დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი — მუდმივი დანაკარგის ციფრული გამოფენა
როცა ომის საზარელ შედეგებზე ვსაუბრობთ, მაშინვე გვახსენდება ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცები, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები, დაკარგული საცხოვრებელი ადგილები თუ ტერიტორიები, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ომი თითქმის ყოველთვის ისე აქრობს ადამიანებსაც, რომ მათი ბედის შესახებ არაფერი ვიცით — არც უბედური და არც სანუგეშო ცნობები.
დიახ, თუ ვეცდებით, რომ ომის მიერ გამოწვეული უსაზღვრო ზიანი როგორმე ციფრებში ავსახოთ, ეკონომიკურ დანაკარგებთან და დაღუპულ მოქალაქეებთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სახელი-გვარებიც შეგვრჩება, რომელთა მდგომარეობა თუ ადგილსამყოფელი ყველასთვის უცნობია. მხოლოდ საქართველოში 1990-იანი და 2008 წლების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებისას ასეთი 2352 პირია, ვისმა ოჯახებმაც დღემდე არაფერი უწყიან მათი ხვედრის შესახებ.
როგორც ამ ათასობით გაუჩინარებული ადამიანის, ისე მათი ოჯახის წევრების პატივსაცემად საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციამ ხელოვან თამუნა ჭაბაშვილთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნის შენარჩუნებასთან ერთად მათი ახლობელი ადამიანების მრავალწლიანი მოლოდინის ყველასთვის შეხსენებას ისახავს მიზნად.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ამ პროექტის შედეგები დამთვალიერებელს ფიზიკურ სივრცეში ეხილა, თუმცა პანდემიის გამო ეს ფორმატი შეიცვალა და გამოფენა ციფრული სახით სამ — ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი, რაც ნებისმიერ მსურველს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ ღილაკზე თითის დაჭერით სხვების ისტორიების თანამონაწილე გახდეს და მათი სევდა, ტრაგედია და მწუხარება გაიზიაროს.
დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი — ასე ჰქვია ერთგვარ მხატვრულ ნამუშევარს, რომელიც ციფრული ფორმატით გვაძლევს საშუალებას, წავიკითხოთ ამბები და მოვისმინოთ იმათი ხმები, ვინც უახლოესი ადამიანები ბოლო 30 წლის განმავლობაში დაკარგა.
მათი ისტორიები ამ პროექტის ფარგლებში სპეციალურად შეგროვდა და სხვადასხვა თემატურ ნაწილებად დაიყო: იქნება ეს იმედი, მოგონება, მოლოდინი თუ სევდა. სწორედ ეს რამდენიმე საერთო ემოციის მქონე ამბები ერთი დიდი ტრაგედიის სხვადასხვა ტოტად შეიკრა ციფრულ პლატფორმაზე და საბოლოოდ ხის ფორმა მიეცა — როგორც სიცოცხლისა და მუდმივობის სიმბოლო.
როდესაც ამ მწუხარებისა და დანაკარგის ტყეს ესტუმრებით, სწორედ კონკრეტული ტოტისა თუ ხის საშუალებით ამა თუ იმ თემის ქვეშ გაერთიანებული ამბების ნაწყვეტებს გაეცნობით, ამავდროულად შეგიძლიათ, ხმოვანი სახით მოისმინოთ თავად ამ ისტორიების გმირების ხმები, რომლებიც წლობით გაწელილი მოლოდინის გამოძახილია.
მართალია, დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი თავის თავში სწორედ იმ ადამიანების ხსოვნას აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროსა და ადგილას გაუჩინარდნენ, მაგრამ მეტწილად იმათ ტრაგედიაზე მოგვითხრობს, ვისაც სწორედ ამ დაკარგული პირების მოგონებები შემორჩა: მათი ტკივილი, მონატრება და სასოწარკვეთა არსად გამქრალა.
