არა, ჩინეთში დინოზავრის კლონი არ შეუქმნიათ
ბოლო დროს, სოციალურ ქსელში აქტიურად ზიარდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ უჭირავს თეთრხალათიან ადამიანს ხელში პატარა დინოზავრი, რომელიც თავს აქნევს და ხმებს გამოსცემს.
ბევრგან ეს ვიდეო ზიარდება, როგორც დასტური იმისა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა დინოზავრი "გააცოცხლეს". მათ შორის, ერთ-ერთი ქართველი ფეისბუქმომხმარებელი, რომლის მიერ გავრცელებულ პოპულარულ პოსტსაც ქვემოთ ხედავთ, ამტკიცებს, რომ [ტექსტი უცვლელად] - "ჩინელმა მეცნიერებმა, აღმოჩენილი DNM მასალისგან, ხელოვნურად გაზარდეს დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა. მათი განცხადებით კარგად ვითარდება და გამოირჩევა აგრესიულობით. დინოზავრები დედამიწაზე რამოდენიმე მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ. და მათ კიდევ გააცოცხლეს. ჯერ კორონა შემოგვასიეს ეხლა იმდია დინოზავრებს არ გამოყრიან და არ შემოგვასევენ გაგიჟდა ეგ ხალხი“.
აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ვიდეო საკმაოდ რეალისტურ დინოზავრის თოჯინას ასახავს და თეთრხალათიანი ადამიანი ამ თოჯინას ხელით აკონტროლებს, დინოზავრის თოჯინისთვის კი "ყალბი ხელი" აქვს შემოხვეული. ესეც რომ არა, დინოზავრების რეალისტური და უფრო დიდი რობოტებიც არსებობს, რომლებიც თავისით მოძრაობენ და ხმებსაც გამოსცემენ. ინტერნეტში მათი ხილვაც ვერ იქნება იმის საბუთი, რომ რომელიმე ქვეყანაში მათი კლონი შეიქმნა.
ზუსტად იგივეს - დინოზავრის თოჯინის ხელით მართვას ვხედავთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოშიც, რომელიც 2019 წელსაა ატვირთული. თუმცა აქ უფრო ცხადად ჩანს, რომ პატარა დინოზავრის თოჯინა ადამიანის ხელითაა მართული.
ვიდეო, რომელიც ახლა აქტიურად ვრცელდება ქართულ სოციალურ სივრცეებში, სექტემბრის მიწურულს, Jurassic Outpost-მა განათავსა ტვიტერზე, წარწერით: "ნამდვილი პატარა დინოზავრი? ნახეთ, Jurassic World-ის გამოფენას ახალგაზრდა პარაზავროლოფი (დინოზავრის სახეობა) დაემატა". Jurassic Outpost ფილმ Jurassic Park-ის ფან საიტია, Jurassic World კი გამოფენა, რომელიც ამ ფილმს ეძღვნება.
უფრო კონკრეტულად, Jurassic World-ის გამოფენა, იგივე სახელის ფილმზე დაყრდნობით შექმნილი ღონისძიებაა, სადაც ადამიანებს ფილმში წარმოდგენილი დინოზავრების რეალისტური თოჯინების დათვალიერება შეუძლიათ.
ისიც უნდა ითქვას, რომ Jurassic Park-ის და Jurassic World-ის ფილმებში წარმოდგენილი დინოზავრები, სინამდვილეში, სავარაუდოდ, ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. ისინი ფრინველებს უფრო გავდნენ, ვიდრე რეპტილიებს. მეტად დაინტერესების შემთხვევაში კი, გამოფენის შესახებ უფრო ვრცელი ვიდეოს ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ:
კომენტარები