ინტერნეტში ალბათ შეგხვედრიათ ამ ცნობილი დათვების ფოტო, რომლებსაც ბალანი თითქმის საერთოდ არ აქვთ. სამწუხაროდ, ბევრ პლატფორმაზე მათი ისტორია დეზინფორმაციული სათაურებით გავრცელდა, მაგალითად, თითქოს ის დათვის "ახალი სახეობაა, რომელიც ჩერნობილის ნანგრევებში აღმოცენდა". სინამდვილეში მათი ისტორია ბევრად ნაკლებად მისტიკური, მაგრამ უფრო ტრაგიკულია.

ფოტოზე გამოსახული ძუძუმწოვარი დათვისებურთა ოჯახის წარმომადგენელი სათვალიანი დათვია (Tremarctos ornatus). იგი მარტოსული და რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ბედნიერი ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც, სავარაუდოდ, ძლიერ იტანჯება ტყვეობაში ცხოვრების არაბუნებრივი პირობებით.

თმაგაცვენილი დათვის შესახებ სიახლე პირველად 2009 წელს გამოჩნდა. რამდენიმე მედია საშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანიის ლაიფციგის ზოოპარკში მცხოვრებ სამ სათვალიან დათვს თმა სცვიოდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო დათვი სახელად დოლორესი, რომელმაც თითქმის მთლიანად დაკარგა თავისი სქელი, ფუმფულა ბალანი.

ცხოველთა კეთილდღეობაზე მომუშავე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეს შესაძლოა ტყვეობაში ცხოვრების პირობებს უკავშირდებოდა. შემდგომი გამოკვლევებით გაირკვა, რომ მსგავსი პრობლემა სხვა ევროპულ ზოოპარკებშიც დაფიქსირდა.

"დათვები ტროპიკული ცხოველები არიან და ზოოპარკებში მათი ჰაბიტატი უნდა იყოს გათვალისწინებული. ისინი უნდა იყვნენ შენობაში ტროპიკული კლიმატის იმიტაციით — მაღალი ტემპერატურით, ტენიანობით, ჩალითა და თბილი იატაკით", — უთხრა BBC World Service-ს ჯერარდ ბაარსმა, დათვების საერთაშორისო ფონდის დირექტორმა.

დათვი დოლორესი 2011 წლის მარტში მოკვდა. დათვის ალოპეციის ზუსტი მიზეზი არასოდეს შესწავლილა. ზოოპარკის განცხადებით: "ამ დრომდე არ გვაქვს დამაჯერებელი ახსნა, რაც ამ ფენომენს განმარტავდა".

ანთროპომორფული დათვი ფილმიდან "პადინგტონი".

ფოტო: curiousrambler.com

დათვის ეს სახეობა ბავშვების საყვარელი პერსონაჟის, დათვი პადინგტონის პროტოტიპია. ისინი ბუნებრივად გვხვდებიან სამხრეთ ამერიკაში, ანდების მიდამოებში, კერძოდ ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, ბოლივიასა და არგენტინაში.

ამ სახეობის ბუნებრივი ჰაბიტატები საფრთხის ქვეშაა, ძირითადად უკანონო ნადირობის გამო, შესაბამისად, მას გადაშენების საფრთხე ემუქრება და იუნესკოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი. გადარჩენის შანსების გასაუმჯობესებლად, ბევრი ზოოპარკი ცდილობს მათ შენახვასა და გამრავლებაზე ზრუნვას.

ამის მიუხედავად, ყველა სახეობის დათვი ძლიერ სტრესს განიცდის ტყვეობაში. ეს ცხოველები ძალიან ჭკვიანები და ბუნებრივად გადაადგილებაზე ორიენტირებულნი არიან. მათ სჭირდებათ უზარმაზარი ტერიტორიები სეირნობისთვის, რისი უზრუნველყოფაც ბევრ ზოოპარკს არ შეუძლია, ამიტომ ტყვეობაში მყოფი დათვები ხშირად ავლენენ უცნაურ ქცევებს, მაგალითად, ვოლიერებში გამუდმებით სიარულს ან გვერდულად ქანაობას.

დათვი სახელად დოლორესი ლაიფციგის ზოოპარკიდან.

ფოტო: Redditt.com

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სათვალიანი დათვები ბუნებით მარტოსული არსებები არიან და მხოლოდ გამრავლების სეზონზე შედიან კონტაქტში სხვა დათვებთან, მაგრამ ტყვეობაში ხშირად იძულებით ამყოფებენ მათ ერთ სივრცეში. ეს მათთვის არაბუნებრივია და იწვევს ქრონიკულ სტრესსა და ჰორმონალურ დარღვევებს.

2019 წელს სან-დიეგოს ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებულ რეცენზირებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ტყვეობაში მყოფ სათვალიან დათვებში ალოპეცია, შესაძლოა, იყოს სიმპტომური პასუხი ხანგრძლივ სოციალიზებულ საცხოვრებელზე. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა ძირითადად დედალ დათვებს ემართებათ და საკმაოდ გავრცელებულია. ჩრდილოეთ ამერიკის ზოოპარკებში თითქმის ყოველი მესამე დედალი სათვალიანი დათვი ალოპეციას განიცდიდა.

კვლევაში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ დედალი დათვები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ცხოვრობდნენ სხვებთან ერთად, თუ თავად ირჩევენ თანამოსახლეებს. მათი ბუნებრივი იზოლაციური მიდრეკილება უნდა იქნას გათვალისწინებული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.