ნახეთ ადრეული სამყაროს ყველაზე დიდი რუკა, რომელზეც უნიქორნები და სირინოზებია დატანილი
ექსპერტებმა აღადგინეს ადრეული ეპოქის ყველაზე დიდი რუკა, რომელზეც მითიურ წარმოდგენებში არსებული სამყაროა დატანილი.
ეს ხელით ნახატი რუკა სულ რაღაც 430 წლის წინ შექმნა ურბანო მონტემ. საუკუნეების შემდეგ, კოლექციონერმა დევიდ რამსიმ და მისმა დისშვილმა გულმოდგინედ დაასკანერეს ეს ნახატები, გააციფრულეს და ატლასის სამოცივე გვერდი ერთ რუკად გააერთიანეს ისე, როგორც ავტორს ჰქონდა გამიზნული.
მიუხედავად იმისა, რომ რუკის ავტორზე დღეს თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, მისი ნამუშევრიდან ნათლად ჩანს, თუ რა წარმოდგენა ჰქონდათ სამყაროზე ადამიანებს XVI საუკუნეში.
1587 წელს მილანში შექმნილი ეს რუკა თავისი დროისთვის საკმაოდ დახვეწილია და დეტალურად გვიჩვენებს მთელ სამყაროს. იგი შექმნილია ჩრდილოეთ პოლუსის პერსპექტივიდან, ამ მეთოდს კი მაშინ არც ისე ხშირად მიმართავდნენ კარტოგრაფები. რუკიდან ვიგებთ, რომ თავის თანამედროვეებთან შედარებით, მონტეს უფრო დეტალურად აქვს დახატული იაპონია და ამ ქვეყნის სხვადასხვა ადგილები თავისი სახელწოდებებით, ეს კი ალბათ იმიტომ, რომ 1585 წელს მონტე შეხვდა იაპონელთა დელეგაციას, რომლებიც მილანს ესტუმრნენ, წერს დევიდ რამზი თავის საიტზე.
თუმცა რუკაზე გარკვეულ უზუსტობებსაც ვხვდებით, მაგალითად ცალრქიან ცხენებს (ე.წ. უნიქორნებს) და სირინოზ კაცებს, რომლებიც ადამიანთა გემებს ესხმიან თავს.
რა თქმა უნდა, მონტეს რუკას Google maps-ს ვერ შევადარებთ, მაგრამ არარეალურობის მიხედვით, ის ნაკლებად საინტერესო არაა.
ამ უჩვეულო ნახატით ავტორმა ხაზი გაუსვა დედამიწის ფორმას.
"მონტე ცდილობდა ორგანზომილებიანი სიბრტყის გამოყენებით სამგანზომილებიანი სურათის ჩვენებას რაც შეიძლება მეტი სიზუსტით", — ამბობს რამზი, — "და დამახინჯებულ სამხრეთ პოლუსს თუ არ ჩავთვლით, მან წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას."
როდესაც ამ სურათებს ნაცნობი რუკის ფორმა მივეცით, უკეთესად გამოჩნდა როგორც გარკვეული დეფორმაციები, ასევე ჩვენთვის ნაცნობი და საკმაოდ ზუსტი ფორმებიც. რამზის კარტოგრაფიის ასოციაციის მიხედვით "ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მონტესეული ანტარქტიდა აცდენილია რეალობას, რამაც XVI საუკუნეში ამ კონტინენტის შესახებ არსებულ სპეკულაციებს კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა."
კომენტარები