შიმპანზეების კულტურის კომპლექსურობა გარემოს ცვლილებების სიხშირესთან ერთად იზრდება
ანთროპოლოგებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ ჩვენი წინაპრები გამოგონებების ნამდვილი ოსტატები მაშინ გახდნენ, როდესაც მათი საცხოვრებელი ტყეები სავანად გადაიქცა. ეს საკმაოდ რთული დასამტკიცებელი ჰიპოთეზაა, თუმცა შიმპანზეებზე ჩატარებულმა კვლევამ თეორიისთვის სასიკეთო შედეგები გვიჩვენა. კვლევის თანახმად, ისინი ხშირად ცვალებადი გარემოს მიმართ საპასუხოდ მრავალფეროვან ქცევებს ივითარებენ.
55 წლის წინ იმის აღმოჩენამ, რომ შიმპანზეებს ხელსაწყოების დამზადება შეეძლოთ, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადეობას მრავალი შეხედულების გადააზრება აიძულა. დღეს კი უკვე ისიც ვიცით, რომ ისინი ხელსაწყოებს არა მხოლოდ ქმნიან, არამედ სპეციფიკური იარაღები ცალკეული პოპულაციებისთვისაა დამახასიათებელი. იგივე პრინციპი ქცევებზეც ვრცელდება — მაღალ ტემპერატურას ისინი სხვადასხვანაირად უმკლავდებიან: ზოგიერთი შიმპანზე გამოქვაბულს აფარებს თავს ან აბაზანებს იღებს, ზოგიერთისთვის კი მსგავსი აქტივობები სრულიად უცნობია. ეს კულტურული ქცევებია, რომლებსაც ზრდასრული შიმპანზე შვილს გადასცემს.
მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა შიმპანზეების ქცევაზე კვლევა სწორედ გარემო პირობების გათვალისწინებით ჩაატარა. როგორც გაირკვა, ზოგიერთი ქცევა მხოლოდ სპეციფიკური პირობების არსებობის დროს წარმოიშობა და ნარჩუნდება. მაგალითად, კონკრეტული საკვების მოპოვების მეთოდები პოპულაციაში დიდხანს ვერ ნარჩუნდება, თუ ახალ საცხოვრებელ ადგილას მსგავსი საკვები ხელმისაწვდომი აღარაა.
გუნდის მიერ ჩატარებული დაკვირვებებისა და სხვა კვლევების მონაცემების გაერთიანებით მკვლევრებმა შიმპანზეების 144 პოპულაციის 31 ქცევა შეისწავლეს. სამწუხაროდ, ქცევების განამარხება არ ხდება: ჩვენ არაფერი ვიცით იმ კულტურის შესახებ, რომელიც იქამდე არსებობდა, სანამ შიმპანზეები ქვის ხელსაწყოების დამზადებას დაიწყებდნენ. მართალია, თანამედროვე შიმპანზეები 3-4 მილიონი წლის წინ მცხოვრები ჰომინიდებისგან განსხვავდებიან, თუმცა როცა საკითხი ამ უკანასკნელებზე ცოდნის დაგროვებას ეხება, დასაკვირვებლად თანამედროვე შიმპანზეები მაინც ყველაზე კარგ ვარიანტს წარმოადგენენ.
ჰიპოთეზის თანახმად, როდესაც ერთ დროს სტაბილურმა ტყეებმა გამოშრობა დაიწყეს და მინდვრებით ჩანაცვლდნენ, იქ მცხოვრები ავტრალოპითეკები იძლებულნი გახდნენ, ტყეში უფრო ღრმად შესულიყვნენ ან ისეთი უნარები განევითარებინათ, რომლებიც შეცვლილ გარემოში გადარჩენას უზრუნველყოფდა.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები