ამჟამად პინოქიოს ორ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა — დისნეის სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც რობერტ ზემეკისი იღებს და რომელშიც, სავარაუდოდ, ტომ ჰენქსი მიიღებს მონაწილეობას, და პინოქიოს თითოკადრული (ე.წ. stop-motion) ანიმაციური ვერსია, რომელსაც Netflix-ისთვის გილერმო დელ ტორო ქმნის. ამ უკანასკნელს ახლა ბევრი ვარსკვლავი შეემატა.

დელ ტოროს Pinocchio, რომელიც ამასთანავე მიუზიკლიცაა, კარლო კოლოდის ზღაპრიდან იღებს ინსპირაციას, თუმცა მისი მოქმედება მუსოლინის ეპოქის იტალიაში განვითარდება. მზად ხართ გამხმოვანებელი ვარსკვლავების სიის გასაგებად? დავიწყოთ: ევან მაკგრეგორი კრიკეტს გაახმოვანებს, დევიდ ბრედლი (უოლდერ ფრეი Game of Thrones-იდან) — ჯეპეტოს, ახალბედა გრეგორი მანი (რომლის ერთადერთი როლიც Cats-შია, თუმცა, მოდი, ნუ დავძრახავთ მას ამის გამო) კი თვითონ პინოქიოს გაახმოვანებს. Netflix-მა ასევე დაასახელა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ტილდა სუინტონი, კრისტოფ ვალცი, ფინ ვოლფჰარდი, ქეით ბლანშეტი, ჯონ ტორტურო, რონ პერლმანი, ტიმ ბლეიკ ნელსონი და ბარნ გორმანი, თუმცა კომპანიას არ უთქვამს, რა როლებს შეასრულებენ ისინი.

საინტერესოა, რომ Netflix-ის ამ ინფორმაციის გამავრცელებლ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ Pinocchio-მ — რომელსაც დელ ტორო და ანიმატორი მარკ გუსტაფსონი იღებენ — ძირითადი ფოტოგადაღება "წინა შემოდგომაზე" დაიწყო, "ფილმზე მუშაობა კი უწყვეტად მიმდინარეობდა პანდემიის დროს", რაც შესანიშნავი ამბავია იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ხანგრძლივი პროცესია თითოკადრული ანიმაციის შექმნა. ანიმაციის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია.

დელ ტორომ ანიმაციური ფილმისადმი თავისი სიხარული გამოხატა.

"მას შემდეგ, რაც ამ საოცნებო პროექტის განხორციელებას წლების განმავლობაში ვცდილობდი, იდეალური პარტნიორი ვიპოვე — ნეტფლიქსი. გასაოცარი სამსახიობო და გადამღები გუნდის შერჩევას დიდი დრო დავუთმეთ, ნეტფლიქსი კი მუდმივად გვეხმარებოდა, რამაც საშუალება მოგვცა, მშვიდად და ფრთხილად გაგვეგრძელებინა მუშაობა დროის დაკარგვის გარეშე. ყველანი ძლიერი გატაცებითა და სიყვარულით ვქმნით ამ ანიმაციას და გვჯერა, რომ ის ამ კლასიკური ამბის სრულიად ახალგვარად მოყოლის ზედგამოჭრილი გზაა", — თქვა რეჟისორმა.