რატომ გვიყვარს ცხიმიანი და კალორიებით სავსე საჭმელი ასე ძალიან? რატომ არის ასეთი რთული, რომ საყვარელ გადაცემასა თუ ფილმს მოვწყდეთ? რატომ ვართ მიჯაჭვული ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებს? რატომ გაგვირბის თვალი პორნოგრაფიისკენ?

მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ: გუგულს გამრავლების საინტერესო სტრატეგია აქვს, მისი ქცევა ბუდობრივი პარაზიტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია - გუგული სხვა ფრინველის ბუდეში კვერცხს ჩუმად დებს, ამავდროულად კი მასპინძლის ერთ კვერცხს ბუდიდან აგდებს, რათა ბუდეში კვერცხების რაოდენობა არ შეიცვალოს. გუგულის კვერცხები მასპინძლისას წააგავს, თუმცა ისინი უფრო დიდი და მკვეთრი ფერისაა. გუგულის ბარტყს უფრო დიდი პირი აქვს, ვიდრე მასპინძლისას.

მასპინძელი დედა გამოჩეკვის პროცესში ყველაზე მეტად დიდი ზომის კვერცხზე ზრუნავს, კვერცხების გამოჩეკის შემდეგ კი ყველაზე მეტ საჭმელს იმ ბარტყს აჭმევს, რომელიც პირს ყველაზე ფართოდ აღებს.

მდედრი მერცხლები მამრებს იმის მიხედვით არჩევენ, თუ რამდენად ძლიერად აქვთ მათ გამოხატული ლურჯი ფერი მუცელზე, რაც თავის მხრივ ფრინველის ჯანმრთელობაზე მიუთითებს. როდესაც მეცნიერებმა მსუბუქად შეფერილი მამრების ბუმბული მკვეთრი ლურჯი მარკერით გააფერადეს, აქამდე "დაწუნებული" მამრი მერცხლები მდედრებისთვის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ პარტნიორებად იქცნენ.

ავსტრალიაში ოქროსფერმა ხოჭოებმა საკუთარი სახეობა კინაღამ გადაშენებამდე მიიყვანეს, რადგან მამრი ხოჭოები მდედრების ნაცვლად ბუნებაში გადაყრილ სტაფილოსფერ, ხორკლიან ლუდის ბოთლებთან ცდილობდნენ შეჯვარებას, რადგან თუ თქვენ მამრი ხოჭო ხართ, არაფერია უფრო მიმზიდველი, ვიდრე ხასხასა სტაფილოსფერი ხორკლიანი მდედრი, ან ლუდის ბოთლი, რომელსაც ყველა ეს მახასიათებელი მდედრ ხოჭოზე უფრო ძლიერად აქვს გამოხატული.

რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან?

ყველა ეს შემთხვევა სუპერნორმალური გამღიზიანებლის იდეალური მაგალითია. ამ ტერმინის არსს კი მალე მიხვდებით.

ბუნებრივი გადარჩევა ევოლუციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და ის ცდისა და შეცდომის მეთოდზე დაფუძნებული პროცესია, რომლის საშუალებითაც ცოცხალი ორგანიზმები და მათი ქცევითი თავისებურებები ყალიბდება. ცოცხალი ორგანიზმის ქცევა რეაქციების ერთგვარი კრებულია, რომელსაც ორგანიზმი სხვადასხვა შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლების საპასუხოდ ახორციელებს.

ამ რეაქციების ჩამოყალიბება ევოლუციის პროცესში მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ეს ქცევები მხოლოდ იმდენად არის კარგი, რამდენადაც ის ორგანიზმის გადარჩენისთვის არის საჭირო.

სულელი ცხოველები

ფოტო: Velizar Simeonovski

სტატიის დასაწყისში აღწერილი ქცევები ერთი შეხედვით სევდიანი, ან სასაცილოა. ეს ქცევები "სულელი" ცხოველების ინსტინქტებზე მიუთითებს, თუმცა რამდენად განვსხვავდებით ადამიანები გუგულის, მერცხლის ან თუნდაც ლუდის ბოთლებზე შეყვარებული ხოჭოსგან?

ჰომო საპიენსმა ფეხი პირველად აფრიკულ სავანაში 200 000 წლის წინ აიდგა და ჩვენი ქცევები და ინსტინქტებიც იმ გარემოსაა მორგებული, სადაც ჩვენმა სახეობამ საკუთარი არსებობის ისტორიის 99 პროცენტი გაატარა. ველურ ბუნებას ვგულისხმობთ.

აფრიკის სავანაში ადამიანთათვის სიცოცხლე ხანმოკლე და არამყარია. ამ დროს საჭმელი და თავშესაფარი ძალიან იშვიათი და ღირებული რამაა. ადამიანებთან ერთად კი საცხოვრებელ ტერიტორიას უამრავი სწრაფი და საშიში მტაცებელი იყოფს. ფიზიკურად სუსტი, შედარებით ნაზი კანის მქონე, უბეწვო, ორ ფეხზე მოსიარულე ჰომო საპიენსის სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ მის გონებრივ შესაძლებლობებში იმალება. მართლაც, ის ფიქრები, ემოციები, ქცევები და ინსტინქტები, რომლებმაც ჩვენი წინაპრების გადარჩენა განაპირობა, დღესაც ჩვენს ტვინებშია ჩაბეჭდილი და ჩვენი ქცევის დიდ ნაწილს წარმართავს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა.

