COVID-19-ის გამო ყნოსვის დაკარგვა გაციების და გრიპისთვის ნიშნეული მსგავსი სინდრომისგან განსხვავდება
COVID-19-ის თანმხლები ყნოსვის დაკარგვა უნიკალურია და იგი გაციებისა თუ გრიპის თანმდევი ყნოსვის დაკარგვისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აღნიშნულის შესახებ კვლევა ჟურნალში Rhinology გამოქვეყნდა.
კორონავირუსით ინფიცირების დროს, ზოგჯერ ადამიანები ყნოსვას მოულოდნელად კარგავენ. აღსანიშნავია, რომ მათ ამ დროს სურდო ან ცხვირის "გაჭედვა" არ აწუხებთ — ისინი ჩვეულებრივ, უპრობლემოდ სუნთქავენ. აღნიშნული სხვაგვარად არის გაციების ან გრიპის შემთხვევაში, როცა ყნოსვის დაკარგვის მიზეზი ზემო სასუნთქი გზების სიმპტომატიკა გახლავთ.
ასევე მნიშვნელოვანი განმასხვავებელია გემოს "ჭეშმარიტი" დაკარგვა. ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთისგან ტკბილ და ცხარე გემოებს საერთოდ ვერ არჩევენ. გაციების ან გრიპის დროს გემოს "ჭეშმარიტი" დაკარგვა არ გხვდება. ასეთ დროს საგემოვნო თვისებები გარკვეულწილად იცვლება, რადგანაც აღნიშნულ პროცესში ყნოსვაა გამოთიშული.
ექსპერტები ეჭვობენ, რომ ამ ყოველივეს მიზეზი კორონავირუსის ნევროლოგიური მოქმედების მექანიზმია. ეს უკანასკნელი უშუალოდ ნერვულ ქსოვილებსაც წარმატებით უტევს.
დაკარგული ყნოსვის კვლევა
აღნიშნული სტატიის ავტორი პროფესორი, კარლ ფილპოტი გახლავთ. კვლევაში მან 30 მოხალისე ჩართო, საიდანაც 10-ს COVID-19 ჰქონდა დიაგნოსტირებული, 10-ს მძიმე გაციება და 10 სრულიად ჯანმრთელი გახლდათ
ყნოსვის დაკარგვა განსაკუთრებით კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯგუფში იყო გამოხატული. მათ განსხვავებული სუნის გარჩევის უნარი ძალიან დაქვეითებული ჰქონდათ და ტკბილ თუ ცხარე გემოებს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებდნენ.
"როგორც ჩანს, კორონავირუსი სხვა რესპირატორული ვირუსებისგან ნამდვილად განსხვავდება. აღნიშნული ძალიან საინტერესოა, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ ყნოსვისა და გემოს ტესტებით შესაძლოა COVID-19-ით ინფიცირებული და უბრალო გაციებითა თუ გრიპით დაავადებული ადამიანი ერთმანეთისგან განვანსხვავოთ", — აღნიშნა პროფესორმა ფილპოტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მიგნება ადამიანებს საშუალებას მისცემს, სახლის პირობებში ერთგვარი დიაგნოსტირება დამოუკიდებლად ჩაიტარონ. ამისათვის მათ ყავა, ნიორი, ფორთოხალი ან ლიმონი და შაქარი შეიძლება გამოიყენონ. ადამიანებს ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულად აღუდგებათ.
პროფესორი ფილპორტი ასევე აღნიშნავს, რომ მისი მიგნების მიუხედავად, ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტები კორონავირუსის დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანესია.
პროფესორი ენდრიუ ლეინი ცხვირის ღრუსა და სინუსური წიაღების სპეციალისტია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან. ამერიკელი პროფესორი და მისი გუნდი ცხვირის სიღრმიდან აღებული ქსოვილების ანალიზით ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ყნოსვის დაკარგვის მიზეზი. თავიანთი მიგნებები მათ European Respiratory Journal-ში გამოაქვეყნეს.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ყნოსვაზე პასუხისმგებელ უბანში ფერმენტ ACE-2-ის (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი II) დიდი კონცენტრაცია აღწერეს. აღნიშნული ფერმენტი ერთგვარი "ჭიშკარია", რომელიც კორონავირუსს ორგანიზმის უჯრედებში შეჭრის საშუალებას აძლევს. ცხვირი კი სწორედ ის ადგილია, საიდანაც Sars-CoV-2 ვირუსი ადამიანის სხეულში იჭრება.
"ჩვენ ახლა ლაბორატორიულ პირობებში ექსპერიმენტებს ვატარებთ, რათა ვნახოთ, ვირუსი ორგანიზმში შესაღწევად ამ უჯრედებს ნამდვილად იყენებს თუ არა. თუ ეს მართლაც ასეა, ჩვენ საშუალება გვექნება, ვირუსს ისეთი ანტივირუსული საშუალებით შევუტიოთ, რომლის შეყვანაც ცხვირის ღრუდან შეგვეძლება", — აღნიშნავს პროფესორი ლეინი.
კომენტარები