მეცნიერები კორონავისუსის მიერ გამოწვეულ იმუნურ პასუხში გარკვევას ცდილობენ
მოცემულ მომენტში დიდ ბრიტანეთში არსებული 17 კვლევითი ცენტრის მეცნიერები ცდილობენ, პასუხი გასცენ პანდემიის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს კითხვებს: რამდენი ხანი ნარჩუნდება იმუნიტეტი და რატომ ახასიათებს COVID-19-ს კლინიკური სიმწვავის ასეთი მრავალფეროვნება?
დიდი ბრიტანეთის კორონავირუსის იმუნოლოგიურმა კონსორციუმმა (UK-CIC) განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის ვირუსის მიერ გამოწვეული იმუნური პასუხის ძირეული შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნულმა ორგანიზაციამ დიდი ბრიტანეთის კვლევის ფონდიდან დაფინანსების სახით 6,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკვე მიიღო.
UK-CIC-ის ჯგუფებს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსული იმუნოლოგი, მალა მაინი ხელმძღვანელობს.
კორონავირუსის გამოჩენიდან მოყოლებული, მეცნიერები აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ. პროფესორი მაინი აღნიშნავს, რომ მსუბუქი და საშუალო შემთხვევებში აღწერილი იმუნური პასუხი ერთგვარ "სახელმძღვანელოდაც" კი გამოდგება.
მწვავე შემთხვევების მატება
კონსორციუმს იმედი აქვს, რომ მწვავე შემთხვევების მატებაში იმუნური სისტემის როლს უკეთ გამოკვეთავს. ისინი ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის შენარჩუნების ვადების გარკვევასაც ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში ჰონგკონგელმა მეცნიერებმა პირველი, დოკუმენტირებული რე-ინფიცირების შემთხვევა აღწერეს.
"ეს მილიონობით დაინფიცირებულიდან პირველი შემთხვევაა. აუცილებელია, ეს პროპორცია კარგად გავიაზროთ", — აღნიშნავს UK-CIC-ის ხელმძღვანელი მკვლევარი, პროფესორი პოლ მოსი.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემდგომ იმუნიტეტის ხანგრძლივობის შესახებ ეჭვები აქამდეც იყო. ამ კლინიკური შემთხვევის დროს საყურადღებო იყო ის გარემოებაც, რომ პაციენტს მეორე ინფექციის შემთხვევაში კლინიკური სიმპტომები არ გამოუვლენია. აღნიშნულზე დაყრდნობით პროფესორი მოსი მიუთითებს, რომ იმუნურმა სისტემამ დაავადების შეკავება ეფექტიანად შეძლო.
კონსორციუმი ასევე იკვლევს ვირუსის მიმართ არსებულ ე.წ. "წინასწარ იმუნიტეტს". რამდენიმე კვლევამ უკვე აჩვენა, რომ უბრალო გაციების გამომწვევ სხვა სახის კორონავირუსებთან ადრეული კონტაქტი, შესაძლოა, SARS-Cov-2-ის მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობდეს ხელს.
კომენტარები