რუსეთის ვიცე-პრემიერს, იური ტრუტნევს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ TASS მის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრუტნევი ახლა თვითიზოლაციაშია.

აღსანიშნავია, რომ პუტინის მტკიცებით, რუსეთმა უკვე შექმნა ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, ის უკვე მზადაა და მისმა შვილმაც გამოიყენა.

რუსეთში ოფიციალური პირები გეგმავენ, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ოქტომბერში დაიწყონ.

პუტინის განცხადებით, ეს მსოფლიოში პირველი ვაქცინაა, ის მოსკოვის Gamaleya ინსტიტუტის მიერ შეიქმნა და ვირუსის წინააღმდეგ "მდგრადი იმუნიტეტის" შექმნას ისახავს მიზნად. მან თქვა, რომ ვაქცინა "საკმაოდ ეფექტურია", თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

როგორც BBC წერს, ექსპერტები რუსეთის საქმიანობის სიჩქარის გათვალისწინებით საკითხს დიდი ინტერესით ეკიდებიან და ფიქრობენ, რომ მეცნიერები წესების გვერდის ავლით მოქმედებდნენ. გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა რუსეთს, ვაქცინის შექმნის პროცესში საერთაშორისო სტანდარტებს მიჰყვეს.