კარტოგრაფების საქმემ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისა და დავით გარეჯის კუთვნილების საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა.

საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის ყოფილ წევრებს — ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას — პროკურატურა სახელმწიფოს საზიანო გადაწყვეტილებებში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია წინა ხელისუფლების პერიოდზე, ძირითადად, 2006-2007 წლებზე.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, მელაშვილმა და ილიჩოვამ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომლითაც საქართველო ტერიტორიების დაახლოებით 3 500 ჰექტარს კარგავდა. ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად კი ბრალდებას მოჰყავს 1938 წელს გამოქვეყნებული 1:200 000 მასშტაბის რუკა. პროკურატურის ვერსიით, აღნიშნული რუკა მელაშვილმა და ილიჩოვამ შეგნებულად დამალეს და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს არ გამოიყენეს.

დაკავებული კარტოგრაფები ამ რუკის რელევანტურობას ეჭვქვეშ აყენებენ და აღნიშნავენ, რომ ის ბევრ ხარვეზს შეიცავს. ისინი უარყოფენ რუკის გადამალვის ბრალდებასაც,

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააკავეს. იმის გათვალისწინებით, თუ რა პერიოდის საქმიანობაზეა საუბარი, ბევრს მიაჩნია, რომ ეს გამოძიება პოლიტიზებულია და მხოლოდ წინა ხელისუფლების "გაშავებას" ემსახურება.

ბრალდებაში არაფერია ნათქვამია დავით გარეჯის მონაკვეთზე, რადგან ის ორი ქვეყნის კომისიებს შეთანხმებულიც კი არ აქვთ. თუმცა როგორც პროკურატურის წარმომადგენლები, ისე მთავრობის ზოგიერთი წევრი ამტკიცებენ, რომ მელაშვილი/ილიჩოვას ქმედებებით საქართველო დავით გარეჯსაც კარგავდა.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საზღვრის ეს მონაკვეთი წარსულში არაერთხელ გამხდარა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის მიზეზი. საკითხს კი იმაზე უფრო შორს და ღრმად მივყავართ, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა ორმხრივი კომისიები ყველა მომიჯნავე ქვეყანასთან, თურქეთის გარდა. მასთან საქართველომ საზღვარი ჯერ კიდევ 1992 წელს დაადგინა. საზღვრის დელიმიტაციის კომისიები შეიქმნა:

  • 1993 წელს რუსეთის ფედერაციასთან;
  • 1994 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან;
  • 1994 წელს სომხეთის რესპუბლიკასთან.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მთავრობის დაგდენილებაში აღნიშნულია, რომ კომისიების დონეზე სომხეთთან საზღვრის 71 პროცენტია შეთანხმებული, ხოლო აზერბაიჯანთან — 66 პროცენტი. რაც შეეხება სახელმწიფო საზღვარს რუსეთთან, სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია მთლიანი საზღვრის 36 პროცენტი. 2008 წელს სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციითა და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით, რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს მიღწეულ შეთანხმებებს.

ამ ეტაპისთვის დიდი კომპლექსის ორი მონაკვეთი — ჩიჩხიტური და უდაბნო აზერბაიჯანთან მოლაპარაკების მთავარი საკითხებია. კიდევ ერთი, ბერთუბანის მონასტერი აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეშია შესული, ამიტომაც პოლიტოლოგები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ მასთან მიახლოებაზე მოლაპარაკებები უფრო რთულია. რაც შეეხება ჩიჩხიტურსა და უდაბნოს, განხილვის მთავარი საგანი სწორედ ისაა, ხვდება თუ არა ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

რეალურად უნიკალური ძეგლის "გაყოფა" ბევრად რთული და კომპლექსური საკითხია, ვიდრე "რელევანტური" რუკის მოძიება და მოპასუხე მხარისთვის გადაცემა. საზღვრის დადგენა არ არის მხოლოდ კარტოგრაფია, ეს პოლიტიკური პროცესია, სადაც, უხეშად რომ ვთქვათ, მიწებით ვაჭრობა მიმდინარეობს.

მცირე ისტორიული ექსკურსი

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან 70 კილომეტრშია. ის გარეჯას სერზე მდებარეობს, სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 16 მონასტერს აერთიანებს, რომელთა შორის მთავარი დავითის ლავრაა.

კომპლექსის დაარსება VI საუკუნის პირველ ნახევარში ერთ-ერთ ასურელ მამას, დავითს უკავშირდება. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად ჩავიდა გარეჯის უდაბნოში და პატარა მღვიმეში დასახლდა. სწორედ ამ პერიოდში იქმნება დავითის ლავრა, რომელიც შემდგომში სამონასტრო ცხოვრების ცენტრად იქცა.

საუკუნეების განმავლობაში დავით გარეჯს ედგა როგორც აყვავების, ისე დარბევების ხანა. ქართველი მეფეები აღიარებდნენ მის მნიშვნელობასა და უნიკალურობას. დავით აღმაშენებელმა (1089-1125 წწ) კომპლექსი გადასახადებისგან გაათავისუფლა და მის განვითარებას ხელს უწყობდა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის მეფობისას (1286-1346) დავით გარეჯი კიდევ უფრო გაფართოვდა და კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა.

მონასტრის თავზე გადაიარა თემურლენგის დარბევებმა (1386-1403 წწ). სპარსელთა შემოსევების დროს (1616-1617 წწ) სამონასტრო ცხოვრება ფაქტობრივად შეწყდა და მხოლოდ თეიმურაზ I-ის დროს აღდგა.

დავით გარეჯის ლავრა, 1969 წელი

ფოტო: ნარიმან ერქომაიშვილი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

კომპლექსის სადავო ტერიტორიების საკითხი უკვე საბჭოთა ოკუპაციიდან დაიწყო. 1921 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებით, აზერბაიჯანს ზაქათალას ოლქი გადაეცა. ამასთან, დროებით გადაეცა ყარაიას ველიც, რომელიც ძირითადად საძოვრებად მოიაზრებოდა.

იმის გამო, რომ ყარაიას ველი პირობითად იქნა გადაცემული, ტერიტორიის დემარკაცია არ მომხდარა. უკვე შემდგომში, 1924 წლის 20 ნოემბერს ტერიტორიის გამიჯვნა მოხდა.

1936 წელს, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, დაიწყო სამ რესპუბლიკას შორის საზღვრების დადგენა და რუკების შედგენა. პროცესი საბოლოოდ 1938 წელს 1:500 000 მასშტაბის რუკის დამოწმებით დასრულდა.

სოციალისტური რესპუბლიკების იძულებითი ერთობის დაშლის შემდეგ, მთავარი საკითხი სწორედ საზღვრების გავლება გახდა. საქართველოს ოთხი მეზობლიდან სამთან — რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი ამ დრომდე დაუდგენელი აქვს. ყველა ამ შემთხვევაში არსებობს საზღვრის რამდენიმე სადავო მონაკვეთი.

დავით გარეჯის ქართულ მიკუთვნილობაზე საუბრისას ხშირად იყენებ ფრაზას "საქართვლოს ისტორიული ტერიტორია". ისტორიკოსი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს ტერმინი საშიშია და მის მთავარ არგუმენტად გამოყენება არ შეიძლება.

"ასეთი რამ, რომ ისტორიულად მუდმივად ერთ ტერიტორიას შეადგენდეს რაღაც ადგილი, ფაქტობრივად, არ არსებობს, თუ არ ვართ რომელიმე კუნძული. ამიტომ ამ ტერმინს ძალიან, ძალიან ფრთხილად გამოვიყენებდი, რადგან არაფერს იძლევა", — აცხადებს ბაქრაძე.

