Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.

კრემლის მორიგი აბსურდული ბრალდება და საქართველოს დადანაშაულების მცდელობა ხაბაროვსკის ოლქში მიმდინარე მასობრივი პროტესტის ორგანიზებაში

ფოტო: Igor Volkov / AP / TASS / The Moscow Times

მაშინ როდესაც ათასობით რუსეთის მოქალაქე გამოვიდა კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხაბაროვსკში, კრემლი პროცესებში არარსებულ ქართულ კვალს ეძებს.

რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონში საპროტესტო აქციების მიზეზი ახლადარჩეული გუბერნატორის დაპატიმრება გახდა. სერგეი ფურგალი, რომელმაც 2018 წლის გუბერნტორის არჩევნებში პუტინის პარტიის რჩეული კანდიდატი დაამარცხა, ივლისის თვეში 2004-2005 წლებში განხორციელებულ მკვლელობებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს და მოსკოვის საპატიმროში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პუტინმა რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად კრემლთან დაახლოებული პირი, მიხაილ დეგტიარიოვი დანიშნა, რომელსაც მანამდე ამ რეგიონთან არავითარი შეხება არ ქონია. RTVI-სთან ინტერვიუს დროს, რომელსაც Youtube-სა და ტელევიაზიაში ასეულ ათასობით ადამიანმა უყურა, დეგტიარიოვმა საქართველო ხაბაროვსკში მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და რეგიონში პროვოკაციული ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც TASS.RU-სა და RIA.RU-ს მიერ გავრცელებულ დეგტიარიოვის ბრალდებებს ხაბაროვსკში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ, დეზინფორმაცია უწოდა. განცხადებაში ასევე უარყოფილია მეორე ბრალდება, თითქოს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რუსეთში მოღვაწე ბლოგერი, ალექსეი რომანოვი, საქართველოდანაა.


აზერბაიჯანის პრო-სახელისუფლებო მედია საქართველოს სომხეთისთვის იარაღის ტრანზიტში ადანაშაულებს

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ქართული მხარე მუდმივად ცდილობს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, თუმცა სასაზღვრო რეგიონ თოვუზში (ყარაბაღის რეგიონს გარეთ) გაჩაღებულმა კონფლიქტის ახალმა კერამ საქართველოსთვის შესაძლოა გარკვეული უხერხულობები გამოიწვიოს (აზერბაიჯანი და სომხეთი, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ამ ფაზის ინიცირებაში, რომელიც ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა 2016 წლის შემდეგ).

სომხეთთან კონფლიქტის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აზერბაიჯანი შეეცადა დაერწმუნებუნა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ერევანი სამხედრო ესკალაციისთვის წინასწარ ემზადებოდა. Haqqin.az-მა, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიად მიიჩნევა, საქართველო მისი ტერიტორიის გავლით, კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთის მიმართულებით სერბეთიდან და რუსეთიდან იარაღის ტრანზიტში დაადანაშაულა. Haqqin.az-ის მტკიცებით, სომხეთმა საქართველოს გავლით სერბეთიდან ნაღმსატყორცნი დანადგარები და MLRS გრადის სისტემები, ხოლო რუსეთიდან რაკეტების გამშვები სისტემებით აღჭურვილი Kamaz-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები მიიღო, რომლებიც მოგვიანებით სომხურმა მხარემ თოვუზის რეგიონში აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია "დეზინფორმაციას" წარმოადგენს და "რამდენიმე ფაქტობრივ შეცდომას" შეიცავს. თავის ხრივ, აღნიშნულ განცხადებას აზერბაიჯანულმა გამოცემამ ფოტოების გამოქვეყნებით უპასუხა, რომლებზეც, მათი ინფორმაციით, გამოსახული იყო რუსული Kamaz-ის ტიპის სატვირთოები ტრანზიტული სანომრე ნიშნებით, რომლებსაც გადაჰქონდათ ტვირთი (რომლის ზუსტად იდენტიფიცირებაც სურათებიდან შეუძლებელია). გამოცემის მიხედვით, ეს სურათები კონფლიქტის გაღვივებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს იყო გადაღებული. გამოცემამ ასევე დასძინა, რომ სერბეთიდან სომხეთისთვის მიწოდებულმა სამხედრო ტვირთმა საქართველოს საჰაერო სივრცეში გაიარა. ამავე ინფორმაციით, საჰაერო გადაზიდვებს კომპანია Vectura Trans-ი აწარმოებდა, რომელიც ცნობილ სერბ იარაღის დილერთან, სლობოდან ტესიჩთანაა აფილირებული, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო აშშ-ის სანქციების სიაში იმყოფება.

ფოტო: Georgia Watch Briefing

ფოტომანიპულაცია ბერლინში გამართულ აქციასთან დაკავშირებით

2 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა — ყოველდღიური მოვლენები და კრემლისტურმა მედიამ— News Front Georgia გამოაქვეყნეს ფოტო, რომელიც ხალხის თავყრილობას ასახავდა. როგორც ისინი ამტკიცებენ, ფოტო უკავშირდებოდა ბერლინის აქციას, რომელიც 1 აგვისტოს COVID-19-ის შეზღუდვების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ გავრცელებული ფოტო არ ასახავდა ბერლინის მოვლენებს და რეალურად 2019 წელს შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხის ტექნო მუსიკის ფესტივალზე იყო გადაღებული. ბერლინის შესახებ მსგავსი დეზინფორმაცია უცხოურ მედიაშიც გავრცელდა, რომელიც ფოტომანიპულაციის გარდა დემონსტრანტების მანიპულაციურად გაზრდილ რიცხვსაც შეიცავდა.


ფეისბუქის ტროლი ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

24 ივლისს ფეისბუქ პროფილმა — Mariam Mentesashvili გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუქ ჯგუფში — კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌. პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA), რომელიც წამლებისა და ვაქცინების გამოყენების ნებართვას გასცემს, განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინას ექნება არაუმეტეს 50% ეფექტიანობა. ამას გარდა, პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინების გაყიდვა და მოსახლეობის აცრა აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ფაუჩის ინტერესებში შედის, რადგან ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების აქციების მფლობელია. მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ პოსტი დეზინფორმაციასა და კონსპირაციას შეიცავს. რეალურად, FDA-მ განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინის დამტკიცება მათ მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვაქცინის ეფექტიანობა მინიმუმ 50% იქნება. რაც შეეხება ფაუჩის მიერ აქციების ფლობას, ამის მტკიცებულება არ არსებობს. Mariam Mentesashvili კი, რომელმაც დეზინფორმაცია გაავრცელა, ყალბი ფეისბუქ ანგარიშია, რომელიც უკრაინელი კოსმეტოლოგის იდენტობას იპარავს.


კონსპირაცია რუსეთ-საქართველოს ვადაგასულ შეთანხმებაზე

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ვალდებულს ხდის ფორს-მაჟორულ სიტუაციებში რუსული სამხედრო ტვირთები გაატაროს. მსგავსი განცხადებები გააკეთეს პარტიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა სოსო მანჯავიძემ და აგრეთვე ვახტანგ მაისაიამ. კრემლთან დაკავშირებულმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველო ვალდებულია რუსეთს სამხედრო ტვირთვის გატარების ნებართვა მისცეს. მითების დეტექტორის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო ტვირთის ტრანსფერის შესახებ მტკიცებები დაფუძნებულია 2006 წლის შეთანხმებაზე და ყალბია. შეთანხმება 2011 წელს, ვადის გასვლის შემდეგ შეწყდა. მაისაია და მანჯავიძე ასევე ავითარებენ კონსპირაციული თეორიას, რომ შეთანხმება 5 წლით საიდუმლოდ 2011 წელს და 2016 წელსაც გაგრძელდა.


ყალბი მტკიცება ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს დანახარჯებზე

გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში ქვეყნისთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და წლიურად 200 მილიონ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც, მისი მტკიცებით, აშშ-ის დახმარება თავდაცვის სექტორში მინიმალურია. მითების დეტექტორმა გადაამოწმა ნიკოლაიშვილის განცხადება და აღმოაჩინა, რომ საქართველოს ბიუჯეტში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის გამოყოფილი თანხა იმაზე 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ამას ნიკოლაიშვილი ამტკიცებს. რიცხვები ასევე აჩვენებს, რომ ბოლო 3 წელში აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება 302.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

