დაფარული ნიშნები, რომლითაც ყალბი ფოტოს ამოცნობა შეგიძლია
ერთ ფოტოს ათასი სიტყვის დატევა შეუძლია. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც ფოტო ფალსიფიცირებულია? არსებობს გზები სიყალბის შესამჩნევად — მთავარია უკეთ დააკვირდე.
განვიხილოთ მაგალითი. ქვემოთ ჩვეულებრივ ფოტოს ხედავ, შენობასთან მყოფი ორი ადამიანის გამოსახულებით, რომელთაგანაც ერთ-ერთი მეორეს რაღაცას აწოდებს, ასეა?
თუ უკეთ დააკვირდები აღმოაჩენ, რომ ფოტოზე ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით იფიქრე.
გამთქმელი ნიშნები ერთი შეხედვით არ შეიმჩნევა, თუმცა ჰენი ფარიდისთვის ფოტო მტკიცებულებებით არის დახუნძლული — ერთ-ერთი ფანჯრის ანარეკლი აცდენაშია ფიგურასთან და ჩრდილებიც არ არის მწყობრში.
ფოტო ყალბია. ერთი პიროვნება აქ საერთოდ არ უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, როგორ აფასებთ თქვენს მიერ სიყალბის ამოცნობის უნარებს, ბევრს ეს საქმე არ ეხერხება. ფარიდი ფოტოებს ბევრი ადამიანისგან განსხვავებული თვალით უყურებს. ის ციფრული ექსპერტიზის და ფოტო ანალიზის წამყვანი სპეციალისტია და თითქმის მოუხელთებელი მანიპულაციური ნიშნების გაშიფვრაც კი შეუძლია.
ერთ-ერთი ხრიკი, რომელიც გამოცდილებამ ასწავლა, ადამიანების თვალებში სინათლის ნიშნების გადამოწმებაა.
"თუ ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი ინდივიდის ფოტოს დააკვირდებით, ხშირად სინათლის წყაროს ნიშნები, როგორიც მზე ან კამერის განათებაა, მათ თვალებში ხილვადია", — ამბობს ფარიდი და განმარტავს — "ანარეკლის ადგილმდებარეობა, ზომა და ფერი ააშკარავებს სინათლის წყაროს ადგილმდებარეობას, ზომას და ფერს. თუ სინათლის მახასიათებლები თანმიმდევრული არ არის, სავარაუდოდ საქმე შექმნილ ფოტოსთან გვაქვს".
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ყალბ ფოტოს გასცემს ადამიანის ყურებია.
"თუ მზე ჩემს ზურგსუკან არის, ჩემი ყურები წითელი უნდა იყოს, რადგან ამ დროს სისხლის შეფერილობა ხილულია" — ხსნის ფარიდი — "როდესაც მზეს ეს პოზიცია არ უკავია, ყურები წითელი შეფერილობის არ არის".
გარდა ამისა, ფარიდს სხვა ბევრად სპეციფიკური დამხმარე ხელსაწყოებიც აქვს. როგორც დართმუტის კოლეჯის, კომპიუტერული მეცნიერებების ხელმძღვანელი, ის ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა ფოტო მანიპულაციების მიგნების გზებს.
მაგალითად, თუ ჩრდილის უკიდურესი კიდიდან მისი გამომწვევი ობიექტის იგივე წერტილამდე ხაზს გავავლებთ და მას კიდევ უფრო შორს გავაგრძელებთ, სინათლის წყაროს ადგილმდებარეობას მივაგნებთ. ჩრდილის სხვადასხვა წერტილიდან აგებული ხაზები ერთ წერტილში უნდა შეერთდეს.
თუ ფოტო დამუშავებულია, შესაძლოა ზოგიერთი ობიექტის ჩრდილი სინათლის წყაროს არ ემთხვეოდეს. ეს ამოცნობის ხრიკი კარგი მეთოდია, როდესაც ფოტოზე ობიექტები ან ადამიანები გადაღების შემდეგ არიან დამატებული.
სტატიის დასაწყისში გამოყენებულ ფოტოშიც აღნიშნული მახასიათებელი გვხვდება.