იმაზე, რომ დავით გარეჯი ქართული ძეგლია, არაერთი ისტორიული წყარო მეტყველებს. აზერბაიჯანის მხრიდან ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ბაქრაძე სამწუხაროს უწოდებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად კი აზერბაიჯანის მიერ ალბანეთის ისტორიის ინსტრუმენტალიზაციას ასახელებს — აზერბაიჯანელები აცხადებენ, რომ კავკასიის ალბანეთის შთამომავლები და მათი კულტურის ერთადერთი მემკვიდრეები არიან.

ალბანური კულტურა, გარეჯი და კავკასია

კავკასიის ალბანეთი იყო ანტიკური სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის შუა ხანებში შეიქმნა. ის დღევანდელი აზერბაიჯანის, საქართველოსა და დაღესტნის ტერიტორების ნაწილს იკავებდა.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე აზერბაიჯანელი ისტორიკოსები ალბანეთის ისტორიის ფალსიფიკაციას ეწევიან. მკვლევრების აზრით, ნაციონალისტური იდეების საფუძველზე, ისინი აზერბაიჯანს ალბანეთის კულტურის ერთადერთ მემკვიდრეებად აცხადებენ, რის გამოც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებულ ბევრ სომხურ ძეგლს ალბანურ კულტურას აწერენ.

აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ქეშიკჩიდაგი, როგორც დავით გარეჯს ეძახიან, ალბანური ძეგლია, რაზეც საუბარი გასული საუკუნის ბოლოს დაიწყეს. 2007 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მას ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის სტატუსიც კი მიანიჭა.

ზიია ბუნიადოვი (1921-1997) მეცნიერი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო. მას უკავშირდება აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული სადავო კონცეფციები. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი თეორიები პირველწყაროების ფალსიფიკაციას ეფუძნება.

ალბანური თეორიის შექმნა 60-იან წლებში აზერბაიჯანელ ისტორიკოს ზიია ბუნიადოვს უკავშირდება. აღნიშნულ თეორიას ბაქრაძე ფსევდო-ისტორიზმს უწოდებს.

"მერე და მერე ეს თეორია გახდა დომინანტური აზერბაიჯანში, რადგან მისი მუდმივად გამოყენება ხდებოდა, პირველ რიგში, სომხეთის წინააღმდეგ. კონკრეტულად ყარაბაღთან მიმართებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი "ისტორიული უფლებებისა", — ამბობს ბაქრაძე.

ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ერის მიერ რომელიმე კულტურის მითვისება უპრიანი არ არის და ზოგადადაც, ალბანური მემკვიდრეობა სამივე ერს — ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთობლივად გვერგო. თუ ვინმეა დღეს პირდაპირი მემკვიდრე ალბანელებისა, ბაქრაძე ამბობს, რომ ეს უდიები არიან, მაგალითად ყვარელთან, სოფელ ზინობიანში.

კავკასიის ალბანეთი და საქართველო

როგორც ბაქრაძე ამბობს, ქართულ კულტურაში ალბანური ისტორიის კვალი შესამჩნევია. ამასთან, იგი ალბანური ენის კვლევაში ქართველი ენათმეცნიერების დამსახურებებს აღნიშნავს.

მისი თქმით, 1937 წელს პირველი ალბანური ანბანის აღმოჩენა ეჩმიაძინის მუზეუმში ქართველ ენათმეცნიერს, ილია აბულაძეს უკავშირდება. ეს, ფაქტობრივად, ალბანური ენის შესწავლის დასაწყისად მიიჩნევა. ასევე, 90-იან წლებში მეცნიერმა ზაზა ალექსიძემ სინას მთაზე აღმოაჩინა პალიმფსესტი, რომელზეც ბიბლიის ტექსტი ალბანურად წერია და ზევიდან ქართული ტექსტია გადაწერილი.

პალიმფსესტი

ხელნაწერი (ჩვეულებრივ ეტრატი), რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად.

