ბავშვებისთვის "შეუფერებელი" მასალის გავრცელება ახალი კანონით შეიზღუდა — რა საფრთხეს შეიცავს ცვლილებები
პირველი სექტემბრიდან ტელევიზიებსა და ინტერნეტში ბავშვებისთვის "შეუფერებელი" შინაარსის მასალის გავრცელება შეიზღუდება. ეს ბავშვის უფლებათა კოდექსის თანმდევი ცვლილებაა და მაუწყებლობის შესახებ კანონში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძეა. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს აპროტესტებენ და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია შეიძლება იყოს სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის გრაფიკულ გამოსახულება, ასევე, ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენა, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც "გაუკუღმართებული ფორმით" ხდება. კანონმა საფრთხის შემცველად მიიჩნია "უხამსი ქმედების" ან ისეთი ძალადობრივი და სახიფათო ქმედების ჩვენებაც, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია.
გარდა ამისა, კანონში წერია, რომ შეუფერებელია ისეთი პროგრამებიც, რომელიც შეიცავს ძალადობის ამსახველი სცენა ახლო ხედით, თუმცა ეს არ ეხება შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამებს. ჩამონათვალში მოხვდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ჩვენებაც, ასევე მოხმარების გამართლება ან მოწონება. იგივე ეხება თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას.
(ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სტატიის ბოლოს)
"არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი" პროგრამის განთავსებისთვის მედიას, შესაძლოა, სანქციაც დაეკისროს. მათ შორის: წერილობითი გაფრთხილება და ვადის მიცემა დარღვევის აღმოსაფხვრელად, ჯარიმა ან ლიცენზიის/ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება.
ტელევიზიებმა ეს წესები შემდეგნაირად უნდა დაიცვან: 18 წლამდე ბავშვებისთვის "შეუფერებელი" კონტენტი არ უნდა განათავსონ დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე, ხოლო 15 წლამდე ასაკისთვის "შეუფერებელი" — დილის 6-დან ღამის 11 საათამდე. რაც შეეხება 12 და 7 წლის ბავშვებისთვის "შეუფერებელ" კონტენტს, მათთვის პერიოდი ერთნაირია — დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
დროის შეზღუდვები არ ვრცელდება ინტერნეტ მედიაზე, თუმცა მათ ექნებათ ნიშანდების, ანუ კონტენტზე შესაბამისი ასაკის შეზღუდვის მაჩვენებლის განთავსების ვალდებულება.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები მის კანონპროექტს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად მიიჩნევენ, სოფიო კილაძე მათთან დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. სხვა კითხვებთან ერთად, ისიც გვაინტერესებდა, რას გულისმხობს სოფიო კილაძე "გაუკუღმართებული ფორმით" განხორციელებულ სექსუალურ ურთიერთობაში. თუმცა ის დღეს არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს. On.ge-მ დეპუტატთან დაკავშირება ვერ შეძლო ვერც პარლამენტის პრესსამსახურის საშუალებით.
"ფასადური კეთილშობილება"
ტელევიზიების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ კანონის "კეთილშობილური მიზანი" მხოლოდ ფასადია და რეალურად, სახელმწიფოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლის საშუალება ეძლევა, რის შედეგადაც მათ შეექმნებათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც.
გარდა ამისა, მთავარმა არხი, კავკასია, TV პირველი, ფორმულამდა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი მიიჩნევენ, რომ მათთვის ეს კანონი არაგანჭვრეტადი და სრულიად ბუნდოვანია.
"მაუწყებლები ხაზს ვუსვამთ, რომ არც ერთი მაუწყებელი არ არის წინააღმდეგი დაიცვას ბავშვის უფლებები. თუმცა, ეს კეთილშობილური მიზანი უნდა იყოს მიღწეული ისე, რომ არ დაზიანდეს სხვა, ასევე დიდი სიკეთეები, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში", — წერია საერთო მიმართვაში.
მაუწყებლები მოითხოვენ, კანონის შესაბამის მუხლებზე გამოცხადდეს მორატორიუმი და კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება საარჩევნო შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე არ მოხდეს.