"ნებისმიერი არჩევნების პერიოდში, აუცილებლად შეხვდებით ყალბ ფოტოებს, სხვადასხვა ფორმით", — ამბობს ფარიდი — "ფოტოები გაყალბებული იქნება კანდიდატის უკეთ წარმოსაჩენად. შეიძლება ხალხის დიდი ჯგუფის ეთნიკური შემცველობა შეიცვალოს, რათა კანდიდატი არ შეფასდეს, როგორც რასისტი, ან გამოყენებულ იქნეს ფოტო კომპოზიციები, მოწინააღმდეგის ნეგატიურ ჭრილში აღქმისთვის".
მაგალითისთვის, როდესაც ფოტო "ამოქექეს", 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, რომელზეც იმდროინდელი საპრეზიდენტო კანდიდატი და ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ კერი და ჯეინ ფონდა გვერდიგვერდ სხედან, 1970 წლის ანტისაომარი მარათონის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი გაზეთი ფოტოს გამოეხმაურა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა ფოტო მასობრივად გავრცელებულიყო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ილუზია ორი სხვადასხვა კადრის კომპოზიტი იყო.
გაყალბებული ფოტოები ახალი ფენომენი არ არის და BBC Future აქამდეც მუდმივად აცხადებდა მათი საყოველთაო გავრცელების შესახებ, მაგალითისთვის, 2012 წელს გამოქვეყნებული გზამკვლევი, რომელიც ქარიშხალ სენდის ფალსიფიცირებულ ფოტოებს ეხებოდა.
შესაძლოა, დრამატული, მაგრამ ყალბი ფოტოები ნახეთ კიდეც, რომელზეც ციკლონის ღრუბლები თავისუფლების ქანდაკებასთან შემზარავად ტრიალებენ. BBC-ის ავტორი, როუზ ეველიტი, იმ საზიანო გავლენაზეც წერდა, რაც ყალბ ფოტოებს მოგონებებზე აქვთ.
ცნობისთვის, სახეცვლილი კადრები, ფოტოგრაფიის ჩასახვიდან გამოიყენებოდა. აშშ-ს პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლინს ცნობილი პორტრეტიც კი კომპოზიტად ითვლება. მასზე პრეზიდენტის თავი სხვა ცნობილი პოლიტიკოსის ტანზეა მორგებული. ციფრული კამერების გავრცელება და ფოტო დამუშავების პლატფორმების განვითარება პრობლემას მეტად ართულებს.
სახელისუფლებო ორგანოებიც არ ერიდებიან ფოტო მანიპულაციებს — ირანმა, 2008 წლის რაკეტის გამოცდის ფოტო გააყალბა და ოთხიდან ერთ-ერთი წარუმატებლად გაშვებული რაკეტის გამოსახულება, მეოთხე წარმატებულად გაშვებულის მანიპულაციური გამოსახულებით ჩაანაცვლა. ფარიდის თქმით, როდესაც ფოტოების გავრცელების წყარო ჩრდილოეთ კორეა, ერაყი, სირია ან სხვა სტრატეგიულად არასანდო ქვეყნები არიან და კადრები სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება, რომელზეც საპასუხო გადაწყვეტილებების მიღება სახელისუფლებო დონეზე ხდება, აუცილებლად უნდა გადამოწმდეს ფოტოების სანდოობა.
თავდაცვის გაძლიერებული საკვლევი პროექტების სააგენტო (Darpa), რომელიც აშშ-ს სამხედრო ძალებისთვის ტექნოლოგიების დახვეწაზე მუშაობს, ცდილობს ბერკეტის შექმნას, რაც დაეხმარებათ ფოტო და ვიდეო მანიპულაციების ავტომატურ აღმოჩენა-გაუვნებლებაში.
ფარიდი, როგორც მკვლევარი მუშაობს, ფარმას ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად, რომელშიც კევინ კონერიც არის. მან, 2011 წელს ფოტო ანალიზის ფირმა Fourandsix-ის დააფუძნა, ფარიდთან ერთად. მათ izitru-ს ლიცენზია მოიპოვეს, ეს ბერკეტი აანალიზებს როგორ არის მონაცემი შეფუთული და ცდილობს დაადგინოს ფოტო პირდაპირ კამერის გავლით მოხვდა სააგენტოში, თუ არა.
