როგორ და რატომ ეჩვევა ტვინი აზარტულ თამაშებს
გამოცემა Scientific American-ში გამოქვეყნებული სტატია მთავარი გმირის, შირლის მაგალითზე გვიყვება, რა გავლენას ახდენს გემბლინგი ტვინზე და როგორ შეიცვალა ჩვენი ცოდნა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში
როდესაც შირლი 25 წლის იყო, მეგობრებთან ერთად სპონტანურად ლას-ვეგასში წავიდა და ცხოვრებაში პირველად ითამაშა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ, როცა აღმოსავლეთ სანაპიროზე ადვოკატად მუშაობდა, პერიოდულად ატლანტიკ სითის სტუმრობდა სათამაშოდ. როცა 50 წელს უახლოვდებოდა, უკვე კვირაში ოთხჯერ აცდენდა სამსახურს, რათა კონექტიკუტში ახლადგახსნილ კაზინოებში გაეთენებინა ღამეები. თამაშობდა ბლექჯეკს, ხშირად თითო რაუნდზე ათასობით დოლარს აგებდა, შემდეგ კი მანქანის სავარძლის ქვეშ ხურდებს ეძებდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაბრუნებულიყო სახლში. საბოლოოდ შირლიმ უკანასკნელი ცენტებიც კი წააგო და ყველა საკრედიტო ბარათი ამოწურა. "სულ თამაში მინდოდა, ვგიჟდებოდი იმ შეგრძნებაზე, რაც თამაშს მოჰქონდა", — ამბობს ის.
2001 წელს შირლისა და მის აზარტულ მისწრაფებებს შორის კანონი ჩადგა. შირლიმ კლიენტისგან დიდი ოდენობის თანხა მოიპარა, რისთვისაც ორი წელი ციხეში იჯდა. პარალელურად მოთამაშეთა ანონიმურ შეხვედრებს ესწრებოდა, ხვდებოდა ფსიქოთერაპევტს და ცხოვრების ხელახლა დაწყებას ცდილობდა. "გავიაზრე, რომ დამოკიდებული ვიყავი. დიდი დრო დამჭირდა, რომ ეს მეღიარებინა", — ყვება შირლი.
15-20 წლის წინ საკამათოდ ითვლებოდა მოსაზრება, რომ ვინმე თამაშზე ან რაიმე სხვა ჩვევაზე ისევე დამოკიდებული შეიძლება გამხდარიყო, როგორც ნარკოტიკებზე. მაშინ შირლისთვის არ უთქვამთ, რომ ადიქტი იყო. ამ დასკვნამდე ის თვითონ მივიდა. დღეს კი მკვლევრები უკვე თანხმდებიან, რომ ის, რასაც აზარტული თამაშების მოყვარულთა ნაწილი განიცდის, სწორედ დამოკიდებულებაა.
წარსულში ფსიქიატრია პათოლოგიურ აზარტულ თამაშს არა დამოკიდებულებად, არამედ, მიდრეკილებად აღიქვამდა: ქცევად, რომელსაც ადამიანი შფოთვის შესამცირებლად მიმართავდა და არა — სიამოვნებისთვის. 1980-იან წლებში ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკური ინფორმაციის გზამკვლევი განაახლა და პათოლოგიურ აზარტულ თამაშს იმპულსის კონტროლის დარღვევის კლასიფიკაცია მიანიჭა. ამით აზარტული თამაშებით შეპყრობილობა კლეპტომანიის (მოპარვის სურვილის), პირომანიის (ცეცხლის წაკიდების უკონტროლო სურვილის) და ტრიქოტილომანიის (თმის ამოგლეჯის უკონტროლო სურვილის) კატეგორიაში გაიყვანეს. 2013 წლის მაისში კი ამ გზამკვლევში "გემბლინგი" დამოკიდებულებებს შორის ჩაიწერა. ეს გადაწყვეტილება ადიქციის ახალი აღქმიდან გამომდინარეობს და გვაჩვენებს, როგორ შეიცვალეს ფსიქიატრებმა აზრი იმ ადამიანების შესახებ, ვისაც თამაშის შეწყვეტა არ შეუძლია.
რითი ჰგავს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნარკომანიას
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის გადაწყვეტილება, კომპულსიური გემბლინგი დამოკიდებულებად ეღიარებინა, ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და გენეტიკის დარგში ჩატარებულ არაერთ კვლევას ემყარება. ამ ნაშრომების თანახმად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იმაზე მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე აქამდე ეგონათ.
ჩვენი თავის ქალის შუა ნაწილში არსებობს ე.წ. დაჯილდოების სისტემა, რომელიც, მეხსიერებაზე, მოძრაობაზე, სიამოვნებასა და მოტივაციაზე პასუხისმგებელ უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს. როდესაც ჩვენ ისეთი საქმიანობით ვკავდებით, რომელიც თავს ცოცხლად გვაგრძნობინებს ან გვეხმარება გენების გადაცემაში, ამ სისტემაში არსებული ნეირონები დოპამინს გამოყოფენ, რაც სურვილს გვიჩენს, ეს ქმედება კიდევ გავიმეოროთ. ამფეტამინით, კოკაინით ან სხვა ნარკოტიკით სტიმულირებისას ეს სისტემა ჩვეულებრივზე 10-ჯერ უფრო მეტ დოპამინს გამოყოფს.
