მეცნიერებმა COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობა დაადგინეს
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) მკვლევარებმა COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობა დაადგინეს. ამ მიგნებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ექიმებს დაავადების დროულად აღმოჩენა და ადრეულ ეტაპზევე ჯეროვანი მკურნალობის დაწყება შეეძლებათ.
პანდემიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ეპიდ-კონტაქტების გამოვლენა და შემდგომი გავრცელების თავიდან ასარიდებლად მათი იზოლირებაა. მთელი მსოფლოს მასშტაბით, მთავრობები ტესტირების, ძიების და გამოვლენის სისტემებს ამუშავებენ, რათა ამ ამოცანას თავი ეფექტიანად გაართვან. თუკი ჩვენ დაავადების იდენტიფიცირებას ადრეულ ეტაპზევე მოვახერხებთ, ეს საშუალებას მოგვცემს, კლასტერების რაოდენობა და ზომა საგრძნობლად შევამციროთ. აღნიშნულის შესახებ მკვლევართა ჯგუფმა ჟურნალში Frontiers in Public Health გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.
სწორედ ამ საკვანძო იდეის გამო დაიწყეს USC-ს მეცნიერებმა თავიანთი კვლევა. მათ ასევე გამოკვეთეს, თუ როგორ განსხვავდება ახალი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენა გრიპისა და სხვა ტიპის კორონავირუსებისაგან, რაც ადრეულ ეტაპზე დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელონავია.
მკვლევრებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის ბაზებიდან 2020 წლის 16-24 თებერვლის შუალედში დაფიქსირებული COVID-19-ის 55,924 კლინიკური შემთხვევა გააანალიზეს. აღნიშნულს მათ ასევე დაუმატეს China Medical Treatment Expert Group-ის მოწოდებული 1,100 კლინიკური შემთხვევა, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე, უშუალოდ ჩინეთში, 2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 იანვრამდე დაფიქსირდა. ძიებისას მკვლევრები ისეთ უნიკალურ სიმპტომებზე კონცენტრირდნენ, რომლებიც ადვილად ამოსაცნობი ან ობიექტური გახლდათ (მაგალითად: ყნოსვის დაკარგვა).
COVID-19-ის გრიპისგან განსხვავება მალე ძალიან აქტუალური გახდება — წინ გრიპის სეზონია. ამისათვის მკვლევრებმა COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობა გრიპის 2,500 კლინიკურ შემთხვევას შეადარეს. გრიპის შესახებ მონაცემები მათ აშშ-სა და ევროპის 1994 - 1998 წლების შუალედში აღწერილი ბაზებიდან მოიძიეს. მეცნიერებმა ასევე გამოიკვლიეს 2 ყველაზე ცნობილი კორონავირუსიც, რომელთაც MERS-ისა და SARS-ის გამოწვევა შეუძლიათ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრიპი ჩვეულებრივ ხველით იწყება, მაშინ როცა COVID-19-ისა და სხვა კორონავირუსებითვის პირველი სიმპტომი უმეტესად ცხელებაა. ამასთანავე COVID-19-სა და სხვა კორონავირუსებს ერთმანეთისაგან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილების სიმპტომებიც განასხვავებთ.
"სიმპტომთა თანმიმდევრობის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა მაშინ აქვს, როცა დაავადებათა ციკლები ერთმანეთს გადაფარავს, როგორც ეს გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევაშია მოსალოდნელი", — შენიშნავს პროფესორი პიტერ კუნი, USC-ს პროფესორი.
მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების აღწეირილი თანმიმდევრობა ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, შესაძლოა, განსხვავებული იყოს, მეცნიერთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ცხელებას დიდი სკრინინგული მნიშვნელობა აქვს. კვლევის ავტორები ასევე იმედოვნებენ, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიის დახვეწის პარალელურად, მათი სამეცნიერო მიგნება ექიმებს საშუალებას მისცემს, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზევე ამოიცნონ და მისი ეფექტიანი მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყონ.
ამერიკელი მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ სიმპტომების თანმიმდევრობა კიდევ უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ ექიმები პაციენტის ანამნეზის შეგროვებისას მათ ზუსტ თანმიმდევრობას ჩაიწერდნენ. როგორც აღმოჩნდა, ეს სტანდარტიზებული პრაქტიკა ჯერ კიდევ არ არის.
კომენტარები