"ეს არის უზარმაზარი აღმოჩენა ენათმეცნიერების თვალსაზრისით, ზაზა ალექსიძემ ეს ტექსი გაშიფრა და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვდარი ენა ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა".

მიუხედავად იმისა, რომ კახეთის ნაწილი და საინგილო ანტიკური ალბანეთის ნაწილი იყო, ბაქრაძის თქმით, საქართველოში აღნიშნული ანტიკური სახელმწიფოს ისტორიას დიდი ყურადღება არ ექცევა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მხოლოდ კოლხეთისა და იბერიის შთამომავლებად მიგვაჩნია თავი.

"ეს ტომები გაითქვიფნენ იმ ერებში, რომლებიც დღეს ცხოვრობენ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. მოხდა მათი დიდი ნაწილის არმენიზაცია სწორედ მაშინ, როცა არაბები შემოვიდნენ კავკასიაში. მანამდე კი, სპარსელების დროს, ფაქტობრივად დამარცხდა ალბანეთი, რომლის შემდეგაც, როგორც ჩანს, აღარ არსებობს დამოუკიდებელი ალბანეთის სახელმწიფო.

ტომების, რომლებიც წარმოადგენდნენ ალბანური სახელმწიფოს საფუძველს, ასიმილაცია მოხდა სხვების მიერ. ჯერ მოხდა ნაწილის გაქრისტიანება. როცა არაბები მოვიდნენ, დაიწყო ისლამიზაცია. მერე ამ ნაწილის თურქიზაცია მოხდა, რადგან ამ ტერიტორიაზე მოვიდნენ თურქული ტომები. ასე რომ, ჩვენ, სამმა დიდმა ერმა გავიყავით, შეგვიძლია ვთქვათ, მემკვიდრეობა ამ ძველი ალბანეთის. ქართველებმაც, სომხებმაც და იმ თურქულენოვანმა ხალხმა, რომელსაც დღეს აზერბაიჯანელები ჰქვია", — ამბობს იგი.

ბაქრაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მტკვრის სამხრეთით ყველა ქრისტიანულ ძეგლს შეიძლება რაიმე ალბანური ელემენტები ჰქონდეს, თუმცა მათი დიდი ნაწილი სომხურია. მისივე თქმით, ფსევდო-ისტორიკოსების გამო, რასაც პოლიტიკური მიზნებიც ემატება, ყველა ეს ქრისტიანული ძეგლი მოულოდნელად ალბანურად გამოცხადდა. ძეგლების ამ დიდ ჯგუფში დავით გარეჯიც მოხვდა.

"როცა მოლაპარაკებები იქნება, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანული მხარე იტყვის, რომ შეიძლება, ეს ძეგლი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მათთან უამრავი ადამიანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ალბანური ძეგლია, ამიტომაც ასე ადვილად, მეგობრულად, როგორც ჩვენ გვინდოდა, ვერ გადაწყდება", — ამბობს ბაქრაძე.

ისტორიკოსის თქმით, დავით გარეჯი რომც იყოს ალბანური ძეგლი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

დავით გარეჯი, საბერები

ფოტო: შალვა ლეჟავა / საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

დავით გარეჯი, საბერები

ფოტო: შალვა ლეჟავა / საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

2019 წელს ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს სტრატეგიული სწავლებების ცენტრის წარმომადგენელმა ფუად ჩირაგოვმა განაცხადა, რომ სომხეთთან კონფლიქტის შემდეგ, კავკასიის ალბანეთის აზერბაიჯანული ქრისტიანული წარსული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მგრძნობიარედ აღიქმება. აზერბაიჯანს სურს აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის არის ამ წარსულის გამგრძელებელი და მისი მემკვიდრეც.

"უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში განვითარებული მოვლენები დაემთხვა მზარდ ანტი-თუქრულსა და ანტი-აზერბაიჯანულ პროპაგანდას. ჩვენ ვაკვირდებით ამ ნიადაგზე ფობიების სისტემურ და დაგეგმილ მცდელობებს, რაც მზარდ იმედგაცრუებას იწვევს ასევე ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში. ჩვენ მხოლოდ კარგი ურთიერთობების განზრახვა გვაქვს საქართველოსთან და ამ ურთიერთობების ხარისხი, დიდწილად, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, ეს ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მდგრადობის კარგი გამოცდა იქნება, რის შემდეგაც უფრო მეტად გავაცნობიერებთ ერთმანეთის მნიშვნელობასა და ღირებულებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობენ სხვა ძალები, ვინც ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დაზიანებით მოგებული დარჩება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს", — ამბობს ფუად ჩირაგოვი ამერიკის ხმასთან.

საზღვარი და გარეჯი საბჭოთა რეჟიმში

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ნომინალურად დაშლის მომენტში არსებული საზღვრებით არის აღიარებული. თუმცა როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, სიტუაციის ტრაგი-კომედია ისაა, რომ საზღვრები ფიზიკურად არასდროს არსებობდა.

მეცხრამეტე საუკუნემდე, სანამ რუსეთი იკავებდა ამ ტერიტორიებს და მათი ანექსია მიმდინარეობდა, საზღვრებზე საუბარი არც ყოფილა. უკვე რუსეთის იმპერიის პირობებში სხვანაირი ტერიტორიული მოწყობა არსებობდა — მაზრებისა და გუბერნიების საზღვრები სოფლებისა და თემების დონეზე რუკაზე იყო დადგენილი.

"რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, დაიწყო მსჯელობა თვითმმართველობის რეფორმის გატარებაზე და დავა, ძირითადად, სომხურ და აზერბაიჯანულ პარტიებს შორის. ქართული საზოგადოებაც იყო ჩართული, რომ არსებული ტერიტორიული-ადმინისტრაციული რუკა შეცვლილიყო და საზღვრები დაზუსტებულიყო. მარტივი ნაციონალისტური პროგრამების გამო, იყო გარკვეული მოლოდინი, რომ თვითმმართველობა იყო პირველი ნაბიჯი სრულფასოვანი თვითგამორკვევისკენ. ამიტომ ეს ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებსაც თვითმმართველობა უნდა მიენიჭებოდა, უნდა ყოფილიყო დომინირებული რომელიმე ერის მიერ. რეალობა ისეთია ამიერკავკასიაში, რომ რეალური ხაზების გავლება შეუძლებელი იყო, ამასთან მოსახლეობაც შერეული იყო", — ამბობს ხვადაგიანი.

მკვლევრის თქმით, საზღვრები ყოველთვის იცვლებოდა და პირობით ხასიათს ატარებდა, განსაკუთრებით კი საბჭოთა ეპოქაში. ამასთან, როცა საბჭოთა კავშირი შეიქმნა, მისი მოკავშირე არა რომელიმე ცალკეული რესპუბლიკა, არამედ ამიერკავკასიის ფედერაცია იყო (1922–1936).

"20-30-იან წლებში არასდროს საჯაროდ დიდად ეს თემა [საზღვრები] არ განიხილებოდა. უბრალოდ იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა. იყო საბჭოთა რეჟიმი და ის აკონტროლებდა ყველაფერს. ერთადერთი, საზღვრის პრობლემა იდგა გარე სამყაროსთან, მაგალითად თურქეთთან და სპარსეთთან და ამასაც ვერ აკონტროლებდა 40-იანი წლების მეორე ნახევრამდე. არ იყო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა განვითარებული და ვისაც უნდოდა, გადიოდა და გამოდიოდა ამ პირობით საზღვრებზე", — აღნიშნავს ხვადაგიანი.

მისივე თქმით, ბევრს არ ესმის 1938 წლის შეთანხმების გარშემო არსებული კონტექსტიც — როცა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა დიდი ტერორის ფონზე დაიშალა და კომუნისტური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი თვითონ რეჟიმმა გაანადგურა. როგორც ხვადაგიანი უწოდებს, ეს იყო ფორმალური, სწრაფი, ზერელე გამიჯვნა.

