მსახიობ გიორგი გურგულიას ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. გურგულია დაკავებული არ არის, მას 4 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მსახიობს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით აქვს წარდგენილი: 11 პრიმა -151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით და 360-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას, ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და თვითნებობა გულისხმობს — "ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანს ითვალისწინებს".

როგორც პროკურატურაში On.ge-ს უთხრეს, უწყება აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკამყოფილა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამ ეტაპზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მთკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. როგორც გურგულიას ადვოკატმა On.ge-სთან განაცხადა, მსახიობი თავს დამნაშავეთ არ ცნობს.

"გურგულია თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა", — განაცხადა გიორგი ბეგიაშვილმა.