პრორუსული პოლიტიკური პარტიები და წინასაარჩევნო სურათი საქართველოში

ფოტო: iPRESS / Georgia Watch Briefing

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. განსაკუთრებული აქტიურობით კი პრორუსული პოლიტიკური პარტიები გამოირჩევიან, რაც ანტიდასავლური მანიფესტაციების ორგანიზებასა და საქართელოს მოსახლეობაში საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებში გამოიხატება. კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია გამოვარჩიოთ ორი ღიად ანტიდასავლური პოლიტიკური პარტია: ქართული მარში და პატრიოტთა ალიანსი. 30 ივლისს, პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა მარშმა ღია საზოგადოების ფონდის წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც სოროსის ფონდის ოფისისკენ დაიწყეს მსვლელობა. მათ საქართველოს პარლამენტს ორი კვირის ვადაში ამ კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობისა და ზოგადად საქართველოში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დასავლური დაფინანსების აკრძალვა მოსთხოვეს. ქართული მარშის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის მხრიდან უარის შემთხვევაში ფონდის სამუშაო ოფისის მუდმივ პიკეტირებას დაიწყებენ და თანამშრომლების შენობაში არშეშვებით მათი მუშაობის პროცესს შეაფერხებენ. "ეს მათხოვრად ქცეული არასამთავრობოები ელოდებიან ამ შენობაში ფულს, რომ ახალი შეტევა დაიწყონ ეკლესიაზე. ჩვენს ეროვნულობაზე, ქართველი ერის წინააღმდეგ. ვერ მივართვით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და გავაპანღურებთ აქედან და საქართველოს ვიხსნით ჯორჯ სოროსის დიქტატურიდან" — აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ, ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ამავდროულად, კრემლის სატელიტმა პარტიმ, პატრიოტთა ალიანსმა აგვისტოს ბოლოდან საქართველოს რეგიონებში აქტიური პოლიტიკური კამპანია დააანონსა. მართალია, მათ ჯერ არ გაუმართავთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები, თუმცა რეგიონული შტაბები უკვე აქტიურად ფუნქციონირებს. ალიანსის კოორდინატორები ხშირად ატარებენ გამოკითხვებს, რათა დაადგინონ თუ რომელ პარტიას აქვს ადგილობრივი უმრავლესობის მხარდაჭერა და ვინ უნდა წარადგინონ კანდიდატებად კონკრეტულ რეგიონში. აქედან გამომდინარე, თვის ბოლოდან მათი ქმედებები მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს, ვინაიდან პატრიოტთა ალიანსი თავიანთი საქმიანობითა და გამოსვლებით პრორუსი კანდიდატების გაპიარებასა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას შეეცდება.

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) ანგარიშების სერიის დეზინფომეტრი გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიში კრემლისა და მისი გავლენის აგენტების მიერ საქართველოში გავრცელებულ ანტიდასავლურ და პრორუსულ ნარატივებს აანალიზებს. დეზინფომეტრი ორთვიან პერიოდში ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის ტრენდებსა და ტენდენციებს გამოყოფს, ასევე ქართულ ონლაინ სივრცეში დეზინფორმაცია/პროპაგანდის წყაროებსა და მათ მასშტაბს ააშკარავებს.

პირველი ანგარიში მოიცავს პერიოდს 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით. მიგნებების მიხედვით, საქართველოში დეზინფორმაცია/პროპაგანდის რვა ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. მეორე ანგარიში 2020 წლის მარტიდან 2020 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს ფარავს და სრულად COVID-19-თან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდას ეძღვენება. ანგარიში COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შვიდ სტრატეგიულ ნარატივს გამოყოფს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ონლაინ-მედია — ალტ-ინფოსთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. ISFED-ის მიხედვით, ალტ-ინფო ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას აწარმოებს. ალტ-ინფო ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის და ანტილიბერალურ მესიჯებს ავრცელებს. მისი პროპაგანდა რიგ შემთხვევებში სიცრუესა და ინფორმაციის მანიპულირებას ეფუძნება. ISFED-მა დაადგინა, რომ ალტ-ინფო მის იდეოლოგიას ფარული, ორგანიზებული და შენიღბული Facebook-გვერდების გამოყენებით ავრცელებს. ISFED-ის დასკვნით, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული 34 Facebook-გვერდი კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენს.

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ForSet • ფორსეტი-თან თანამშრომლობით ახალი ონლაინ თამაში, სახელწოდებით — ბებოს ალბომი, შექმნა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციას იხსენებს. პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. შეგიძლიათ ითამაშოთ ბმულზე.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანებულმა სამეფო ინსტიტუტმა (The Royal United Services Institute) რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით კომენტარი გამოაქვეყნა. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების არანაკლებ მეხუთედის ოკუპირებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალებია განთავსებული. ასევე რუსეთი ე.წ ბორდერიზაციის პოლიტიკას აგრძელებს. მიუხედავად ამისა, კრემლმა მის მთავარ მიზანს, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას, ვერ მიაღწია და დღეს საქართველო ნატოსთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).

იხილეთ წინა გამოცემები: