პორნოგრაფია 21-ე საუკუნეში, მისი გავლენა სექსუალობაზე და სექსზე
სექსი უბრალოდ სექსი არ არის. შეიძლება გასაკვირი იყოს, თუმცა ერთ-ერთი რამ, რაც ადამიანებს დანარჩენ ცხოველთა სამყაროსგან მნიშვნელოვნად განასხვავებს, სექსია. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს არა უშუალოდ ბიოლოგიურ აქტზე, არამედ მის კულტურულ მნიშვნელობაზე.
ბევრი ცხოველისგან განსხვავებით, ადამიანებში სექსი მხოლოდ სიამოვნების მიღების ან განაყოფიერების გზა არ არის, ის რიგ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს უკავშირდება. ამასთან, ბევრ საზოგადოებაში სექსის მისაღები და მიუღებელი ფორმები არსებობს, რაც ცხოველთა სამყაროსთვის ასევე უცხო ფენომენია.
ამიტომ გასაკვირი არაა, რომ "ვაჟიშვილობის" ან "ქალიშვილობის" დაკარგვა; ასაკი, როდესაც ეს ხდება; სექსუალური პრეფერენციები; თუ სექსუალური ქცევა ბევრისთვის ძალიან სენსიტიური საკითხებია. ამაზე საჯაროდ საუბარი ხშირად არასწორი მიზეზების გამო არის უხერხული. ცხადია, ბევრისთვის სექსი, ისევე როგორც ურთიერთობის სხვა ფორმები, ხშირად უბრალოდ პირადულია, თუმცა ზოგისთვის ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა.
საინტერესო ისაა, რომ თანამედროვეობაში, ინტერნეტმა და პორნოგრაფიამ ნაწილობრივ გვაჩვენა, რომ ადამიანების სექსუალობა და სექსუალური პრეფერენციები იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე მანამდე გვეგონა. "უცნაური" და "იშვიათი" სექსუალური ფანტაზიები არც ისე "უცნაური" და "იშვიათია".
პორნოგრაფია ადამიანებს ისეთი სექსუალური პრეფერენციების და ფანტაზიების დაკმაყოფილებაში ეხმარება, რომლებიც მათთვის ხშირად სამარცხვინოა ან რომელთა რეალურად განხორციელება ბევრისთვის მიუღებელია. იმის გამო, რომ პორნოგრაფია ასეთი "მოსახერხებელია", დროთა განმავლობაში ზოგი (განსაკუთრებით ახალგაზრდა) ადამიანი რეალური სექსისადმი ინტერესს კარგავს ან ხშირ შემთხვევაში სექსუალურ ცხოვრებაში სირთულეებს აწყდება.
ინტერნეტი ჩვენი სექსუალობის ანარეკლია
უკვე აღვნიშნეთ, რომ სექსი ადამიანებისთვის უბრალოდ პენეტრაციის აქტი არ არის. მას კულტურული და ფსიქოლოგიური ასპექტებიც აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის აღნიშვნაა, რომ "დამაკმაყოფილებელი" სექსი კიდევ აბსოლუტურად სხვა რამ არის და ის ბევრად იშვიათია, ეს კი ნაწილობრივ კულტურის ბრალია.
როდესაც სოციოლოგები ამბობენ, რომ კულტურა "ნორმატიულია", ისინი იმას გულისხმობენ, რომ საზოგადოებებში ერთგვარი ნორმები წესდება, რომელთაგანაც გადახვევა ხშირად მიუღებელია, ხანდახან კანონის დონეზეც კი. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა და გეი სექსი კანონით ისჯება. მიუხედავად ამისა, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც სამართლებლივი სისტემა "უჩვეულო" პრეფერენციების მქონე ადამიანებისადმი უფრო შემწყნარებელია, ხშირად საზოგადოებაა დაუნდობელი.
იმის გამო, რომ სექსზე მოზარდობაში გარკვეული წარმოდგენები გვექმნება, განსხვავებული პრეფერენციები გვეუცნაურება, ამის გამო ბევრს თავისი "ფეტიშების" (ხშირად ეს სიტყვა დამამცირებლად გამოიყენება) დამალვა უწევს.
