Windows 95-ს 25 წელი შეუსრულდა — დიდი განახლების ისტორია
ოცდახუთი წლის წინ, 24 აგვისტოს შუაღამით ადამიანები CompUSA და BestBuy-ის რიგებში ჩადგნენ. არა, რიგში მდგომები არც Call of Duty-ის ახალი ნაწილის და არც ეფლის ახალი iPod-ის შეძენას არ აპირებდნენ. ადამიანები რიგში მხოლოდ ახალი ოპერაციული სისტემის, Windows 95-ის გამო ჩადგნენ.
1995 წლის 24 აგვისტოს მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემა Windows 95-ის გამოსვლას უამრავი ადამიანი სულმოუთქმელად ელოდა. Windows 95-ის გამოშვებაში მაიკროსოფტის თანადამფუძნებელს, ბილ გეიტს ჯეი ლენო ეხმარებოდა. ახალი ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია ბევრი სახალისო მომენტით და სცენაზე ოპერაციული სისტემის დეველოპერების სრული შემადგენლობის გამოსვლით დაგვამახსოვრდა. მაიკროსოფტისთვის ეს გრანდიოზული დღე იყო — სატელევიზიო სივრცე დაიპყრო სარეკლამო ვიდეორგოლმა "Start Me Up", რომელსაც ფონად Rolling Stones-ის მუსიკალური გაფორმება გასდევდა. სწორედ აქ მოხდა ახალი Start ღილაკის დემონსტრირებაც, რომელსაც ვინდოუსის მომხმარებლები დღემდე იყენებენ.
მაიკროსოფტმა ახალი ოპერაციული სარეკლამო კამპანიისთვის 1-საათიანი კომედიური შოუც კი ჩაწერა ჯენიფერ ენისტონის და მეთიუ პერის მონაწილეობით. ახალი ოპერაციული სისტემა იმდენად პოპულარული გახდა, რომ პირველი 5 კვირის განმავლობაში Windows 95-ის სულ 7 მილიონი ასლი გაიყიდა.
ამ საზეიმო წარდგენის მიღმა პერსონალური კომპიუტერების გიქები არჩევანის წინაშე დადგნენ — მათ უნდა გადაეწყვიტათ, რომელი ტექნიკური მახასიათებლები სჭირდებოდათ Windows 95-ის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად: პროცესორი Pentium თუ 486, მყარ დისკებში IDE თუ SCSI, ორმაგი სიჩქარის CD-ROM და Sound Blaster-ის აუდიოჩიპი.
მაიკროსოფტმა Windows 95-ში ბევრი ფუნქციური სიახლე წარმოადგინა, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი ახალმა Start მენიუმ დაიკავა, რომელმაც გაამარტივა სისტემაში აპლიკაციების ძიებისა და ნავიგაციის პროცესი. მრავალამოცანიანი რეჟიმის და გრაფიკული ინტერფეისის გაუმჯობესებით, სისტემამ Windows 3.1-თან და MS-DOS-თან შედარებით დიდი ნახტომი შეასრულა. გასათვალისწინებელია, რომ გრაფიკული ინტერფეისი იმ დროისთვის უკვე ნაცნობი იყო Macintosh-ის და OS/2-ის მომხმარებლებისთვის.
არა, Start მენიუ Windows 95-ის ერთადერთი სიახლე არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ ოპერაციული სისტემა 32-ბიტიანი იყო, ახალ Windows 95-ში ფაილების სახელში 250-მდე სიმბოლოს გამოყენების მხარდაჭერა გამოჩნდა.
დღევანდელი გადმოსახედიდან ეს რიგითი შესაძლებლობა მაშინ ჯეროვნად ამარტივებდა დოკუმენტებისთვის სახელის დარქმევას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლედ იქცა Plug and Play, რომელიც სისტემას საშუალებას აძლევდა, ავტომატურად აღმოეჩინა ახლად დაკავშირებული მოწყობილობები და მოეხდინა მისი ინსტალაცია. აღნიშნული ფუნქცია Windows 95-ის შემდგომ განახლებებში კიდევ უფრო დაიხვეწა, თუმცა ფუნქციას იმ დროისთვის დაცინვით Plug and Pray (შეაერთე და ილოცე) შეარქვეს, რადგან მოწყობილობების ავტომატური აღმოჩენის და ინსტალაციის ფუნქცია ხშირად არასწორად მუშაობდა და IRQ კონფლიქტს ან დრაივერების გაუმართაობას იწვევდა.
მაიკროსოფტს Windows 95-თან დაკავშირებით სხვა, არანაკლებ ამბიციური გეგმებიც ჰჰქონდა. ახალი აპლიკაცია Microsoft Network (MSN) თვალშისაცემი მალსახმობით დესკტოპზე სატელეფონო ინტერნეტკავშირის საშუალებით უზრუნველყოფდა მუშაობას ელ.ფოსტასთან, ჩატებთან, ახალი ამბების ჯგუფებთან და პირველ WWW საიტებთან.
კორპორაცია მაიკროსოფტმა MSN-ის გამოყენებისთვის ყოველთვიური გადასახადიც დააწესა, ხოლო თუ მომხმარებელი აპლიკაციას 3 საათზე მეტხანს მოიხმარდა, საჭირო ხდებოდა დამატებითი თანხის გადახდა. ეს ინტერნეტის განვითარების პირველი ნაბიჯები იყო. დღეს MSN ვებსერვისის სახითაა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, მაიკროსოფტმა ჯერ კიდევ მაშინ სცადა მონაცემების რამდენიმე კომპიუტერზე სინქრონიზაციის მექანიზმის დანერგვა. "ჩემი პორტფელი" განკუთვნილი იყო ფაილების სინქრონიზაციისთვის Windows 95-ზე მომუშავე კომპიუტერებსა და ლეპტოპებს შორის, ხოლო Windows-ის თანამედროვე ვერსიებში ამ ამოცანას, ოღონდ უკვე ღრუბლოვანი ტექნოლოგიით, OneDrive ასრულებს.
კომპანიამ ეს არ იკმარა და Windows 95-ში რამდენიმე სამომხმარებლო ანგარიშის მხარდაჭერაც დაამატა, რათა ოჯახის წევრებს საკუთარი სამუშაო გარემო ჰქონოდათ, პერსონალიზირებული პროგრამებისა და ბმულების ნაკრებით.
ამასთან, თუ თქვენ არ დაგაკმაყოფილებდათ Windows 95-ის საბაზისო ფუნქციები, მაშინ შეგეძლოთ შეგეძინათ Microsoft Plus პაკეტი. იგი აფართოებდა ახალი ოპერაციული სისტემის შესაძლებლობებს და გთავაზობდათ Internet Jumpstart Kit-ს (Internet Explorer-ის ადრეული ვერსია), თემატურ მხარდაჭერასა და რამდენიმე სისტემურ ხელსაწყოს.
კომენტარები