ამასთან, მთავარი არხი და ტელეკომპანია კავკასია მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ბუნდოვანი ჩანაწერი და საფრთხე მედიის თავისუფლებისთვის
კანონში ახალი ჩანაწერები ბუნდოვანია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვისაც. ქარტიის ხელმძღვანელი, მარიამ გოგოსაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას მათი ფართო განმარტების საშუალებას აძლევს. გოგოსაშვილის თქმით, კომისია ცდილობს, თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხები რეგულირების სფეროში გადაიტანოს.
"საკანონმდებლო ჩანაწერების ბუნდოვანება და განმარტების მიცემის შესაძლებლობა კომისიისთვის, ჩემი აზრით, არის საფრთხის შემცველი მედიისთვის, ისევე როგორც ჩანაწერები ინტერნეტთან მიმართებაში", — ამბობს ის.
ახალ კანონში მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარეგულირებელი კომისიის მიერ კანონის თვითნებურად ინტერპრეტაციის საფრთხეზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს კანონი განჭვრეტადობის პრინციპს არ შეესაბამება
"არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ნებისმიერი უფლების შეზღუდვა კონკრეტული და განჭვრეტადი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს. კომისიას თვითნებურად განმარტების საშუალება კი არ უნდა ჰქონდეს და ზოგადი და ბუნდოვანი კანონი კი არ უნდა იყოს, არამედ შეზღუდვა კონკრეტული შინაარსის მატარებელი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს", — აცხადებს საია-სიურისტი, ნიკა სიმონიშვილი On.ge-სთან.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, ედუარდ მარიკაშვილიც მიიჩნევს, რომ ყველაზე პრობლემური აქ ტერმინების ბუნდოვანებაა, რაც კომისიის მხრიდან სუბიექტური ინტერპრეტაციის რისკებს შეიცავს.
"პრობლემაა ფართო ტერმინები და ის ვალდებულებები, რომლებიც ეკისრება მაუწყებლებს. იმდენად ფართოა ტერმინოლოგია და კონტენტის შინაარსი, რომლის გავრცელების შეზღუდვაც ხდება, რომ ტოვებს თვითნებობის რისკებს, რადგან აღსრულება სრულად მინდობილი აქვს კომისიას. ასევე, პრობლემაა ის, რომ კომისიას უკვე ექნება ბერკეტი, შევიდეს მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსში და დაარეგულიროს", — აცხადებს მარიკაშვილი.
იურისტის აზრით, ამ ცვლილებებით სახელწიფო მძლავრ ბერკეტებს იქმნის, რაც ტოვებს რესურსს, რომ კანონი არა ბავშვების დაცვის მიზნით, არამედ იმ მედიის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
იურისტს კიდევ ერთ პრობლემად მოსალოდნელი "გამყინავი ეფექტი" მიაჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაჯარიმების შიშით მედიამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საკითხები არ გააშუქოს.
"იმდენად ფართო და ბუნდოვანი ჩანაწერებია, ფაქტობრივად არ ტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ მაუწყებლებმა თავისი ქცევა შეუსაბამონ ნორმის მოთხოვნებს. ასეთი ფართო ტერმინები აჩენს გამყინავ ეფექტს მედიაზე და გამოხატვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა მედიამ თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებისგან იმის შიშით, რომ რაიმე პრობლემა არ შეექმნათ კომუნიკაციების კომისიასთან", — ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
ეთიკის ქარტიის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ ეს საკითხები თვითრეგულირების სფეროა და არა სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ — მედია თავად უნდა წყვეტდეს, ამ კანონში ჩამოთვლილი საკითხები ეთიკურია თუ არა და უნდა გააშუქოს თუ არა, ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.
ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მარეგულირებელი კომისიის მხრიდან მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსობრივი რეგულირება არაკონსტიტუციურია.
"არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომელიც ამბობს, რომ კომისიას არ აქვს შინაარსის რეგულირების უფლებამოსილება, ვინაიდან შინაარსობრივი რეგულირება არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მძიმე ფორმა. შესაბამისად, სახელმწიფო მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს ამ ყველაფრისგან", — ამბობს მარიკაშვილი On.ge-სთან.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და კერძოდ, ედუარდ მარიკაშვილი მთავარ არხსა და კავკასიას ამ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაშიც ეხმარება. უცნობია, როგორ დასრულდება ეს დავა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის მოქმედების შეჩერებაც შეუძლია.
კომენტარები