ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საწინააღმდეგო მემორანდუმი გააფორმეს. როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, დაუშვებელია პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი და მანიპულაცია.

"ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია", — ნათქვამია მემორანდუმში.

პარლამენტის წინ შეკრებილმა ქალმა პოლიტიკოსებმა მემორანდუმის სახით მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანა დაგმეს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე. ვერავინ ვერ უნდა გაბედოს უხეშად ხელყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა", — ნათქვამია დოკუმენტში.

მემორანდუმის გაფორმებას ოპოზიციონერი ქალები ესწრებოდნენ. მათ შორის სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პოლიტიკოსი ქალები, ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია, კონსერვატიული პარტიის წევრი ნინო გოგუაძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია და თამარ ჩუგოშვილი.