გველის მიერ კვერცხის დადება უჩვეულო მოვლენა ნამდვილად არ არის. ამიტომ ის ფაქტი, რომ ახლახან სენტ-ლუისის ზოოპარკის ერთ-ერთმა მდედრმა სამეფო პითონმა 7 კვერცხი დადო, თითქოს აღნიშვნის ღირსი არც უნდა იყოს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. საქმე ისაა, რომ გველს ბოლო 15 წლის განმავლობაში მამრთან კავშირი არ ჰქონია.

მართალია, ზოგ რეპტილიას ასექსუალურადაც შეუძლია გამრავლება, მაგრამ ამ ამბავში კიდევ ერთ მოულოდნელობას გველის ასაკი წარმოადგენს: სამეფო პითონი 62 წლისაა, რაც მას ჩვენთვის ცნობილ ცოცხალ გველებს შორის ყველაზე ასაკოვნად აქცევს.

"ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ამ ასაკში გველს კვერცხების დადება შეუძლია, განსაცვიფრებელია", — განაცხადა ზოოპარკის მენეჯერმა მარკ ვანერმა.

ვანერის განცხადებით, გველი ზოოპარკს კერძო დონორმა 1961 წელს გადასცა და მისი თქმით, იგი იმ დროისთვის 3 წლის იყო. აქამდე ყველაზე ასაკოვანი სამეფო პითონის ტიტული ფილადელფიის ზოოპარკში მცხოვრებ გველს ეკუთვნოდა, რომელიც 47 წლის ასაკში დაიღუპა.

ფოტო: SAINT LOUIS ZOO

მისტერ ვანერის თქმით, როდესაც საჭირო ტეტსირებები ჩატარდება, ზოოპარკი გველის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას გეგმავს — როგორც მისი ასაკის, ასევე ასექსუალური რეპროდუქციის შესახებ.

რაც შეეხება კვერცხებს, შვიდიდან სამი გადარჩა და ამჟამად ისინი ინკუბატორში იმყოფებიან. დიდი ალბათობით, წიწილები ერთ თვეში გამოიჩეკებიან.

ზოოპარკი გენეტიკურ ტესტირებებს ატარებს, რათა დაადგინოს, ეს კვერცხები ნამდვილად ასექსუალური გზით წარმოიქმნა თუ არა. თუ დამტკიცდება, რომ პითონს მამრთან კონტაქტი მართლაც არ ჰქონია, ეს შემთხვევა უპრეცედენტო ნამდვილად არ იქნება, რადგან რეპტილიებს ასექსუალურად კვერცხები აქამდეც დაუდიათ — მათ შორის, თავად სამეფო პითონებს, ჩხრიალა გველებს და კომოდოს ვარანს.

ასევე აღსანიშნავია, რომ აქამდე ისეთი შემთხვევებიც დაფიქსირებულა, როდესაც გველები სპერმას მოგვიანებით განაყოფიერებისთვის ინახავენ.

სამეფო პითონების მშობლიურ ტერიტორიებს როგორც ცენტრალური, ასევე დასავლეთ აფრიკა წარმოადგენს.