უკვდავების გადაძახილი — ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზთა კრების ინიციატივით გაიმართა.

ღონისძიებაზე ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი წაიკითხეს, ვინც აფხაზეთის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირნენ.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ამით კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას ამ ადამიანების გმირობის შესახებ.

გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ ევროპული საქართველოს ლიდერები. დავით ბაქრაძის თქმით, ეს დღე უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ მტერი. ბაქრაძის თქმით, ეს დღე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რიდესაც აღვადგენთ ურთიერთობას აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან.

"დღეს არის დღე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპაციას და საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას 90-იან წლებში. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ ვინ არის ამ ქვეყნის მეგობარი და ვინ მტერი. ეს არის დღე, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მაშინ როდესაც გვექნება კონტაქტი და აუცილებლად აღვადგენთ ურთიერთობას ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.