსვლამდე მიიღეს, გამომშვიდობება, მცირე ნოსტალგია, შიში - რომ იქნებ არ გაუმართლოთ, იმედი, ავტობუსში გვერდით დამჯდარი უცნობისთვის გაღიმება, ეს ყველაფერი მათი გზის ნაწილია, რომელიც ოცნების ასრულებამდე მიდის. მართალია, ბევრს შეიძლება არ გაუმართლოს ან ნიჭიერი არ აღმოჩნდეს, მაგრამ ყველა მათგანს აქვს რწმენა, რომ აუცილებლად მიაღწევენ საწადელს. ამ თამაშში კი მთავარი ნიჭთან და გამართლებასთან ერთად თავდადებაცაა, იმედიც და მიზანსწრაფულობაც.

დემიენ შაზელის ახალი გენიალური ფილმი ლოს-ანჯელესისა და ჰოლივუდის ყოველდღიურ დინამიკას ასახავს, მისი მცხოვრებლებისა და სტუმრების დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. ეს არის ქალაქი, სადაც მარტო ოპტიმიზმი და ოცნება საკმარისი არ არის. ოცნება და ოპტიმიზმი არის საწვავი, რომელმაც უნდა მოგცეთ ენერგია, რათა გადარჩეთ ამ სასტიკ გარემოში, რომელშიც ყველა გიღიმით, ყველა პოზიტიური და მოშვებულია, თქვენი ყველას ესმის და ყველა თქვენი თანამგზავრია. აქ ისეთივე წარმატებით დაგემშვიდობებიან, როგორც მიგიღეს - ღიმილით გამოგაცილებენ და გისურვებენ, რომ სახლში დაბრუნებულებმა წარმატებას იმ პატარა ქალაქში მიაღწიოთ, ერთ დღეს რომ დატოვეთ.

La La Land-ში, რომელიც ლოს-ანჯელესის მეტსახელია, ბევრი სიბინძურეა. კარიერის გასაკეთებლად ბევრი კომპრომისის ან მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. ხშირია უკვე წარმატებული მსახიობების მხრიდან მათ მიერ განვლილი გზის ბნელი მხარეების გახსენება და ენითაღუწერელი სიბილწის გადმოცემა, რომელიც მათ გზაზე შეხვდათ. დემიენ შაზელს არც ამ სიბინძურეებისა და ბნელი მხარეების აღწერა ავიწყდება.

Someone in the Crowd

ჰოლივუდში ყოველდღე კასტინგია. არ აქვს მნიშვნელობა, დადიხართ თუ არა სინჯებზე, აქ მთავარია, საჭირო ადამიანმა საჭირო დროს შეგამჩნიოთ და აღმოგაჩინოთ. ეს შეიძლება იყოს ენთუზიასტი პროდიუსერი, რომელსაც თვითონაც სჭირდება ვინმე ახალი გენიოსი ან უკვე წარმატებული ტიპი, ვის სექსუალურ ფანტაზიასა და გემოვნებაზეც გადის თქვენი გზა ვარსკვლავობისკენ. სწორედ ამ პროცესში ჩაგრთავთ სცენა, რომელშიც ემა სტოუნი და მისი მეგობრები "ხალხში გაერევიან". სწორედ ამ დროს არის საჭირო თქვენი საწვავის მაღალი კონცენტრაცია. დღეს თუ სახლში დარჩებით დაღლილობის გამო, შეიძლება იმ საჭირო ადამიანმა ვერ გნახოთ და ერთმანეთს ასცდეთ, სწორედ ერთმა საღამომ შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი წარმატების შანსები ან მისკენ მიმავალი გზის მიმართულება. იქნებ ამ საღამოს სახლში დარჩენით მნიშვნელოვან პროდიუსერს ასცდეთ, ხოლო ხვალ პერვერტს შერჩეთ ხელში? You never know.

გახსოვთ ის კლიშე ფრაზა? "ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს?" მსხვერპლი კი ამ შემთხვევაში თქვენი თავდადება და ენერგიაა.