ნარკოტიკების ხანგრძლივი გამოყენებით სისტემას უქვეითდება უნარი, ეიფორიის შეგრძნება ბუნებრივად გამოიწვიოს. გარე სტიმული იმდენად "ტბორავს" ტვინს დოპამინით, რომ ის მასზე აღარ რეაგირებს. შედეგად ნარკოდამოკიდებულები სიამოვნების მიმართ მგრძნობელობას კარგავენ და იმავე შეგრძნების განსაცდელად სტიმულის უფრო და უფრო დიდ დოზებს საჭიროებენ. მწვავე დამოკიდებულების შემთხვევაში, როცა ტვინს დოპამინის გამომწვევი ნივთიერება აღარ მიეწოდება, გვხვდება ასევე აბსტინენცია (ე.წ ლომკა) — ნარკომომხმარებლები ფიზიკურად ცუდად ხდებიან, ვეღარ იძინებენ და შეუჩერებლად კანკალებენ. ამავდროულად სუსტდება ნეირონული კავშირები, რომლებიც დაჯილდოების სისტემას შუბლისწინა ქერქთან აკავშირებს (ეს უბანი იმპულსების დამორჩილებაზეა პასუხისმგებელი). ამგვარად, რაც უფრო მეტ ნარკოტიკს მოიხმარს ადამიანი, მით უფრო უჭირს შეჩერება.
კვლევები აჩვენებს, რომ პათოლოგიური მოთამაშეები და ნარკოდამოკიდებულები გენეტიკური წინასწარგანყობითაც ჰგვანან ერთმანეთს: ხშირ შემთხვევაში მათი "დაჯილდოების სისტემა" ჩვეულებრივზე ცუდად ფუნქციონირებს და სწორედ მძაფრი ემოციების დევნაა ის თავდაპირველი მიზეზი, რის გამოც ისინი სარისკო ქცევებში ერთვებიან. ნეირომეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ნარკოტიკები და თამაში ტვინის ერთსა და იმავე უბნებს "აპროგრამებს". ამ დასკვნებამდე მეცნიერები ტვინის უბნების აქტივობასა და სისხლის მიმოქცევაზე დაკვირვებამ მიიყვანა. ცდაში მონაწილე პირები კომპიუტერზე სხვადასხვა დავალებას ასრულებდნენ, რომლებიც ან კაზინოს თამაშების იმიტაციას წარმოადგენდა ან იმპულსის კონტროლის უნარს ამოწმებდა. ზოგ შემთხვევაში მოთამაშე ვირტუალური ბარათების ამოღებით ფულს აგებდა ან იგებდა, ზოგ შემთხვევაში კი საჭირო იყო კონკრეტულ სურათზე რეაგირება, სხვებზე კი — არა.
2005 წელს ჩატარებულმა გერმანულმა კვლევამ, რომელიც ამ მეთოდს იყენებდა, აჩვენა, რომ გემბლერებს, ისევე როგორც ნარკოდამოკიდებულებს, ეიფორიის მიმართ მგრძნობელობა დაქვეითებული აქვთ: როცა იგებდნენ, ცდის პირებს ჩვეულებრივზე ნაკლები აქტივობა ჰქონდათ ტვინის დაჯილდოების სისტემაში. იელის უნივერსიტეტის 2003 წლისა და ამსტერდამის უნივერსიტეტის 2012 წლის კვლევების თანახმად კი, პათოლოგიურ გემბლერებს შუბლისწინა რეგიონში დაბალი ელექტრული აქტივობა ჰქონდათ — ეს უბანი რისკების შეფასებასა და ინსტინქტების დათრგუნვაში მონაწილეობს.
კიდევ ერთი არგუმენტი, რომლითაც გემბლინგისა და ნარკოტიკების მსგავსება მტკიცდება, საკმაოდ უცნაური წყაროდან მოდის: მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადების, პარკინსონის მქონე პაციენტებში ჩვეულებრივზე მეტი კომპულსიური გემბლერი იყო (2-დან 7 პროცენტამდე). პარკინსონის დაავადება ტვინის შუა ნაწილში დოპამინ-წარმომქმნელი ნეირონების სიკვდილითაა გამოწვეული. სიმპტომების შესამცირებლად პაციენტებს ლევოდოპას აძლევენ, რომელიც დოპამინის დონეს მაღლა სწევს, რაც გემბლინგის მიმართ მიდრეკილებასთან კორელაციაშია. მკვლევრები ფიქრობენ, რომ მიმდინარე ქიმიური რეაქციები ტვინს ისე ცვლის, რომ, მაგალითად, პოკერის თამაშისთვის დამახასიათებელი რისკები და ჯილდოები მიმზიდველი ხდება, ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი რთულდება.