"გამოწვევა შემდეგში მდგომარეობს — ტექნოლოგია იმ დონეზე არ არის დახვეწილი, რომ ნებისმიერი ფოტო ანდო და უტყუარი პასუხი მიიღო მისი სანდოობის ხარისხზე", — ამბობს კონერი, რომელიც 16 წლის განმავლობაში Adobe-ში მუშაობდა და დროის უმეტესი ნაწილი Photoshop-ზე მუშაობას დაუთმო — "ტექნოლოგიის სრულყოფის მიღწევა შესაძლოა არარეალური იყოს, მაგრამ საქმე, რომელსაც Darpa აკეთებს, ძალზე მნიშვნელოვანია".
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
ადამიანებს დამოუკიდებლად არასანდო ფოტოების ამოცნობის არც ისე სახარბიელო უნარი აქვთ. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, საშუალო სკოლიდან კოლეჯამდე პერიოდის მოსწავლეებს უჭირთ გაანალიზონ მათ მიერ ონლაინ წაკითხული მასალა სანდო დასაყრდენია, თუ არც ისე. ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს, სტუდენტებს ფუკუშიმას ატომური ყვავილების, ფართოდ გავრცელებული ფოტო აჩვენეს, რომლის სანდოობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა უმაღლესი სკოლის 170 სტუდენტიდან, რომელთაც ფოტო აჩვენეს, 20%-ზე ნაკლებმა დააყენა ფოტოს წყარო კითხვის ნიშნის ქვეშ.
ფოტოს წყაროს მიმართ სკეპტიციზმი ერთია, მაგრამ საქმე არც ისე კარგად არის, როცა შეუსაბამობების ვიზუალურ აღქმაზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი კვლევისას, რომელიც ბრაზილიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, სტუდენტებს ფოტოები აჩვენეს, რათა ამოეცნოთ ფოტო მანიპულაციები, კადრების ნაწილი ნამდვილი იყო, ზოგიერთში კი შეუსაბამობები აშკარად შეიმჩნეოდა. სავარჯიშოს მონაწილეებმა ფოტო მანიპულაციების მხოლოდ 47%-ის მიგნება შეძლეს.
ვიქტორ შეტინგერი, რომელიც დოქტორის ხარისხის კანდიდატია და კვლევაზე მუშაობს, ამბობს, რომ მეგობრები და კოლეგები მუდმივად ეკითხებიან რამდენად ლეგიტიმურია ფოტოები.
"მოკვლევამ მასწავლა, რომ მხოლოდ ვიზუალური შესწავლით დარწმუნებით თქმა შეუძლებელია. შესაძლოა ფოტოს გაყალბებაში არ იყოს საქმე და გადაღების ხარვეზის ბრალი იყოს შეუსაბამობა — მტვრის ნაწილაკი შტატივზე ან განათების თამაში გამოსახულებაზე გაყალბების ეფექტს ტოვებს", — ამბობს ის.
ბარაკ ობამას ეს ფოტო 2008 წელს გავრცელდა და ყალბია. სამხილი საათია, რომელიც ჰილარი კლინტონის, იმავე წლის საარჩევნო რეკლამის მინიშნებაა — ტელეფონზე პასუხი სამ საათზე.
"უმეტესწილად ადამიანებს ნამდვილი ფოტოები ყალბი ჰგონიათ და პირიქით", - აღნიშნავს ფარიდი — ‘"და სრულიად თავდაჯერებულნი არიან. მიზეზი უმეცრება და ზედმეტი თვითდაჯერებაა, რაც ყველაზე ცუდი კომბინაციაა".
გამოსავალი პროცესში კომპიუტერების ჩართვაა, რომლებიც იმ შეუსაბამობებს მიაგნებენ, რაც ადამიანებისთვის ძნელად შესამჩნევია. ფოტო ექსპერტიზა სხვადასხვა ტექნიკებსა და ალგორითმებს იყენებს ყალბი ფოტოს ამოსაცნობად, უმეტესობა მათგანი ცდილობს განსაზღვროს კადრი ფიზიკის კანონებთან რამდენად არის შესაბამისობაში. შესაძლოა 100%-იანი სანდოობის მიღწევა, წარმოუდგენელია, თუმცა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, სპეციალისტები მრავალ ურთიერთდაკავშირებულ ტექნიკას იყენებენ.
მოცემულ ფოტოზე ლი ჰარვი ოსვალდია გამოსახული, ყოფილი აშშ-ს საზღვაო ძალების ჯარისკაცი, რომელმაც პრეზიდენტი კენედი მოკლა 1963 წელს. ოფიციალური უწყებების თანახმად, ფოტო ოსვალდის სახლის უკანა ეზოშია გადაღებული და კადრი მეგობარს გაუგზავნა, 1963 წლის აპრილში. საგამოძიებო ორგანოებმა ფოტო ოსვალდის ბრალეულობის დამამტკიცებელ სამხილად გამოიყენეს, რადგან მასზე ასახული შაშხანის ნიშნები, შეესაბამებოდა მკვლელობის შემდეგ, ტეხასის სასკოლო წიგნების საწყობში აღმოჩენილი იარაღის მახასიათებლებს. არსებობდა კონსპირაციის თეორიები, რომ ოსვალდი უდანაშაულო იყო და სახელმწიფომ თუ კრიმინალურმა ჯგუფებმა განზრახ დასდეს ბრალი, ის იქამდე მოკლეს ვიდრე სასამართლოში თავის დაცვას შეძლებდა.
კონსპირაციის თეორიის მხარდამჭერები რამდენიმე სამხილს უსვამენ ხაზს, რაც ამტკიცებს, რომ ფოტო გაყალბებულია — უფრო კონკრეტულად, ისინი ამბობენ, რომ ჩრდილები, რომლებიც ოსვალდის სახეს ეცემა სხვა სინათლის წყაროს გავლენაა და არ ემთხვევა ფოტოზე არსებული სხვა ობიექტების ჩრდილების გამომწვევ წყაროს, ოსვალდის ნიკაპი უფრო განიერია ვიდრე მისი დაკავებისას გადაღებულ კადრში, სკეპტიკოსებს მისი სხეულის პროპორციები საეჭვო ჰგონიათ და ფოტოზე გამოსახული იარაღის სიგრძესთან დაკავშირებითაც სვამენ კითხვას.
ფარიდმა და მისმა კოლეგებმა ფოტო, კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, სცენის 3D მოდელი ააგეს და ოსვალდის დაკავებისას გადაღებული ფოტოს, სიმაღლის და წონის, ასევე იარაღის მონაცემების გათვალისწინებით შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ — ფოტოში არსებული ყველა ჩრდილი სინათლის ერთი წყაროდან გამომდინარეობს და სახეზე დაცემული ჩრდილების გამო ჩანს ნიკაპი ბევრად ფართო.
ანალიზმა აჩვენა, რომ ოსვალდის სხეულის პროპორციები და პოზა საეჭვო არ იყო და მცირე უცნაურობა დგომის მანერამ და იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ის შეიარაღებული იყო, იარაღის სიგრძე 101,2 სანტიმეტრი აღმოჩნდა, რაც მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, იარაღის რეალურ სიგრძეზე 2,5 სანტიმეტრით ნაკლებიც კი არ არის. აქედან გამომდინარე, ფოტოს ავთენტურობა ეჭვგარეშეა.
"ეს კარგი მტკიცებულებაა იმის, რომ ჩვენი ვიზუალური აღქმა უტყუარი არ არის", — ამბობს ფარიდი და ამატებს — "ფოტოზე გარკვეული დეტალები მართლაც საეჭვო ჩანს და ექსპერტიზის უპირატესობა სწორედ ეს არის, კადრზე დაფიქსირებულ, ჩვენი აზრით რეალობასთან შეუსაბამო დეტალებს საფუძვლიანად აანალიზებს და ადგენს, რომ ის, რაც ნაყალბევი გვეგონა ფიზიკური კანონების ჩარჩოს არ არღვევს".
ავთენტურობის დასადგენი სხვა მეთოდები სურათის შინაარსზე არ ამახვილებენ ყურადღებას, ისინი მონაცემის შეფუთვაზე აკეთებენ აქცენტს და სწავლობენ პლატფორმას, რომლითაც კოდირება მოხდა. უმეტესწილად, როდესაც წყარო ტელეფონი ან კამერაა, ფოტოს ფორმატი jpeg არის, რაც ზომის შესამცირებლად ხდება, ამ დროს მონაცემის შესახებ გარკვეული სახის ინფორმაცია იკარგება და კადრი ბევრად მარტივად გამოსაყენებელია. ფოტოს გადაღებისას, მას მოჰყვება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა გადაღების თარიღი, ადგილი, გამოყენებული კამერა და ა.შ.
კანონდამცველი ამ მიგნებას ხშირად იყნებენ, რათა დაადგინონ ფოტო სხვადასხვა პლატფორმებზე ხომ არ არის დამუშავებული.
"როდესაც jpeg მონაცემს აკვირდები, ყველა წვრილმანი ძალზე კონკრეტულია და ეჭვს არ ტოვებს, რაც ფოტოშოპისთვის დამახასიათებელი არ არის", — ხსნის ფარიდი და ამბობს — "ასე რომ, შეფუთვას ვაკვირდებით და მხოლოდ ესეც კი შეიძლება საკმარისი იყოს, ფოტოს ავთენტურობის დასადგენად, რადგან გაყალბებული ფოტოს შეფუთვა ბევრ გამთქმელ ნიშანს მალავს".
ფარიდი ფოტო მანიპულაციის ალბათობას ამ გამომრიცხავი მეთოდის გამოყენების შემდეგაც შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა ეს ძნელად წარმოუდგენია, რადგან, მისი აზრით, ეს მდგომარეობა იგივეა, რაც უკვე გახსნილი ამანათის ზუსტად ისე შეფუთვა სცადო, როგორც თავდაპირველად იყო.
ამის მიუხედავად, ფარიდის თქმით, ექსპერტიზა სრულ გარანტიას მაინც არ იძლევა, რომ ყალბი ფოტოების დიაგნოსტირება მოხდება. ეს პროცესი გამყალბებლებსა და ექსპერტებს შორის მუდმივი ჭიდილის საგანია.
"ისინი შესაძლებლობებს მაქსიმალურად რეალისტური ყალბი ფოტოს შექმნის უნარებამდე ავითარებენ", — ამბობს ფარიდი და იმედს გამოთქვამს — "დიდი იმედი მაქვს, 20 თუ მეტი სხვადასხვა ექსპერტიზის გავლა და ყველა შესაძლო გაყალბების ხერხის გამორიცხვა თითქმის შეუძლებელს გახდის ყალბი ფოტოს ვერ შემჩნევას".
და რა შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში გამუდმებით ვაწყდებით ყალბ ფოტოებს, ვქნათ? მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარკვეული ბერკეტები მაინც გვაქვს და ისიც შეგვიძლია უფრო კრიტიკულად, მეტი დაკვირვებით შევაფასოთ მასალა, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. არსებობს საიტები, რომლებზეც აღმოჩენილი ყალბი ფოტოები უკვე აღრიცხულია, მაგალითად tineye. ხოლო, სანდო საიტზე, როგორიც snopes არის ვირუსულ ფოტოებს შეხვდებით.
ფარიდი გვირჩევს ფოტოს წყაროსაც დავაკვირდეთ:
"მეინსტრიმულ, საყოველთაოდ ცნობილ, სანდო საიტებზე გამოქვეყნებული ფოტოები საიმედოა, ხოლო უცნობ საიტებს, ბლოგებს, ფეისბუქს ნაკლებად ენდეთ".
თუმცა, შესაძლოა სანდო მედია ორგანიზაციაც შეცდომაში შეიყვანოს კარგი ხარისხის ფოტომ, თქვენს თავს კითხვა დაუსვით — ფოტო ზედმეტად კარგი ხომ არ არის იმისთვის რომ რეალური იყოს?
"როდესაც ონლაინ სივრცეში ფოტოს ვავრცელებთ, აუცილებელია ჯანსაღი ეჭვის ნაპერწკალი შევინარჩუნოთ", — აჯამებს ფარიდი — "მაგრამ ეჭვს არ უნდა მივცეთ საშუალება ნამდვილი ფოტოც ყალბად შევრაცხოთ და პირიქით".
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები