დენგეს ცხელება დაავადებაა, რომელსაც კოღოს ნაკბენი აჩენს. ეს ინფექცია მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. დაავადების მსუბუქი ფორმა მაღალ სიცხესა და გრიპის მსგავს სიმპტომებს იწვევს, შედარებით მძიმე ფორმა (დენგეს ჰემორაგიული ცხელება) სისხლდენას, წნევის უეცარ კლებასა და სიკვდილსაც კი შეიძლება იწვევდეს.

მსოფლიოში ყოველწლიურად დენგეს ცხელების მილიონობით შემთხვევა ფიქსირდება. დაავადება ყველაზე მეტად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის კუნძულების დასავლეთ ნაწილში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაშია გავრცელებული. ამის მიუხედავად, ინფექცია ევროპისა და აშშ-ის ნაწილებშიც ფიქსირდება ხოლმე.

ცნობისთვის, დენგეს ცხელების შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა, როგორც ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე აცხადებს, ინფექციის ფართოდ გავრცელების შანსი ძალიან დაბალია.

ასევე იხილეთ — პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს

მკვლევრები დენგეს ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. პრევენციის საუკეთესო გზა კოღოს ნაკბენის თავიდან არიდებაა.

სიმპტომები

დენგეს ცხელების მქონე პაციენტების დიდ ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ უვლინდება. გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ინფიცირებული კოღოს კბენიდან 4-10 დღის შემდეგ იწყება. ამ ინფექციის სიმპტომები ხშირად სხვა დაავადების სიმპტომებში ეშლებათ, მაგალითად, გრიპის.

დენგეს ცხელება მაღალ სიცხეს (40°C) იწვევს. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • თავის ტკივილი
  • კუნთების, ძვლებისა და სახსრების ტკივილი
  • კუჭის პრობლემები
  • ღებინება
  • თვალების ტკივილი
  • გამონაყარი

უმეტეს შემთხვევაში დენგეს ცხელება 1-2 კვირაში იკურნება, თუმცა დაღლილობა შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. ზოგჯერ სიმპტომები მწვავდება და შეიძლება სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე. ამას მწვავე დენგეს ცხელებას, იგივე დენგეს ჰემორაგიულ ცხელებას უწოდებენ.

ეს უკანასკნელი მაშინ დგება, როცა ინფექცია სისხლძარღვებს აზიანებს და გაჟონვას იწვევს. ამ დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ეცემა. ამან შინაგანი სისხლდენა და ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს.

დენგეს ჰემორაგიული ცხელება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. სიმპტომები უცებ ჩნდება, ძირითადად სიცხის დაწევიდან 1-2 დღეში. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • მუცლის ტკივილს
  • ღებინებას
  • ღრძილებიდან ან ცხვირიდან სისხლდენას
  • შარდში, განავალში ან ნაღებინებ მასებში სისხლს
  • კანზე გაჩენილ ჩალურჯებებს
  • სწრაფ ან გახშირებულ სუნთქვას
  • დაღლილობას
  • მოუსვენრობას

აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, თუ იმ რეგიონში ხართ ან ცოტა ხნის წინ იყავით, რომელშიც დენგეს ცხელებაა გავრცელებული, თუ გქონდათ სიცხე და თუ დენგეს ჰემორაგიული ცხელების სიმპტომები დაგეწყოთ.

აღსანიშნავია, რომ დენგეს ცხელება ინფიცირებული ადამიანებისგან არ ვრცელდება, არამედ იგი ინფიცირებული კოღოს ნაკბენით ჩნდება. კოღო ვირუსს ინფიცირებული ადამიანის კბენით იღებს და შემდეგ სხვა ადამიანებში ავრცელებს.

დენგეს ცხელების შემდეგ იმავე ტიპის ვირუსი აღარასდროს დაგემართებათ, მაგრამ შეიძლება დენგეს ვირუსის 3 სხვა ტიპიდან რომელიმე დაგემართოთ.

ორსულობის დროს დენგეს ცხელებით ინფიცირებით შეიძლება ვირუსი ბავშვსაც გადაედოს. გარდა ამისა, ორსულობის დროს დენგეს ცხელება ნაადრევი მშობიარობის რისკსაც ზრდის.

რისკ-ფაქტორები

ზოგ ადამიანს დენგეს ცხელებით დაავადების უფრო მაღალი რისკი აქვს ისევე, როგორც ინფექციის უფრო მწვავე ფორმის განვითარების. რისკ-ფაქტორებია:

  • ტროპიკულ რეგიონებში ცხოვრება ან მოგზაურობა. განსაკუთრებით მაღალი რისკის რეგიონებია: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, წყნარი ოკეანის კუნძულების დასავლეთი ნაწილი, ლათინური ამერიკა და აფრიკა.
  • წარსულში დენგეს ვირუსით ინფიცირება.

პრევენცია

მსოფლიოს იმ რეგიონებში, რომლებშიც დენგეს ცხელება გავრცელებულია, 6-16 წლის პაციენტებისთვის შესაბამისი ვაქცინაა ხელმისაწვდომი, რომელსაც QDenga-ს უწოდებენ. ვაქცინა 2-ჯერ კეთდება, მინიმუმ 3-3 თვის დაშორებით. 60 წლამდე ადამიანებს ვაქცინის გაკეთება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ, რადგან ამ დროს დენგეს ჰემორაგიული ცხელების განვითარების რისკიც მაღალია.

პრევენციისთვის საუკეთესო გზა მაინც კოღოს ნაკბენისგან თავის არიდებაა. ამისთვის სასურველია:

  • ისეთ საცხოვრებელში იყოთ, რომელშიც კონდიციონერია
  • ფანჯრებსა და კარებზე დამცავი ბადეები უნდა იყოს გაკრული
  • დღისით განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ, რადგან დენგეს ვირუსების მატარებელი კოღოები ამ დროს უფრო აქტიურია, თუმცა მათ ღამითაც უნდა ერიდოთ
  • ისეთი ტანსაცმელი გეცვათ, რომელიც კანს გიფარავთ
  • დაიტანოთ რეპელენტი (პერმეტრინი) ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სალაშქრო აღჭურვილობასა და საწოლზე. გარდა ამისა, პერმეტრინის შემცველი ტანსაცმელიც არსებობს.
  • კოღოების გამრავლების ადგილები მოსპოთ, ძირითადად, დაგუბებული წყლები, რომლებიც მანქანის საბურავებში, სარწყავ კონტეინერებში, ცხოველის კვებისთვის განკუთვნილ ჭურჭელსა და ყვავილების ვაზებში შეიძლება გვხვდებოდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.