ახალი მტკიცებულებების მიხედვით, იმაზე ბევრად მეტი მოსიარულე თევზი არსებობს, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

მკვლევართა გუნდი ასეთ სახეობებს დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთ ნაწილში გადააწყდა. გუნდი წყალქვეშა დრონის მეშვეობით ფსკერს აკვირდებოდა, როდესაც იშვიათი მოსიარულე თევზები დააფიქსირეს. მათ მიერ ნაპოვნ სახეობას Rhinopias agriloba ეწოდება და იგი, როგორც წესი, ჰავაის წყლებში გვხვდება. მოსიარულე თევზი — ამ ფრაზით ისეთ სახეობას აღწერენ, რომლებიც საკუთარ ფარფლებს ოკეანის ფსკერზე ნავიგაციისთვის იყენებენ ისე, როგორც ჩვენ ვიყენებთ მიწაზე ფეხებს.

"თევზი წითელი იყო და იგი თავისი წინა ფარფლებით ისე გადაადგილდებოდა, თითქოს ხელები ყოფილიყო. საბედნიეროდ, ჩვენთან ერთად თევზების ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც გვითხრეს, რომ მსგავსი რამ აქამდე ავსტრალიაში არასდროს დაფიქსირებულა", — განაცხადა ჯეიმზ კუკის უნივერსიტეტის პროფესორმა, რობინ ბიმენმა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში მოსიარულე ზვიგენების ოთხი ახალი სახეობა ჩრდილოეთ ავსტრალიისა და ახალი გვინეის წყლებში აღმოაჩინეს.

"სიგრძეში საშუალოდ ერთ მეტრზე ნაკლები მოსიარულე ზვიგენები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათი უნარი იარსებონ თითქმის უჟანგბადო გარემოში და ფარფლები სასიარულოდ გამოიყენონ, მოლუსკებსა და სხვა პატარა სახეობებზე ნადირობისთვის მათ აღსანიშნავ უპირატესობას ანიჭებს", — განაცხადა ქვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლვარმა კრისტინ დოჯენმა.

ფოტო: Schmidt ocean institute

აღნიშნულ 4 ახალ სახეობას კიდევ 5 სხვა სახეობაც შეუერთდა. ისინი ძირითადად ჩრდილოეთ ავსტრალიისა და ახალი გვინეის სანაპირო წყლებში ბინადრობენ. ამჟამად უცნობია, თუ რატომ გვხვდება ეს სახეობები ამ ტერიტორიებზე და რატომ ვერ მოახერხეს მათი გვარის სხვა წარმომადგენლებმა ფარფლებით სიარული, თუმცა გუნდი კვლევებს განაგრძობს და მათ იმედი აქვთ, რომ სულ მალე მოსიარულე თევზების შესახებ მეტი გვეცოდინება.