ჩინელმა მეცნიერებმა ღამის ხედვის კონტაქტური ლინზა შექმნეს, რომელიც, მათი თქმით, ადამიანებს "ზემხედველობის" უნარს ანიჭებს. მასში ნანონაწილაკებია, რომლებიც დაბალი სიხშირის სინათლეს შთანთქავს, შემდეგ კი მას ხილული სპექტრის ტალღებად გარდაქმნის. შედეგად, ლინზების მქონე ადამიანი ინფრაწითელ სპექტრში ხედავს, რაც, ჩვეულებრივ, ჩვენს თვალებს არ შეუძლია. ამ მიღწევის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Cell Press გამოქვეყნდა.

"ჩვენი კვლევა გზას უხსნის სხეულზე ტარებად არაინვაზიურ მოწყობილობებს, რომლებიც ადამიანებს ზემხედველობას მიანიჭებს. ამ მატერიას ბევრი პოტენციური დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, მოციმციმე ინფრაწითელი სინათლე შეიძლება ინფორმაციის უსაფრთხოდ გადასაცემად, ადამიანების გადასარჩენად, დაშიფვრისთვის ან გაყალბების საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ", — აცხადებენ ავტორები.

ღამის ხედვის სათვალეები პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, სიბნელეში მიმდინარე ბრძოლებისას. ის გამოსახულების ელექტრონული გამაძლიერებელია, რომელიც ხილულ ან ახლო ინფრაწითელ სინათლეს ელექტრონებად გარდაქმნის. ელექტრონები შემდეგ განათებული ეკრანისკენ მიემართება, რის გამოც მწვანედ ელვარებს. საქმე ისაა, რომ ასეთ სათვალეებს, როგორც წესი, ენერგიის წყარო სჭირდება, ამიტომ დიდი ზომისაა, თანაც ინფრაწითელი სპექტრის სინათლეებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს (განსაკუთრებით გრძელი ტალღების).

ფოტო: Scum Wiki - Fandom

ახალი ლინზების შესაქმნელად მეცნიერებმა რბილ კონტაქტურ ლინზებში გამოყენებად დრეკად, არატოქსიკურ პოლიმერებში ნანონაწილაკები შეურიეს. ისინი ნატრიუმ-გადოლინიუმის ფტორიდს შეიცავს, რომელიც ლუმინესცენციურ იტერბიუმთან, ერბიუმთან და ოქროსთანაა გაერთიანებული. ნანონაწილაკები ახლო ინფრაწითელ ფოტონებს შთანთქავს, რომელთა ტალღური სიგრძეც 8000-1600 ნანომეტრია.

ასევე, იხილეთ: რატომ ვერ ვხედავთ ფერებს სიბნელეში

სპეციალისტებმა ეს ლინზები პირველად თაგვებზე გამოცადეს, რის შედეგადაც ეს ცხოველები ექსპერიმენტისას ბნელი ყუთებით უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე ინფრაწითელი სინათლით განათებულით. ლინზების არმქონე მღრღნელებში ამგვარი რამ არ გამოვლენილა. პირველ ჯგუფში თვალის გუგები ინფრაწითელი სინათლის წყაროების არსებობისას ვიწროვდებოდა, ტვინის გამოსახულებებმა კი აჩვენა, რომ ამ დროს მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი რეგიონები აქტიურდებოდა.

მომდევნო ეტაპზე ლინზები უკვე ადამიანებზე გამოცადეს. მათ მოციმციმე ინფრაწითელი სინათლე და მისი მიმართულება დააფიქსირეს. ღამის ხედვა უმჯობესდებოდა, როცა მონაწილეები თვალებს ხუჭავდნენ, რადგან ქუთუთოებში ახლო ინფრაწითელი ტალღები უფრო მარტივად აღწევს.

მეცნიერებმა ლინზებში ისეთი ნანონაწილაკებიც მოათავსეს, რომლებიც ახლო ინფრაწითელ სპექტრში ლურჯს, მწვანესა და წითელს მოიცავდა. ვარაუდობენ, რომ ეს დალტონიზმის მქონე ადამიანებს ფერების დანახვაში დაეხმარება. იმედის მომცემი შედეგების მიუხედავად, ლინზები ჯერ კიდევ დასახვეწია, რადგან ძალიან კაშკაშა LED სინათლეზე ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ მათი მგრძნობელობა უნდა გაიზარდოს. ვინაიდან ლინზა თვალის ბადურასთან ძალიან ახლოსაა, მისი კეთებისას გამოსახულების დეტალების დაფიქსირებაც რთულია, ამიტომ სპეციალისტებმა სათანადო სათვალეებიც შექმნეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.