როგორ დავიცვათ თავი Covid-19-ისგან არჩევნებში ხმის მიცემის დროს
2017 წლიდან მოყოლებული, ზეკ დანი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მუშაობდა. ეს 39 წლის ტელე-პროდიუსერი ამბობს, რომ ამ გზით იგი თავის სამოქალაქო მოვალეობას ასრულებს და თან მეზობლებთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას. მაგრამ გასულ ივნისს მას არ უმუშავია ნიუ იორკის შტატში ჩატარებულ წინასწარ არჩევნებში, რადგან ის შვილს ელოდება, ამიტომ მას არ უნდოდა რისკზე წასვლა და მისი შვილის საფრთხეში ჩაგდება. მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულში ნიუ იორკში კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო, დანმა გადაწყვიტა, რომ ნოემბრის არჩევნებში ისევ ჩართულიყო საარჩევნო უბანზე სამუშაო პროცესში, თუმცა ახლა მას ისევ აწუხებს ეს საკითხი.
"მე შეშლილი არ ვარ, რისკი მართლა არსებობს". ამბობს ის. "თუ არჩევნები ისევ ისეთი ფორმით ჩატარდება, როგორც აქამდე, მაშინ ეს საარჩევნო უბანზე მუშაობა ყველა იმ გაფრთხილებაზე უარის თქმას ნიშნავს, რასაც აქამე ჯანდაცვის ორგანიზაციები გვაძლევდნენ.12-14 საათის გატარება ერთ უბანზე სხვა მომუშავეებთან ერთად, ასევე ასობით ამომრჩეველთან ურთიერთობა ძველ შენობაში, რომელიც თითქმის არ ნიავდება, ეს ყველაფერი საკმაოდ ზრდის ინფექციის გავრცელების რისკებს".
დანი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად იგი მაინც იმუშავებს და რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილი იყო. "იმაზე დავფიქრდი, თუ რამდენი ხანდაზმული ადამიანი იმუშავებს ამ დღეს ჩემსავით. თუ ჩემი იქ მისვლით შეიძლება მათთვის ამ სამუშაოს, და შესაბამისად, უამრავ ადამიანთან კონტაქტის თავიდან არიდება, მაშინ სიამოვნებით წავალ ამ დათმობაზე. ის უბანზე რამდენიმე KN95 ნიღბით მისვლას გეგმავს, რაც 0.3 მიკრონზე უფრო დიდი ზომის მიკრობების 95%-ისგან გვიცავს.
ივნისში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოსცა გაიდლაინები, რათა დახმარებოდა ადამიანებს, შეემცირებინათ ინფიცირების რისკი საარჩევნო უბნებზე. მათი რეკომენდაციით, ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და ზედაპირებისა და საარჩევნო აღჭურვილობის დეზინფექცია დაავადების გავრცელების რისკს საგრძნობლად შემაცირებს. ის ადამიანები კი, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, ან რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულ პირებთან, სჯობს სახლში დარჩნენ.
"ყველა მოხელე ვალდებულია, დაიცვას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციები, ატაროს ნიღაბი და შეინარჩუნოს სოციალური დისტანცია", - ამბობს პერი ბრაუნი, ფლორიდას უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი. "ერთადერთი გზა, რომ შევამციროთ ინფექციის გავრცელება, რეკომენდაციების დაცვაა". ბრაუნის აზრით, ასევე უნდა დაწესდეს მეთვალყურეობა საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის ტარებაზე. მისი რეკომენდაციით, ამომრჩევლებმა საარჩევნო უბანზე სადეზინფექციო საშუალებები უნდა წაიღონ და კაბინაში შესვლისას სწრაფად გაწმინდონ ზედაპირები, სანამ რამეს შეეხებიან.
"ამომრჩევლებმა ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, იცავს თუ არა მათი საარჩევნო უბანი ინფექციის კონტროლის პროტოკოლს და თუ არ იცავს, ამაზე საჯაროდ უნდა ისაუბრონ", - ამბობს ლენორა კემპბელი, ჩრდილოეთ კაროლინას აგროკულტურული და ტექნიკური სახელმწიფო უნვიერსიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მეცნიერებების კოლეჯის დეკანი. მისი აზრით, უბანზე მომუშავეებს უნდა ჰქონდეთ რაიმე გეგმა იმისა, თუ როგორ გაუმკლავდებიან ნებისმიერ ამომრჩეველს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ნიღბის ტარებაზე უარს ამბობენ. "საარჩევნო უბნებზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა", - ამბობს იგი.
მაიკლ კოჰანსკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის რინოლოგი, ფიქრობს, რომ უმჯობესია ამომრჩევლები ისეთ დროს წავიდნენ არჩევნებზე, როცა უბნები ყველაზე ნაკლებად იქნება დატვირთული.
ივლისში, ავსტრალიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჰაერის ხარისხის საერთაშორისო ლაბორატორიის დირექტორის, აეროზოლების მეცნიერ - ლიდია მორავსკას თანაავტორობით გამოიცა ღია წერილი კლინიკურ ინფექციურ დაავადებებზე, რომელშიც მათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს მიმართებს მოთხოვნით, რომ ეღიარებინათ კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის საფრთხე. იმავე კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეასწორა თავისი პროტოკოლი, რათა საზოგადოებისთვის ვირუსის ამ გზით გადაცემის საფრთხე ემცნოთ. 5 ოქტომბერს მსგავსი შესწორება შეიტანა CDC-მაც. მორავსკა ამბობს, რომ ოფიციალურმა პირებმა არჩევნებზე რაც შეიძლება აქტიურად უნდა გაანიავონ საარჩევნო უბნები, რათა შეამცირონ ჰაერწვეთოვანი გზით დაავადების გავრცელების რისკი.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ჩვენც მოგვიწევს გარკვეული რეგულაციების დაცვა. საარჩევნო უბნებზე წესები შეიცვალა და აუცილებელია, უბანზე პირბადით მისვლა. იმ შემთხვევაში კი, თუ ამომრჩეველს საკუთარი არ ექნება, მას ადგილზე შესთავაზებენ ნიღაბს. ასევე, უსაფრთხოების მიზნით მათ ერთჯერადი კალმები დაურიგდებათ.
ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ეხება და ტემპერატურას მხოლოდ დამკვირვებლებსა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებს გაუზომავენ.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. მოქალაქეებს კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევთ:
- ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს;
- პირადობის მოწმობაში ან პასპორტში სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.
პირბადის გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ იქნება სავალდებულო, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება უჭირთ და ეს დასტურდება სამედიცინო ცნობით.
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სპეციალური ჯგუფები მობილური ყუთებით მოემსახურებიან.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, არჩევნებზე სიცხის დაფიქსირების მიუხედავად, ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ შეეზღუდება.
კომენტარები