გემბლინგზე დამოკიდებულების ახალი გაგება მეცნიერებს მთლიანად ადიქციის გადააზრებაშიც დაეხმარა. თუ აქამდე ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ადიქცია კონკრეტულ ქიუმიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულება იყო, ახლა უკვე ვიცით, რომ ტვინი ეჩვევა დაჯილდოების შეგრძნებას, თუნდაც უკუჩვენებები საკმაოდ სერიოზული იყოს. ამ შეგრძნებას კი თანხის გაორმაგებაც ისევე შეიძლება იწვევდეს, როგორც კოკაინით ან ჰეროინით გამოწვეული "თრობა". "აქამდე არსებული თეორია გულისხმობდა, რომ დამოკიდებულებისთვის საჭიროა ნივთიერების მიღება, რომელიც ტვინის ნეიროქიმიას ცვლის. ახლა უკვე ვიცით, რომ ტვინს შეიძლება ნებისმიერ რაიმეზე ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულება",— ამბობს ტიმოთი ფონგი, ფსიქიატრი და ადიქციის ექსპერტი კალიფორნიის უნივერსიტეტში და ამატებს ,— "ლოგიკურია, რომ ზოგიერთმა სიამოვნების მომგვრელმა ქცევამ, მაგალითად აზარტულმა თამაშმა, შეიძლება გამოიწვიოს დრამატული [ფიზიკური] ცვლილებები".
როგორ "მოვატყუოთ" სისტემა
აზარტული თამაშების პათოლოგიის ნარკოდამოკიდებულებასთან შედარება მხოლოდ სემანტიკა არ არის: ფსიქიატრებმა უკვე დაადგინეს, რომ კომპულსიურ გემბლერებს უფრო მეტი პროგრესი აქვთ, როცა ისინი ადიქციის სამკურნალო მედიკამენტებსა და თერაპიას იყენებენ, ვიდრე მაშინ, როცა მათ "მანიისთვის" დამახასიათებელი სტრატეგიით მკურნალობენ. მაგალითად, ის გარკვეული ანტიდეპრესანტები, რომლებიც იმპულსის კონტროლს აადვილებენ, გემბლერების შემთხვევაში შედეგიანი არ იყო. სამაგიეროდ, ოპიოიდების ანტაგონისტი ნივთიერებები, მაგალითად ნალტრექსონი, თამაშის სურვილს ამცირებდა.
ათობით კვლევა ადასტურებს, რომ ადიქციის მკურნალობის კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიაა, რომელიც ადამიანებს ასწავლის, წინააღმდეგობა გაუწიონ არასასურველ აზრებს და შეცვალონ ისინი. მაგალითად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა პირმა შეიძლება უკუაგდოს ირაციონალური რწმენა, თითქოს ზედიზედ ბევრჯერ წაგება ან "თითქმის მოგება" (სლოტებში სამი ალუბლიდან ორის ამოსვლა) მომდევნო ჯერზე გამარჯვებას ნიშნავს.
სამწუხაროდ, მკვლევრების შეფასებით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა 80 პროცენტზე მეტი არასოდეს მიმართავს მკურნალობას. მათგან კი, ვინც მკურნალობას ცდილობს, 75% ისევ სათამაშო დაწესებულებებს უბრუნდება. აშშ-ში, განსაკუთრებით კალიფორნიაში, კაზინოები სერიოზულად აღიქვამენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას. მარკ ლეფკოვიცი, კალიფორნიის პრობლემური თამაშის საბჭოს წარმომადგენელი, რეგულარულად ატრენინგებს კაზინოს მენეჯერებსა და თანამშრომლებს, რათა თვალყური ადევნონ სახიფათო ტენდენციებს, მაგალითად, მომხმარებლებს, რომლებიც უფრო და უფრო მეტ დროსა და ფულს ხარჯავენ კაზინოში. იგი კაზინოებს მოუწოდებს, აზარტულ მოთამაშეებს მისცენ საშუალება, ნებაყოფლობით დაიბლოკონ თავი დაწესებულებიდან და თვალსაჩინო ადგილას, ბანკომატებთან და გადახდის აპარატებთან განათავსონ ბროშურები მოთამაშეთა დახმარების რესურსების შესახებ. თამაშზე დამოკიდებული ადამიანი შეიძლება თავდაპირველად კაზინოსთვის შემოსავლის უზარმაზარი წყარო იყოს, მაგრამ საბოლოოდ, ბევრი მათგანი უზარმაზარ დავალიანებას აგროვებს, რომელსაც ვერასდროს დაფარავს.
ახლა უკვე 60 წლის შირლი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მკურნალობის პროგრამაში მრჩევლად მუშაობს. "აზარტული თამაშების წინააღმდეგი არ ვარ", — ამბობს ის, — "ადამიანების უმეტესობისთვის ეს უბრალოდ გასართობია, მაგრამ ზოგიერთისთვის — საშიში პროდუქტი. მინდა ხალხმა გაიგოს, რომ რეალურად შეიძლება დამოკიდებული გახდე თამაშზე. მინდა, რომ კაზინოებმა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ".
კომენტარები