ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულები არიან, რომ ბელარუსში არსებული ყველა პრობლემა მალე მოგვარდება. ამის შესახებ The Guardian კრემლზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, პრეზიდენტებმა აღნიშნული სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

"ეს პრობლემები არ უნდა გამოიყენონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას ზიანი მიაყენონ", — ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ამ სატელეფონო საუბრის წარმართვამდე, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი პუტინთან საუბარს აპირებდა, რადგან მისი თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ერთი ქვეყნის საფრთხე აღარ იყო.

9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნებს მოყვა. გამოსვლები გვიან ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.

14 აგვისტოს კი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს და აღნიშნეს, რომ შედეგები გაყალბებულია, ამიტომ ევროკავშირი ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არ ცნობს. მათ სანქციების დაწესებაც გადაწყვიტეს.

ბელარუსში პროტესტი გრძელდება. პროტესტანტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახლა მის სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ.