სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავზე პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დაღუპულთა მემორიალთან მივიდა და განაცხადა, რომ ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის — აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც.

"დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ",— განაცხადა გიორგი გახარიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქალაქის დაცემით დასრულდა.

სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.