აივ-ინფექციისგან განკურნებული პირველი ადამიანი კიბოთი გარდაიცვალა
ტიმოთი რეი ბრაუნი, პირველი ადამიანი, რომელიც აივ-ინფექციისგან ძვლის ტვინის უნიკალური ტიპის ტრანსპლანტაციით განიკურნა, კალიფორნიაში კიბოთი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაუნის პარტნიორი ავრცელებს.
"დიდი მწუხარებით ვიუწყები ტიმოთის გარდაცვალების შესახებ… იგი ამ საღამოს ჩემი და მისი მეგობრების გარემოცვაში, ლეიკემიასთან 5-თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა", — აღნიშნა ტიმ ჰიუფგენმა, ბრაუნის პარტნიორმა.
ტიმოთი ბრაუნი 1966 წლის 11 მარტს დაიბადა და მას "ბერლინელ პაციენტს" მას შემდეგ უწოდებდნენ, რაც იგი 2007 წელს ჩატარებული მკურნალობის შემდეგ აივ-ინფექციისგან სრულიად განიკურნა.
მისი კლინიკური შემთხვევა ამ დარგში მომუშავე ექიმებისა და პაციენტებისათვის დიდი ინსპირაცია გახლდათ, რადგანაც ეს იყო იმედის ნაპერწკალი, რომ ერთ დღესაც ეფექტიანი მკურნალობა ნაპოვნი იქნება და შიდსის პანდემიაც დასრულდება.
ბრაუნს აივ-ინფექციის დიაგნოზი 1995 წელს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ცხოვრების დროს დაუდგინდა. 2006 წელს მას ასევე დიაგნოსტირებულ ექნა მწვავე მიელოიდური ლეიკემია.
ბრაუნი აივ-ვირუსისგან სრულიად თავისუფალი 13 წელი გახლდათ, მაგრამ გასულ წელს ლეიკემიამ მას თავი შეახსენა. მისი ექიმის სიტყვებით, კიბო მის ზურგისა და თავის ტვინში გავრცელდა და იგი პალიატურ მზრუნველობას საჭიროებდა.
ტიმოთი ბრაუნის ექიმისთვის, გერო ჰუტერისთვის, 2007 წელს ჩატარებული მკურნალობის სქემა ჭეშმარიტად იღბლიანი გამართლება გახლდათ. მისი ჩარევა ბრაუნის იმუნური სისტემის დანგრევას და აივ-ვირუსის მიმართ რეზისტენტული, CCR5 გენური მუტაციის მქონე ღეროვანი უჯრედების გადანერგვას გულისხმობდა. CCR5 გენის ამგვარი მუტაცია ჩრდილო-ევროპელთა ძალიან მცირე პოპულაციაში გვხვდება.
ეს და სხვა ფაქტორები ბრაუნის მკურნალობას ძალიან ძვირ, კომპლექსურ და სარისკო ჩარევად აქცევდა. ექსპერტთა უმეტესობა დღეს თანხმდება, რომ აღნიშნული აივ-ინფიცირებულთა მკურნალობის სტანდარტული გზა არასოდეს იქნება — უშუალოდ პროცედურის ჩატარებაც კი სიკვდილის რისკის შემცველია.
ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 37 მილიონი ადამიანი აივ-ინფიცირებულია. 1980-იან წლებში დაწყებულმა შიდსის პანდემიამ დღემდე დაახლოებით 35 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე სამედიცინო მიღწევებმა რამდენიმე მედიკამენტის კომბინაციით შექმნილი სამკურნალო სქემები, ანუ ანტირეტროვირუსული თერაპია წარმოშვა. ეს უკანასკნელი ბევრ ადამიანს საშუალებას აძლევს, აივ-სტატუსის მიუხედევად ჩვეული ცხოვრება წლების განმავლობაში განაგრძოს.
"სამეცნიერო საზოგადოებას იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც მის მემკვიდრეობას აივ-ის რემისიაში გადამყვანი და განმკურნებელი უსაფრთხო, იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი სტრატეგიით მივაგებთ პატივს", — აღნიშნა აივ-სპეციალისტმა ავსტრალიის დოჰერტის უნივერსიტეტიდან, შერონ ლევინმა ტიმოთი ბრაუნზე საუბრისას.
აივ-ინფექციისგან განკურნებული მეორე პაციენტი ადამ კასტილეჯო, იგივე "ლონდონელი პაციენტი" გახლავთ. მან საკუთარი ვინაობისა და აივ-სტატუსის შესახებ ღიად მხოლოდ წელს ისაუბრა. კასტილეჯომ 2016 წელს ბრაუნის მსგავსი ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაიტარა.
კომენტარები