სექსუალური პრეფერენციების კულტურასთან შეუსაბამობა ხშირია. მაგალითად, გაიკითხეთ თქვენს ამხანაგებში რამდენი უყურებს "ჰენტაის" (იაპონური პორნოგრაფიული ანიმაცია), სავარაუდოდ, ყველა თავს გააქნევს. თუმცა, PornHub-ის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ჰენტაი მსოფლიოში პორნოს ყველაზე მოთხოვნადი კატეგორია იყო. ასევე პოპულარულია ზოგადად ნებისმიერი სახის ანიმაციური პორნოგრაფია, სადაც თქვენი ბავშვობის საყვარელი Disney-ის პრინცესები საკმაოდ ამმ... "არაპრინცესულად" იქცევიან.
პორნოგრაფიული საიტების და ინტერნეტ ძიების სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჩვენ წინ ადამიანების სექსუალური ფანტაზიების უცნაური სურათი იშლება. საინტერესო ისაა, რომ ამა თუ იმ კულტურის გავლენა ფანტაზიებზე ბოლო დროს უფრო თვალსაჩინო გახდა.
მაგალითად, ერთი გამოკითხვის მიხედვით, ჯგუფური სექსის ფანტაზია საკმაოდ გავრცელებულია. ამ კატეგორიას თავისი ქვეკატეგორია აქვს, "cuckold", რომელიც განსაკუთრებით პოპულარული აშშ-შია. მსგავს პორნოვიდეოებში ყველაზე ხშირად თეთრკანიან ცოლს თავის თეთრკანიანი მეუღლის თანდასწრებით სექსი შავკანიან კაცთან აქვს, რომელიც მეუღლესთან შედარებით ბევრად დაკუნთულია, ძლიერია და რაც მთავარია, დიდი ზომის პენისი აქვს.
შავკანიან კაცთან სექსის ფანტაზია თეთრკანიან ამერიკელებში დიდი ხანია არსებობს და მას საკმაოდ რასისტული საწყისები აქვს (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ფანტაზია რასისტული არაა). შავკანიანების ფიზიკური უპირატესობა და სექს "სუპერძალების" მითი ჯერ კიდევ მონობის პერიოდიდან იწყება. ამ მითის გამოხატულებაა სცენარი, სადაც თეთრკანიანი დიდგვაროვანი ქალი ქმარს შავკანიან მონასთან ღალატობს.
იმის გამო, რომ ბევრი თავის სექსუალურ ფანტაზიებს მალავს და ხშირად მსგავსი ფანტაზიების გამო სხვებს აკნინებს, გამოკითხვებიდან საზოგადოების პრეფერენციების გაგება რთულია. თუმცა, ბევრი ანალიტკოსი მიიჩნევს, რომ ონლაინ ძიების ტრენდის ანალიზით ბევრი საინტერესო ფაქტის გაგება შეიძლება.
მაგალითად, მონაცემთა ანალიტიკოსი და Everybody Lies-ის ავტორი, სეთ სტეფენს-დავიდოვითსი, მიიჩნევს, რომ აშშ-ში იმაზე ბევრად მეტი გეია, ვიდრე გვგონია.
"აშკარაა, რომ ბევრი გეი კაცი თავის ორიენტაციას არ ამჟღავნებს. ისეთ ადგილებში, სადაც გეობა ნაკლებად მიღებულია — მაგალითად, მისისიპიში — ორიენტაციას ბევრად მეტი მალავს, ვიდრე, მაგალითად, ნიუ-იორკში. სინამდვილეში, ძიების სტატისტიკის მიხედვით, გეი სექსისადმი ინტერესი ყველგან თანაბარია", — ამბობს სტეფენს-დევიდოვითსი.
ფანტაზია მხოლოდ ფანტაზიაა
80-იან წლებში აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში რომანტიკულ-ეროტიკული პროზის ბუმი დაიწყო. ამ ჟანრის წიგნებს, ძირითადად, ქალები წერენ და მათ, ძირითადად, ასევე ქალები კითხულობენ. ვრცელი მეტაანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე გავრცელებული თემატიკა მსგავს პროზაში გაუპატიურება და სექსუალური ძალადობაა.
ახალგაზრდა თეთრკანიან ქალს კაცი აუპატიურებს, მოგვიანებით კი მათ ერთმანეთი უყვარდებათ. თუმცა, გაუპატიურების ფანტაზია არ ნიშნავს, რომ ქალებს რეალურად სურთ, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, როგორც ეს ბევრ მიზოგინს ჰგონია.
