დღევანდელ სამყაროში გასაკვირი არაფერია, მითუმეტეს, როცა საქმე ორგანოების გადანერგვას ეხება. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, როდის ჩატარდა პირველად მსგავსი ოპერაცია და რა შედეგით დასრულდა. ყველაზე ადრინდელი შემთხვევა 1964 წელს დაფიქსირდა. ადამიანს გულის გადანერგვის ოპერაცია წარუმატებლად ჩაუტარეს, ორგანოს დონორი კი შიმპანზე იყო.

1967 წელს ისტორიაში პირველად, ადამიანს ადამიანის გული გადაუნერგეს. ოპერაცია ექიმმა კრისტიან ბარნარდმა ჩაატარა. კაცი, სახელად ლუის ვაშკანსკი, გულის უკმარისობითა და იშემიური დაავადებით იტანჯებოდა, ამიტომაც ქირურგიული ჩარევა სასწრაფოდ ესაჭიროებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მას ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი, ასეთ ოპერაციას დათანხმდა, რის შემდეგაც დონორის ძებნა დაიწყეს.

შესაბამისი ორგანო 25 წლის დენის დარვალს აღმოაჩნდა. ის 1967 წლის 2 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა, მიუხედავად ამისა, მისი გული ჯერ კიდევ ფეთქავდა. ზუსტად დენისი გახდა ლუისის დონორი. მას მკერდის ძვალი გაუტეხეს, რათა ორგანო ამოეღოთ. გადანერგვის დროს იშემიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, გულს ჟანგბადი მიაწოდეს და გააგრილეს. რაც შეეხება რეციპიენტს, მასაც იგივე პროცედურა ჩაუტარეს, გული ამოაცალეს, რათა მის ნაცვლად ახალი ჩაესვათ.

"ჩემს ცხოვრებაში პირველად ცარიელ მკერდში ჩავიხედე. სწორედ იმ მომენტში მკაფიოდ გავიაზრე, რას ვცდილობდი", — უთხრა ბარნარდმა ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორს დევიდ კუპერს.

დონორის გული ვაშკანსკის სისხლძარღვებთან უპრობლემოდ შეაერთეს. მიუხედავად ამისა, ორგანო რეციპიენტის დაავადებულ გულთან შედარებით მნიშვნელოვნად პატარა იყო. ამის გამო პაციენტის სტაბილიზაციას გარკვეული დრო დასჭირდა. საბოლოოდ, გული ახალ გარემოში გაძლიერდა და მკერდიც დახურეს. ოპერაცია მთლიანობაში თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.

ფოტო: British Heart Foundation

"ბატონი ვაშკანსკი შესანიშნავად გამოჯანმრთელდა", — იხსენებდა ბარნარდი — "პირველად სამედიცინო ისტორიაში შეგვეძლო, დავკვირვებოდით, რა გავლენა ჰქონდა ჯანმრთელ, გადანერგილ ორგანოს პაციენტზე, რომელიც მანამდე გულის უკმარისობით იტანჯებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ვაშკანსკი 18 დღეში გარდაიცვალა. მას პნევმონია განუვითარდა, მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. იმ პერიოდში ეს ოპერაცია ნამდვილი სენსაცია იყო. ფოტოებისა და ქირურგების ხელთათმანებისთვის დიდ თანხას იხდიდნენ. ბარნარდი მსოფლიოში გაჩენილი ინტერესით გაოცებული იყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოების რეაქცია საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა.

"თავდაპირველად ამ ოპერაციას ზიზღით უყურებდნენ", — წერს ნეირომეცნიერი დოქტორი ოსტინ ლიმი თავის წიგნში "საშინელება ტვინზე: ნეირომეცნიერება სამეცნიერო ფანტასტიკის მიღმა" — "ოპერაციის მნიშვნელობის დანახვის ნაცვლად, საზოგადოება ამ არაადამიანური სცენარის გამო შეშფოთდა. ბარნარდს მთელი მსოფლიოდან აგრესიული წერილები მისდიოდა. მას სადისტს, არანორმალურსა და ჯალათს უწოდებდნენ. ასევე მოითხოვდნენ მის დაპატიმრებას".

მართალია, ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმის დასაწყისს ჰგავს. საქმე იმაშია, რომ ბევრ სამეცნიერო მიღწევას ფანტასტიკისთვის განკუთვნილი ხასიათი აქვს იქამდე, სანამ რეალობად არ იქცევა. მაგალითად, ზოგი პაციენტი ორგანოს მიღების შემდეგ პიროვნულ ცვლილებებს განიცდის.

ასევე ნახეთ: პაციენტმა დონორის ორგანოს მიღებამდე ტიტანის გულით 100 დღე იცოცხლა

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.