ეს ისტორიები ყველას ხელშესახებად გვაგრძნობინებს იმ გამოცდილებას, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლებს წლების განმავლობაში დაუგროვდათ. თუ ბევრისთვის ომი ისტორიის ფურცლებზე შემორჩა და მხოლოდ ხანდახან შეახსენებს თავს, ამ ადამიანების ყოველდღიურობიდან ის არც გამქრალა, რადგან ომმა მათ ჩაუნაცვლებელი, აუნაზღაურებელი დანაკარგი დაუტოვა.
პლატფორმაზე თავმოყრილი ლექსების, სიზმრებისა თუ ფრაზების ოკენესავით ღრმა და უსაზღვრო ტკივილში მაშინ დარწმუნდებით, როცა გააცნობიერებთ, რომ აქ, ჩვენ გვერდით დარჩენილი ადამიანები დღემდე ინარჩუნებენ იმედს, რომ ერთხელაც მათი საყვარელი ადამიანები დაბრუნდებიან. ან პირიქით — ნატრობენ, თუნდაც სამწუხარო ინფორმაცია მაინც გაიგონ მათ შესახებ, რადგან მუდმივი კითხვების გარეშე ცხოვრებას, რომელთაც პასუხები არ მოეძებნება, ყველაფერი სჯობია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი ომის პირდაპირი შედეგების გამოძახილია, ის არ მოიცავს კონფლიქტების ნებისმიერი მხარის პოზიციას ან პოლიტიკურ ფონს. აქ თავმოყრილია ქართველი, აფხაზი და ოსი ოჯახების ისტორიები ისე, რომ ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ამ ამბების მიღმა, ვის მწუხარებასაც ვიზიარებთ.
ეს კი ერთ მარტივ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იდეის გაცნობიერებაში გვეხმარება: მწუხარებას არ აქვს ეროვნება. ჩვენ უბრალოდ შიშველი ისტორიებით, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ვიღებთ იმ ტრაგედიას, რომელთან გამკლავებაც ამ ამბების გმირებს ყოველდღიურად უწევთ. ეს არ არის ჩვენი ან სხვისი ტრაგედია, ეს საერთო, ადამიანური დანაკარგია.
"მწუხარებას არ აქვს ეროვნება. ჩვენ საერთო ცის ქვეშ ვცხოვრობთ; ჩვენი ტკივილი ერთნაირია" — ამბობს დედა, რომელმაც ომში ვაჟი დაკარგა.
ამ პროექტის მიზანი არ ყოფილა კითხვებზე პასუხის პოვნა ან გამოსავლის ძიება. ეს მონუმენტი მცდელობაა, მოვუსმინოთ ამ ადამიანებს, გავიგოთ მათი გასაჭირი, წარმოვიდგინოთ ის ტკივილი, რასაც შეიძლება გრძნობდნენ და მათი გამოცდილება გავიზიაროთ. ამ გზით არა უბრალოდ დამთვალიერებლები ან მსმენელები, არამედ მონუმენტის თანაავტორებიც ვხდებით, რაც მას სტატიკურ, სკულპტურულ სახეს კი აღარ აძლევს, არამედ სიცოცხლეს შთაბერავს.
ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია, რომ ის უკვალოდ გაქრება. ომში გაუჩინარებული პირები, მართალია, ფიზიკურად დაკარგულები არიან, თუმცა მათი გამოსახულება და მოგონებები მათივე საყვარელი ადამიანების ხსოვნაში კვლავ არსებობს.
ოჯახის ამ წევრებს კი იმის წარმოდგენაც ზარავთ, რომ არა მხოლოდ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული მათი ახლობლები, არამედ თავადაც გაქრებიან ჩვენი საერთო მეხსიერებიდან. შესაბამისად, როცა დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტის საშუალებით მათ ხმებს ვისმენთ, ამით სწორედ დავიწყებას ვუწევთ წინააღმდეგობას: შეიძლება, მათი სადარდებელი ყოველდღიურად ჩვენთვის ხილული არ არის, მაგრამ მათი ხმები ჩვენს მეხსიერებაში დაიდებს ბინას.
კომენტარები