აშშ-ში ათასობით ჩიტი სამხრეთით გადაფრენისას მიწაზე მკვდარი ეცემა და არავინ იცის, რატომ
მეცნიერები აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გადამფრენი ჩიტების მასობრივი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის პოვნას ცდილობენ. მკვდარი ჩიტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა აშშ-სა და მექსიკის ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე კვირაა, შეიმჩნევა, თუმცა ამ მოვლენას ჯერ დანამდვილებით ვერავინ ხსნის.
უცნაური სანახაობა თავდაპირველად 20 აგვისტოს, ნიუ-მექსიკოში შენიშნეს, როცა ციდან ასობით ჩიტი ჩამოვარდა. თუმცა ამის მერე ფენომენი აშშ-ის მინიმუმ 5 შტატსა და მექსიკის 4 შტატშიც აღინიშნა.
ორინთოლოგის, კევინ ჯონსონის გამოთვლებით, თუკი მკვდარი ჩიტები ვარდნას იმავე ტემპით განაგრძობენ, მთლიანმა რაოდენობამ მილიონს შეიძლება მიაღწიოს: "ჩვენ ჯერ ყველა სახეობა არ აღგვინუსხავს, თუმცა ის კი ვიცით, რომ ეს ფენომენი მრავალ მათგანს შეეხო", — აღნიშნავს ის. ჩიტების დაცვის საზოგადოების, Audubon-ის მიხედვით, აღმოჩენილ მკვდარ ჩიტებს შორის არიან ბუები, მგალობელი ფრინველები, კოლიბრები, ღორიხვები და კოდალები. ისინი ყველანი გამოსაზამთრებლად სამხრეთით მიფრინავდნენ.
აღსანიშნავია, რომ მკდარ ჩიტებს შორის ადგილობრივი სახეობები არ შეიმჩნევიან.
მკვლევრები იმის გარკვევას ცდილობენ, არის თუ არა ამ მოვლენაში დამნაშავე ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე გაჩაღებული ტყის ხანძრები. შესაძლოა, ჩიტები ამ ტერიტორიიდან წამოსული კვამლის ჩასუნთქვის გამო იღუპებოდნენ ან მისგან თავის ასარიდებლად ფრენის უფრო სარისკო მარშრუტს ირჩევდნენ. კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი ამ ტერიტორიაზე მოულოდნელი აციება გახლავთ: ტემპერატურის ვარდნამ მრავალი ისეთი მწერი გაანადგურა, რომელიც გადამფრენი ჩიტებისთვის საკვების მთავარ წყაროს წარნმოადგენს.
მკვლევრების მიერ ნაპოვნ მკვდარ ჩიტთაგან ბევრზე გამოფიტვის ნიშნები შეიმჩნევა და ზოგი მათგანი, დიდი ალბათობით, შუა ფრენისას მთელი ძალით დაეცა მიწას. "მათგან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბუმბული და ძვლებიღაა დარჩენილი", — აღნიშნავს ტვიტერზე სტუდენტი ალისონ სალასი, რომელიც მკვდარ ჩიტებს თავად გადააწყდა, — "ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ისინი იქამდე მიფრინავდნენ, სანამ ღონე მთლიანად არ გამოეცალათ".
სპეციალისტები ჩიტების მასობრივი სიკვდილის მიზეზის დასადგენად მუშაობას განაგრძობენ. თუმცა, დიდი ალბათობით, ზუსტი პასუხი კიდევ რამდენიმე კვირა ან თვეც კი არ გვექნება.
კომენტარები