საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათ წინ ბევრი პროვოკაცია ელით, თუმცა არავის უნდა მიეცეს საშუალება, რომ "ჩრდილი მიაყენოს" მათ გამარჯვებას. ამის შესახებ გახარიამ ხობში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას წარდგენისას განაცხადა.

„ჭალადიდი-ფოთის გზის, სამეგრელოსთვის ცნობილი გზის განათების ტენდერი გამოცხადდა. აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, უამრავ სიცოცხლეს გადავარჩენთ ამით. ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ რაიონებისთვის. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კომფორტული, ღირსეული პირობები შევუქმნათ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ხობში და სამეგრელოში ყველგან", — აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი ის უნდა იყოს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერ კუთხეში შეეძლოთ, "ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ" თავიანთი ოჯახები, ამისთვის კი, გახარიას განცხადებით 31 ოქტომბერს "ღირსეული" გამარჯვებაა საჭირო.