ინდოეთში, სადაც ვიდეო და ფოტო პორნოგრაფია აკრძალულია, პორნოგრაფიული კომიქსი "Ashok at Home" ძალიან პოპულარულია. მისი მთავარი პერსონაჟი ქალი უბრალო დიასახლისია, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებით და ოჯახური მოვალეობებით უკმაყოფილოა და ამიტომ საღამოობით უცნობ ადამიანებთან "უპასუხისმგებლო" სექსით კავდება.
ადამიანები ხშირად ფანტაზიების რეალობაში განხორციელებისგან თავს არამ ხოლოდ იმიტომ იკავებენ, რომ ეს მათთვის "სამარცხვინოა", არამედ იმიტომაც, რომ შეიძლება არც სურდეთ მათი რეალობაში განხორციელება. ზუსტად ისე, როგორც, ადამიანები, რომლებიც GTA-ს თამაშობენ, რეალობაში ხალხს არ კლავენ და ამ "ფანტაზიას" მხოლოდ თამაშში ახორციელებენ.
თქვენი ტვინი პორნოგრაფიაზე
მიუხედავად იმისა, რომ პორნოგრაფიით ბევრი სექსუალურ ფანტაზიებს იკმაყოფილებს და მეტიც, თავის სექსუალობას იკვლევს, ხშირად პორნოგრაფიის მოხმარებას საკმაოდ უსიამოვნო გვერდითი ეფექტები ახლავს თან.
ადამიანთა უმეტესობისთვის სექსი სასიამოვნო იმიტომაა, რომ ჩვენი ტვინი უამრავ "სიამოვნების" ჰორმონს გამოყოფს. ერთ-ერთი ასეთი ჰორმონი დოპამინია. შესაბამისად, აქტივობები, რომლებიც დოპამინის გამოყოფას უკავშირდება, სასიამოვნოა და ჩვენ ეს სიამოვნება გვამახსოვრდება.
საინტერესო ისაა, რომ პორნოს ყურებისას ადამიანებში იგივე ეფექტი მოქმედებს. სექსისგან განსხვავებით, პორნოგრაფია ყოველთვის ხელმისაწვდომია ამიტომ, როცა მავანს "დოპამინი" დასჭირდება, ეიფორიის მდგომარეობის მიღწევა საკმაოდ მარტივია.
რეალური სექსისგან განსხვავებით, პორნოგრაფიის ყურება ადამიანების უმეტესეობაში ბევრად მეტ დოპამინს გამოყოფს. ჩვენი სხეული ამხელა რაოდენობას ბუნებრივად არ გამოიმუშავებს.
მეცნიერებაში არსებობს ტერმინი "სუპერნორმალური სტიმული" — მისადმი ადამიანები და ცხოველები ძალიან მიდრეკილები ვართ. ანუ ხშირად ისეთ "არაბუნებრივ" და "გაზვიადებულ" სტიმულებს ვამჯობინებთ, რომლებიც ბუნებაში არ მოიპოვება.
პორნოგრაფია იმიტომაა ასეთი მიმზიდველი, რომ ის ხშირად ძალიან გაზვიადებულია. დოპამინზე მოთხოვნილება ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულებას ჰგავს. მაღალი დოზის მიღების შემდეგ ადამიანებს მეტი სიამოვნების მიღება უნდებათ და ამიტომ უფრო მეტად არაბუნებრივი და გაზვიადებული სტიმულის ძიებაში არიან.
პორნოგრაფიის ჭარბი მოხმარება, სამწუხაროდ, ადამიანებს თავიანთ რეალურ სექსუალურ ცხოვრებაში ხელს უშლის. მაგალითად, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კაცების უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას ერექციული დისფუნქცია პორნოგრაფიის ხშირი მოხმარების გამო აწუხებს.
წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, პორნოგრაფია კაცებში რეალური სექსისადმი არარეალისტურ მოლოდინებს ამკვიდრებს. შესაბამისად, პორნოგრაფიის გადაჭარბებული ოდენობით მოხმარებისას კაცებისთვის რეალური სექსი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შეიძლება გახდეს.