La La Land კლიშეებით სავსეა, ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როცა კლიშეები სცენარისტისა და რეჟისორის უნიჭობითა და უმეცრებითა არაა გამოწვეული. პირიქით - აქ ჩანს კინოს, როგორც ხელოვნების სიყვარული და უდიდესი ცოდნა, რომელიც დემიენ შაზელს აქვს. ყველა კადრი, ყველა მოძრაობა, დეტალი, ბრჭყვიალების პატარა წვიმა, კამერის მოძრაობა, კადრიდან გასვლა თუ შემოსვლა კინოკლასიკის სადიდებლად დაწერილი ახალი ოდაა. ეს ფილმი არის ქრესტომათია, რომელშიც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კინოს აქცევს ხელოვნებად, რაც შთააგონებს ადამიანებს და უბიძგებს მათ, ჩასხდნენ ავტობუსებში და ოცნებების ასასრულებლად გაემართონ.

მია (ემა სტოუნი)

მია (ემა სტოუნი)

ფოტო: Lionsgate

The Fools Who Dream

ერთ-ერთ ეპიზოდში ემა სტოუნის გმირი ყვება, რატომ გადაწყვიტა მსახიობობა. La La Land არის ფილმი, რომელიც მეოცნებეებს შთააგონებს, მოანდომებს მსახიობობას, რეჟისორობას, პროდიუსერობას და თუ ისინი ჯერ კიდევ ყოყმანობენ, დაადგენ თუ არა ამ რთულ გზას, საბოლოოდ გადააწყვეტინებს ბილეთის აღებას და შეაყენებს გზაზე, რომელიც კაცმა არ იცის, სად მთავრდება. მაგრამ განა ყველა გზა ასეთი არ არის? არასოდეს იცი, წინ რა დაგხვდება, რა გელის, რისი დათმობა მოგიწევს...

ჩაკ პალანიკი მებრძოლთა კლუბში სასტიკად გვეუბნება, რომ ჩვენ ვერასდროს ვიქნებით ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე და ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას. გვეუბნება, რომ ჩვენ მხოლოდ მომხმარებლური საზოგადოების მსხვერპლები ვართ, რომელთა ოცნებებიც შუა გზაში დასრულდება, მაგრამ როგორც ემა სტოუნის გმირი იტყოდა: "გაუმარჯოთ მეოცნებეებს, რომლებიც შტერებად გვეჩვენებიან."

ფილმის სიუჟეტის დეტალებს არ განვიხილავ, რადგან სპოილერებს ვერ ავცდები, თუმცა, რომც ავცდე, ჩემი აზრით La La Land-ის უმთავრესი ღირსება ის ემოციებია, რომლებიც მას მოაქვს.

თქვენ შეიძლება არ ოცნებობდეთ კინოსამყაროში მოგზაურობაზე, მაგრამ ეცადეთ პირდაპირ არ გაიგოთ ფილმის შემქმნელების ჩანაფიქრი. ფილმის სიუჟეტი დამწყები მსახიობი გოგოს, მიას და ჯაზზე შეყვარებული სებასტიანის გარშემო ვითარდება, მაგრამ ეს ფილმი არ არის არც კინოზე და არც მუსიკაზე.

სებასტიანი (რაიან გოსლინგი)

სებასტიანი (რაიან გოსლინგი)

ფოტო: Lionsgate

ეს ფილმი არის გზაზე, რომელსაც საკუთარი თავის ძიებისას გავდივართ, მუდმივ სწრაფვაზე ოცნებების ასრულებისა და მიზნების მიღწევისკენ. ნუ იფიქრებთ, რომ ფილმი რომანტიკულია. ეს ფილმი მოგზაურობის პრაგმატულ მხარესაც გვიჩვენებს: ოცნებების ასრულებამდე ხშირად შემოვლითი, მაგრამ რთული გზით მივდივართ.

