გუგლი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს ციფრულ მისამართს მიანიჭებს
მსოფლიოში მრავლადაა ისეთი ადგილი, რომელსაც არ აქვს მინიჭებული საკუთარი მისამართის კოორდინატები.
გუგლის მონაცემებით, მილიარდამდე ადამიანს საერთოდ არ გააჩნია საკუთარი სახლის მისამართი, ხოლო თუ ასეთი არსებობს — ის ხშირ შემთხვევაში არაზუსტია. დამისამართების პრობლემის მოსაგვარებლად გუგლმა ახალი პროდუქტი, Google Plus გაუშვა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის ციფრულ დამისამართებას ისახავს მიზნად.
თუ გუგლის რუკებს იყენებთ, შეამჩნევდით, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე დაჭერისას გენერირდება გრძედსა და განედზე დაფუძნებული მოკლე URL მისამართი. ახალი დამისამართების სისტემა კი ამ მონაცემებს ახალ ციფრულ მოკლე მისამართად აქცევს.
მაგალითისთვის: Plus კოდი "W2GJ +JQ, იოჰანესბურგი" — ეს გუგლის სათაო ოფისის მისამართია, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მდებარეობს. ამ კოდის შეყვანისას თქვენ მაშინვე აღმოჩნდებით ამ ლოკაციაზე.
ციფრული Plus კოდის ფორმატით შედგენილი მისამართის მისაღებად საკმარისია გუგლის რუკაზე დააწვეთ იმ ადგილს, რომელიც გაინტერესებთ და გახსნათ დეტალური ინფორმაცია მის შესახებ.
ციფრული დამისამართების სისტემას აქვს როგორც გრძელი, ისე შემოკლებული ვარიანტი, მაგალითად: ზემოთ ჩვენ ვახსენეთ იოჰანესბურგის გუგლის ოფისის შემოკლებული Plus კოდი, რომელსაც თან ახლავს ქალაქის სახელი, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა დასახლებული პუნქტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მისამართის გრძელი ვარიანტი შემდეგნაირად იწერება — 5G5CW2GJ + JQ.
დამისამართების სისტემა იმდენად დეტალურია, რომ მომხმარებელს საშუალება აქვს, გაიგოს ქუჩის კონკრეტული ლამპიონის ან საფეხმავლო ბილიკის მონაკვეთის ზუსტი ციფრული მისამართი.
Plus კოდები 2015 წლიდანაა ხელმისაწვდომი, თუმცა ანდროიდ მოწყობილობებზე ისინი 2020 წელს გამოჩნდა.
Google Plus დამისამართების სისტემის უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს კონკრეტული ლოკაციის გაზიარებისთვის აღარ მოუწევს გრძელი ბმულების გაგზავნა — ამისთვის საკმარისი იქნება ამ მოკლე ციფრული მისამართის დაკოპირება.
აღნიშნული დამისამართების სისტემა განსაკუთრებით გამოადგებათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც საფოსტო ინდექსიც კი მიუწვდომელია. Google Plus დამისამართების სისტემის გამოყენება სამაშველო სამსახურებსაც შეუძლიათ, რაც მარტივად და უფრო მაღალი სიზუსტით მიიყვანს ეკიპაჟს საჭირო ადგილას.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ამბავში ისაა, რომ Plus კოდის სისტემა წარმოადგენს ღია კოდის მქონე პროდუქტს, რომელიც სრულიად უფასოა. მსგავსი პროდუქტები მანამდეც არსებობდა, მაგალითად AsaaseGPS ან CitoCode, თუმცა მათ ხშირად ლოკალური ან კომერციული მიზნებისთვის იყენებდნენ.
კომენტარები