პორნოგრაფიის მოხმარების გამო გახშირდა ეგრეთ წოდებული "ტრავმული მასტურბაციის სინდრომი". მარტივად რომ ვთქვა, უფრო და უფრო ექსტრემალური პორნოგრაფიის მოხმარებისას, დოპამინის "არაბუნებრივად" დიდი დოზის გამოყოფის მიზნით, ადამიანები (განსაკუთრებით კაცები) მასტურბაციის არაჯანსაღ ჩვევებს ივითარებენ. აქ ბევრი რამ იგულისხმება — მაგალითად, ძალიან სწრაფი მასტურბაცია, რომლის გამეორებაც სექსის დროს, პენეტრაციით შეუძლებელია, ან უჩვეულო "პოზები" და ა.შ.
"ტრავმული მასტურბაციის სინდრომის" და იმის გამო, რომ სექსისას პორნოგრაფიის ყურებით და მასტრუბრაციით მიღებული სიამოვნების რეპლიკაცია ვერ ხერხდება, ზოგს ერექციული დისფუნქციის გარდა "დაგვიანებული ეაკულაციის" პრობლემა აქვს. ანუ, სექსისას ორგაზმის მიღებას უფრო და უფრო დიდი დრო სჭირდება.
დატოლების ობსესია და არარეალისტური სტანდარტები
ძალიან უცნაურია, რომ პორნოგრაფია ბოლო დროს ადამიანების სექსუალობის და სექსუალური ქცევის ანარეკლი გახდა. ერთი მხრივ, პორნოგრაფია ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ფანტაზიები, როგორც მინიმუმ საკუთარ თავებთან არ დამალონ და მეორე მხრივ, პორნოგრაფიამ არარეალური მოლოდინები და მავნე ქცევები ჩამოაყალიბა, რაც ხშირად ადამიანებში შფოთვის საბაბიცაა.
იმის გამო, რომ პორნოგრაფიას უფრო მეტად კაცები მოიხმარენ, ყველაზე მეტი პრობლემა მათ ექმნებათ. ინტერნეტის და შესაბამისად პორნოგრაფიის პოპულარიზაციასთან ერთად, როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი კაცი ობსესიური ხდება, როცა საუბარი სექსუალობას ეხება.
მაგალითად, ამ სტატიაში ვახსენეთ პორნოებში შავკანიანების რასისტული "ფეტიშიზაცია", სადაც დაკუნთული, უფრო "მასკულინური" შავკანიანი კაცი თეთრკანიან ქალს სექსუალურ ფანტაზიებს უკმაყოფილებს. ბევრი თეთრკანიანი კაცისთვის პორნოებში გათამაშებული ეს სცენარი რეალისტურია.
ერთ-ერთი მეტად გავრცელებული რასისტული მითის მიხედვით, შავკანიან კაცებს საშუალოზე ბევრად დიდი პენისები აქვთ. ამას არცერთი სამეცნიერო კვლევა არ ადასტურებს. კაცებში გახშირებულია "პატარა პენისის სინდრომი". ანუ, კაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ პენისის ზომა პარტნიორის სექსუალური კმაყოფილების პირდაპირპორპორციულია. მაშინ, როცა კვლევები აჩვენებს, რომ რატომღაც პენისის ზომას კაცები ბევრად მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ქალები.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რადგან სექსუალობა და სექსუალური პრეფერენციები ხშირად "სამარცხვინოა", კაცები და ქალები პრობლემების, განსაკუთრებით კი სექსუალობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, პროფესიონალურ დახმარებაზე უარს ამბობენ.
ერთი შეხედვით, მოსფლიოში პროგრესული პოლიტიკის და სექსუალური ლიბერალიზაციის გამო, სექსუალობასთან და სექსთან ასოცირებული შფოთვა უნდა შემცირებულიყო. თუმცა, თანამედროვე მონაცემები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი კაცებში სექსი და სექსუალური ჩვევები ძალიან სენსიტიურია და ხშირად შფოთვის საგანიცაა. არაერთი მეტაანალიზი აჩვენებს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ახალგაზრდა კაცები სექსისგან თავს იკავებენ, ხშირად ზემოხსენებული შფოთვის გამო.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალში ამას საზოგადოებაზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე საგანგაშოდ უარყოფითი ეფექტები ექნება.
კომენტარები