ვენესუელას პრეზიდენტი მოსახლეობას COVID-19-ის რუსული ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს
ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ COVID-19-ის რუსული ვაქცინით მოხალისეობრივად აიცრან. რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ოფიციალურად, 11 აგვისტოს დაარეგისტრირა. თუმცა, ექსპერტები აღნიშნულ საკითხს ძალზედ სკეპტიკურად შეხვდნენ. ამის მიზეზი კვლევის ეტაპების ბოლომდე შეუსრულებლობა გახლავთ.
ვენესუელას მთავრობა, რომელსაც რუსეთისგან მილიარდობით დოლარი ვალად აქვს აღებული, სურვილს გამოთქვამს, კლინიკურ კვლევაში ჩაერთოს.
მოხალისეების ძიებაში
რუსი მეცნიერები კვლევის ადრეული ეტაპიდანვე ამტკიცებდნენ, რომ მათი ვაქცინა წარმატებული იყო. აღნიშნული იმის საბაბი გახდა, რომ მან სახელისუფლებო ნებართვა კვლევის დასრულებამდე მიიღო. ამ გადაწყვეტილებამდე ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ათასობით ადამიანზე არ შემოწმებულა.
"ჩვენ მოხალისეებს ვთხოვთ, რომ აიცრან", — განაცხადა პრეზიდენტმა მადურომ კვირას, 31 აგვისტოს.
პრეზიდენტ მადუროს განცხადება მიგვანიშნებს, რომ ვენესუელას მოხალისეები ჯერ არ ჰყავს. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება ვენესუელას ჯანდაცვის მინისტრის, კარლოს ალვარადოს განცხადების სანდოობა, როცა მან 10 დღის წინ აღნიშნა, რომ მათ რუსეთს კვლევაში მონაწილეობისათვის 500 მოხალისე უკვე შესთავაზეს. ვენესუელას მთავრობა ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ჩინური და კუბური ვაქცინების კლინიკურ კვლევაში მონაწილეობაზე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო დაუდგენელი ეფექტიანობის რუსულ ვაქცინას Sputnik V ჰქვია. მადურო ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც რუსეთის ხელისუფლებას ვაქცინის დარეგისტრირება მიულოცა.
"მე ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ამ ვაქცინით აიცრება", — განაცხადა პრეზიდენტმა მადურომ 16 აგვისტოს, თუმცა, კვირას გაკეთებულ განცხადებაში მას არ უთქვამს, იქნება თუ არა მოხალისეთა რიგებში.
ვენესუელაში COVID-19-ის 50 ათასი შემთხვევა და 381 გარდაცვალებაა რეგისტრირებული. აღნიშნული მაჩვენებელი რეგიონში საკმაოდ დაბალია. ეს იმუნოლოგებს საშუალებას აძლევთ ივარაუდონ, რომ რეალური სტატისტიკა უფრო საგანგაშოა. ამის მიზეზი საზოგადოების მიერ დაავადების სტიგმატიზირებაც გახლავთ, რის გამოც ბევრი ვენესუელელი, დადებითი შედეგის შიშით, ტესტირებაზე უარს აცხადებს.
კომენტარები