აქამდე გვეგონა, რომ მწერებიდან ყველაზე საშინელი ქცევითი თავისებურებებით "მკვლელი კრაზანები" გამოირჩეოდნენ, თუმცა, ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ თურმე უარესიც არსებობს. მეცნიერებმა ახლახან ციკადების ახალი, "დაზომბებული" პოპულაცია აღმოაჩინეს. ისინი, სოკოს სპორებით დაინფიცირების შემდეგ, საკუთარ გონებაზე კონტროლს კარგავენ და ამ ინფექციას საკმაოდ მოხერხებულად გადასცემენ სხვა მწერებს.

მაზოსპორა სოკოების ერთ-ერთი სახეობაა. აღმოჩნდა, რომ მისი სპორები ისეთივე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ, როგორსაც აქამდე უკვე ცნობილი ჰალუცინოგენი სოკოები. დასავლეთ ვირჯინიას უნივერსიტეტის მკლევრების მიერ PLOS Pathigens-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, ამ პარაზიტი სოკოს სპორები ციკადების სხეულს ეკრობიან და შემდეგ, მათ გონებაზე ამყარებენ კონტროლს.

ის გზა, თუ როგორ ესხმის თავს მაზოსპორა მწერებს, საშინელებათა ფილმის სცენარს მოგვაგონებს. სოკოს სპორები სწრაფადვე ეკრობიან ციკადას სასქესო ორგანოსა და მუცელს და შემდეგ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადების (STD) მსგავსად, ვრცელდებიან და აინფიცირებელ ჯანმრთელ მწერებს.

"დაინფიცირების შემდეგ, ციკადას სხეულის ნაწილები ფანქრის ბოლოზე დამაგრებული საშლელივით მცირდება და ქრება", - ამბობს კვლევის თანაავტორი, ბრაიან ლავეტი, 27 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. ახალი კვლევა ყურადღებას ამახვილებს დაინფიცირებული ციკადების უჩვეულო ქცევაზე. ვინაიდან, დაინფიცირების შემდეგ ციკადებს სხეულის ნაწილები უბრალოდ შორდებათ, მათ გამრავლება აღარ შეუძლიათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აგრძელებენ შეწყვილებას.

მეცნიერები განმარტავენ, რომ დაინფიცირების შემდეგ მაზოსპორა თავისი მსხვერპლით მანიპულირებას იწყებს. "ზომბი" ციკადები ფრთების მოძრაობით დედალი მწერების იმიტაციას აკეთებენ. ასეთი ქცევა ერთგვარი სიგნალია, რომლითაც დედალი მამალს შეწყვილებისკენ მოუწოდებს. საბოლოოდ, ისინი მამალ ციკადებთან ამყარებენ კავშირს და სოკოს სპორებით ჯანმრთელ მწერებს აინფიცირებენ.

"არსებითად, დაინფიცირებული ციკადები ცდილობენ თავისი სახეობის სხვა წარმომადგენლების ცდუნებას, რადგან მათ ჯანმრთელ ნაწილებს ისევ უნდათ შეწყვილება", - ამბობს ლავეტი. "სოკოს ბიოაქტიური შენაერთები მანიპულირებენ ამ მწერებით და აიძულებენ, რაც შეიძლება მეტ ჯანმრთელ ციკადას გადასცენ ეს პათოგენი".

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული ციკადები არა მხოლოდ წყვილდებიან, არამედ ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას იმის მიუხედავად, რომ მათ სხეულის ნაწილები დაკარგეს.

"ალბათ, ჩვენ რომ მუცელი გამოგვფატროს ვინმემ, სრულიად უუნაროები გავხდებით და დავიხოცებით", - ორშაბათს განუცხადა კვლევის თანაავტორმა, მეთიუ კასონმა CNN-ს. "მაგრამ ინფიცირებული ციკადები, მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეულის მესამედი დაკარგეს, ისე აგრძელებენ შეწყვილებას, ფრენას თუ ყოველდღიურ ცხოვრებას, თითოქს არაფერი მომხდარა, ეს კი მართლაც ძალიან უჩვეულო საქციელია".

თუმცა ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მაზოსპორების გარდა, არსებობენ სხვა სახეობის პარაზიტი სოკოები, რომლებიც თავიანთ მასპინძელ მწერებს აინფიცირებენ და შემდეგ "თავის ჭკუაზე ატრიალებენ".

"ჭიანჭველების მაზომბებელი სოკო" - ასე ეწოდება Ophiocordyceps unilateralis-ს, პარაზიტ სოკოს, რომელიც უმეტესად ტროპიკულ ტყეებში გვხვდება. პირველი 10 დღის მანძილზე ეს სახეობა ჭიანჭველის სხეულში განანგრძობს ზრდას, სანამ საბოლოოდ მისი თავიდან არ ამოიზრდება. აქედან, იგი კიდევ გამოყოფს სპორებს და სხვა ჭიანჭველების დაინფიცირებას აქტიურად განაგრძობს.

ფოტო: berniedup / CC BY-SA 2.0

აქამდე, მეცნიერებს ეგონათ, რომ Ophiocordyceps unilateralis ჭიანჭველის ტვინზე ზემოქმედებდა, მაგრამ ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ პარაზიტი გარს ეხვევა არა ჭიანჭველას ტვინს, არამედ მის კუნთებს და მწერის მოძრაობაზე ამყარებს კონტროლს. "ზომბი" ციკადების აღმოჩენა კი სოკოს მხრიდან მწერის გონებაზე და სხეულზე კონტროლის დამყარების ძალიან საინტერესო პრეცედენტს გვაჩვენებს.