ამ პერიოდში არ იდგა არც კულტურული ძეგლებისა და მემკვიდრეობის განაწილების საკითხი. როგორც ხვადაგიანი განმარტავს, რეჟიმს საკმაოდ ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, ძალიან ცოტა ძეგლს იცავდა და არც დავით გარეჯთან დაკავშირებით ჰქონდა რაიმე სენტიმენტები.

დავით გარეჯი, დიდი ქვაბების მონასტერი

ფოტო: შალვა ლეჟავა / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ძეგლებზე ზრუნვისა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი დღის წესრიგში 80-იან წლებში დადგა, როცა გარკვეული ეროვნული მოძრაობები დაიწყო. გარეჯის თემაც სწორედ აქედან გააქტიურდა.

"გამოვდივართ იქიდან, რომ რადგან დაშლის მომენტში საზღვრები არსებობდა, ვიღებთ ამას სახელმძღვანელოდ. ეს არის დღევანდელი საკმაოდ რთული, ხანგრძლივი, კომპლექსური, დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესი, როცა ორმა თანამედროვე სახელმწიფომ ამ მემკვიდრეობის ფონზე უნდა გადაწყვიტოს, გარკვეული კომპრომისი უნდა მიიღოს, რომ გაიაროს რეალურმა საზღვარმა", — აღნიშნავს ხვადაგიანი.

პოლიტიკური პროცესები

ისტორიული ძეგლის ზონის გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმისთვის, რომ ორმა მეზობელმა მონიშნოს ტერიტორია, არამედ იმისთვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს, რა ბედი ეწევა გარეჯს. მისი მცირედის "ჩამოჭრაც" კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფი უზარმაზარი კომპლექსის ერთიანობას არღვევს.

ძეგლზე საუბრისას ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისთვის მხოლოდ კარტოგრაფიის გამოყენება სწორი არ იქნება, რადგან შესაძლებელია კარტოგრაფიული მასალებით ხშირად ეგ ტერიტორია არ ჩანდეს საქართველოს ნაწილად.

მას მიაჩნია, რომ კომპლექსში მოხვედრა ყველანაირი წინაღობის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი და და თუ აზერბაიჯანს სურს გარეჯი ტურისტული მიზნებით გამოიყენოს, ამის საშუალებაც უნდა მივცეთ. ბაქრაძე საუბრობს ბერთუბნის მონასტრის მნიშვნელობაზეც, სადაც არის ძველი ქართული ფრესკები და ამ ეტაპისთვის მათი შემოწმების საშუალება არ გვეძლევა.

იგი აღნიშნავს, რომ გასულ წლამდე ჩიჩხიტურსა და უდაბნოში სიარული შეგვეძლო და ეს მომავალშიც ასე უნდა იყოს. ამასთან, უნდა არსებობდეს გარანტიები, რომ პრობლემა არასდროს შეიქმნება.

"ჩვენ ვამბობთ, რომ მეგობარი ქვეყნები ვართ და არ შეგვიძლია ასეთ, ერთი შეხედვით, ადვილ თემატიკაზე მოვილაპარაკოთ. და რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება გამოსავლის პოვნა. თუნდაც ეს ალბანური თემა უცბად ჩაერთო. მე მაგალითად, არ მახსოვს, რომ 90-იან წლებში ვინმეს ამაზე სერიოზულად ესაუბრა. მაგრამ დღეს ეს კარტიც თამაშდება. ამ შემთხვევაში, არანაირი მეგობრობისათვის არ ღირს, ხელი ჩავიქნიოთ და ვთქვათ, რომ თხემზე გადის საზღვარი და ამას ადვილად ვეგუებით".