მართალია, მარცხის შემდეგ ფეხზე დადგომა რთულია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, გვერდით, შავ-ბნელ კუთხეში გავიხედოთ: თქვენ თუ არ დანებდებით, ვიღაც სხვა დანებდება და უფრო გაგიადვილდებათ მიზნის მიღწევა.

Epilogue

La La Land-ს წლის საუკეთესო ფილმად მოიხსენიებენ, მე კი ვიტყოდი, რომ ეს დეკადის საუკეთესო ფილმია, შეიძლება ითქვას - თაობის ფილმიცაა. ვინ იცის, ასე 20-30 წლის შემდეგ ახლადაღმოჩენილი და წარმატებით თავბრუდახვეული მსახიობი დაჯდება რომელიმე ღამის შოუში და მოყვება, რომ სწორედ ამ ფილმმა უბიძგა, მიეტოვებინა სახლი და გადევნებოდა თავის ოცნებებს.

თუ თქვენც ჩემსავით ოცნებობთ კინოს შექმნაზე და გიყვართ ხელოვნების ეს საოცარი მიმართულება, La La Land დროებით დაგავიწყებთ, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ეს მიმართულება მკვდარია. ეს ფილმი ახალი ენერგიით აგავსებთ და მიგახვედრებთ, რომ დანებება არ შეიძლება და იმდენჯერ უნდა სცადოთ, რამდენჯერაც საჭიროა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ფილოსოფია მხოლოდ კინოს კი არა, ყველა სფეროს ეხება. ვიღაცისთვის თუ წარმატება ბევრი ფული და მსოფლიო ცნობადობაა, სხვისთვის იმ საქმის კეთების შესაძლებლობაა, რომელიც უყვარს.

აქვე იმასაც ვაღიარებ, რომ სასტიკად შემშურდა დემიენ შაზელის ნიჭის. დაახლოებით ისე ვიგრძენი თავი, როგორც მილოშ ფორმანის ამადეუსში სალიერიმ, როცა კონსტანსმა მოცარტის ნოტები მიუტანა და სთხოვა, გადახედეო. სალიერის ამ მომენტში ნოტები ძირს უცვივდება, თვალები ცრემლებით ევსება და სასოწარკვეთილი ამბობს: "ღვთაებრივია".

ფილმი თითქმის ყველას მოეწონა, თუმცა ბევრმა რაიან გოსლინგი დაიწუნა - არადა ამ როლს ძალიან უხდება და მის მაგივრად ვინმე უფრო დიდ ვარსკვლავს შეიძლება თავი ვერ გაერთვა როლისთვის. რაიან გოსლინგი ზუსტად გადმოსცემს სებასტიანის მსგავსი ტიპების ემოციებს, მიმიკებს, მიხვრა-მოხვრას და გვაჩვენებს, როგორია ჯიუტი, უცნაური, მეოცნებე ადამიანი, რომელიც არასდროს ნებდება.

რაც შეეხება ემა სტოუნს, შეიძლება ითქვას, რომ ის ფილმში რამდენიმე როლს ერთად ასრულებს. მიას გმირი ყოველ კასტინგზე ახალ-ახალ როლს ირგებს და იმდენად კარგად ასრულებს, რომ გიკვირს, მაინც რა დონის ოსტატობას ითხოვენ კასტინგ-მენეჯერები, რომ ეს შესრულება არ აკმაყოფილებთ.

La La Land-ის ბიუჯეტი მხოლოდ $30 მილიონია. ამ ფაქტისა და იმ ვიზუალის გათვალისწინებით ადვილად მიხვდებით, რა კარგად იმუშავა გადამღები ჯგუფის თითოეულმა წევრმა. რეჟისორს, ოპერატორს, მხატვარს, კოსტიუმების დიზაინერს, გამნათებლებს, მემონტაჟეებს - თითოეულ მათგანს ყოველი კადრის სახით პატარ-პატარა შედევრი აქვს შექმნილი.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკის კინოაკადემია არ შეცდება და ამ ფილმს ოცდაოთხივე კატეგორიაში მიანიჭებს ოსკარს - თუნდაც, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.