ბერთუბანი, სატრაპეზო

ფოტო: ლაშა ლეჟავა / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

დაძაბავს თუ არა ე.წ. კარტოგრაფების საქმე აზერბაიჯანთან ურთიერთობას? კითხვაზე ირაკლი ხვადაგიანი პასუხობს, რომ ეს უკვე მოხდა. მას მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესებში რუსული კვალი იკვეთება და ქვეყნის შიგნით მსგავსი მოვლენები მხოლოდ მესამე ქვეყნებისთვის იქნება მომგებიანი:

"როდესაც მეზობელი სახელმწიფო ხედავს, როგორი ხატი იქმნება მის შესახებ, როგორი კარტბლანში აქვს მიცემული ამ ტიპის აქტივობებს და საიდან მოდის ეს აქტივობები, მისთვის ეს არის უკვე საკმარისი საფუძველი იმისა, რომ უფრო მობილიზდეს და მკაცრი პოზიციები დაიკავოს".

მკვლევრის აზრით, "სკანდალის გახეთქვას" წინ უძღვოდა სიტუაციის გაცხელების ფაზა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს გარეჯში პრეზიდენტის ჩასვლით დაიწყო.

ისტორიული კომპლექსის გარშემო დაწყებული ახალი განხილვები ყარაბაღში მიმდინარე საომარ ვითარებასაც დაემთხვა. მთიან ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერს დაიწყო, კარტოგრაფების საქმის შესახებ კი საჯაროდ 29-ში გახდა ცნობილი.

კონფლიქტის დაწყებიდან 44 დღის თავზე მთიან ყარაბაღში მრავალწლიანი სისხლისმღვრელი ომი დასრულდა. აზერბაიჯანმა ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა, სომხეთი დამარცხდა, ხოლო რუსეთმა მთიან ყარაბაღში, კერძოდ ლაჩინის დერეფანში თავისი სამშვიდობოები განალაგა.

მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანთან ინტერვიუს ჩაწერისას, სამშვიდობო შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ იყო. თუმცა იგი აღნიშნავდა, რომ დავით გარეჯის საკითხზე გარკვეულწილად დიდ გავლენას იქონიებს, როგორი სტატუსით გამოვა იქიდან აზერბაიჯანი. ხვადაგიანის აზრით, გამარჯვების შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები რუსეთთან კიდევ უფრო დათბება:

"ეს იქნება გამარჯვებული, გაძლიერებული, ავტორიტეტგამტკიცებული ქვეყნის ხელისუფლება ილჰამ ალიევის სახით, რომელთანაც ჩვენ აღმოვჩნდებით პრეტენზიულ ფორმატში, აი, თქვენ რაღაც ტერიტორიებს გვართმევთ და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ამ უკვე ახალ ფორმაციაში და ახალ განზომილებაში მყოფი მეზობლის განწყობა და ახალი პოლიტიკა ჩვენ მიმართ?"

ლაშა ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ საზღვრების გამიჯვნის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი დისკუსიის საგანი გახდა, სერიოზულ კონფლიქტს არ წარმოშობს, რადგან ის იქნება დამღუპველი ორივესთვის და მხოლოდ მესამე ქვეყნისთვის იქნება საინტერესო.

რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღმოჩენილ რუკებსა და მასალებზე აზერბაიჯანი — ჯერ უცნობია. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, სამთავრობო კომისიების სხდომის ჩანიშვნა მათ უახლოეს მომავალში მოითხოვეს. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი რუკების მოძიების შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში ვიზიტისას, ჯერ კიდევ 24 სექტემბერს შეატყობინეს.

მაშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საზღვრის შესახებ ზოგადი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი და სათუთი საკითხია და ორივე მხარე მოზომილი უნდა იყოს განცხადებებში, რათა ურთიერთობები არ დაზიანდეს. მინისტრისვე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორს არ არსებობს საკითხები, რომლებიც არ მოგვარდება. მან იმედი გამოთქვა, რომ საზღვრის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.