დღეს ადამიანები თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, ვიკვლევთ კოსმოსს, ვკურნავთ დაავადებებს, ვქმნით ვირტუალურ რეალობას, თუმცა ევოლუციური ფსიქოლოგია მიუთითებს, რომ ჩვენი ტვინი მენტალურად კვლავ აფრიკის უდაბნოებში, მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების სტილით ცხოვრობს.

10 000 წლის წინ ჰომო საპიენსმა მიწის დამუშავება დაიწყო. სოფლის მეურნეობამ კაცობრიობას განვითარების უპრეცენდენტო შანსი მისცა, ადამიანმა რესურსების მოგროვება და მისი ჭკვიანურად გამოყენება ისწავლა. სოფლის მეურნეობის განვითარების შემდეგ ბოლო 10 000 წლის განმავლობაში განვლილმა სოციალურმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა კი დღევანდელი ცივილიზაცია მოგვცა.

საქმე ისაა, რომ ბოლო 10 000 წელიწადში ჩვენ გარშემო არსებული გარემო რადიკალურად შეიცვალა, ხოლო ჰომო საპიენსი კი მხოლოდ მცირედით. ჩვენს ტვინში ჩაბეჭდილი ინსტინქტები და თვითგადარჩენის მექანიზმები იმ გარემოში, რომელ გარემოშიც ის ჩამოყალიბდა, ჯანსაღი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გვიბიძგებდა, თუმცა დღევანდელ სამყაროში ჩვენი ინსტინქტები ზოგჯერ დიდი პრობლემების წყარო ხდება.

ანატომიურად თანამედროვე ადამიანი დაახლოებით 200 000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო ქცევით თანამედროვეობას მან დაახლოებით 50 000 წლის წინ მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ თუ 50 000 წლის წინ, ან თუნდაც უფრო ადრე დაბადებულ ჰომო საპიენსის ბავშვს დღევანდელ ცივილიზაციაში ჩავსვამთ, ის ისეთივე თანამედროვე ადამიანი გაიზრდება, როგორიც თქვენ ხართ. ისწავლის ლაპარაკს, წერასა და კითხვას, ივლის სკოლაში და ა.შ.

მართალია, გვაცვია ჯინსები, გვაქვს აიფონი და გავფრინდით მთვარეზე, მაგრამ ეს ყველაფერი კულტურის დამსახურებაა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, დაგროვილი ინფორმაციის თაობიდან თაობაში გადაცემაა. ხოლო ფიზიოლოგიურად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი ბოლო რამდენიმე ათეულ ათას წელიწადში მხოლოდ მცირედით შეიცვალა. 10 000 წელი ძალიან მცირე დროა და ევოლუციას არ ჰქონდა შანსი, რომ ჩვენში არსებული ინსტინქტები თანამედროვე ყოფისთვის მოერგო.

სუპერნორმალური სტიმული

ტერმინი "სუპერნორმალური სტიმული" ნობელის ლაურეატმა ნიკო ტინბერგენმა ცხოველების კვლევისას შემოიღო, მან დაადგინა, რომ ძალიან მარტივი იყო ისეთი ობიექტების შექმნა, რომლებიც ცხოველებში არსებულ ინსტინქტს იმაზე უფრო ძლიერად აღძრავდა, ვიდრე ის ობიექტები, რომლისთვისაც ინსტინქტი ჩამოყალიბდა.

ნიკო ტინბერგენი კვერცხების შეღებვის პროცესში

ნიკო ტინბერგენი კვერცხების შეღებვის პროცესში

ფოტო: Nina Leen—Time Life Pictures/Getty Images

მეცნიერი სწავლობდა ფრინველებს, რომლებიც ნაცრისფრად დაკოპლილ ღია ლურჯი ფერის პატარა კვერცხებს დებდნენ. მან აღმოაჩინა, რომ თუ ის ფრინველის ბუდეში ხელოვნურად შექმნილ, ხასხასა მკვეთრი ლურჯი ფერის კვერცხს ჩადებდა, რომელსაც შავი კოპლები ჰქონდა, ფრინველები საკუთარ ნამდვილ კვერცხებს აღარ უვლიდნენ, მათ ერჩივნათ, რომ ხელოვნურ კვერცხზე ეზრუნათ.

ცალსახა იყო, რომ ფრინველებში ბიოლოგიურად კოდირებული ინსტინქტი არა ჯანმრთელი კვერცხის მოვლის ცნებაზე, არამედ კვერცხის რამდენიმე მახასიათებელზე - სილურჯეზე, ზომასა და კოპლებზე იყო ორიენტირებული.

ტინბერგენმა აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა სახეობაში ეს მახასიათებელი განსხვავდებოდა, ზოგიერთი ფრინველი ყავისფერი კვერცხების მოვლის მიმართ იყო კოდირებული, ზოგი - თეთრის და ა.შ.

ეს ინსტინქტი ფრინველებისთვის ერთგვარი მითითებაა, რომელიც მათ კარნახობს, როგორ მოიქცნენ — თუ ძალიან ბევრ კვერცხს დადებ, უმჯობესია, რომ ყველაზე დიდსა და მკვეთრი ფერისას მოუარო, რადგან როგორც წესი, ყველაზე ჯანმრთელი ბარტყები ასეთი კვერცხებიდან იბადებიან. ეს ყველაფერი ლოგიკურია და ბუნებრივ გარემოში ეს ინსტინქტები განაპირობებს, რომ ფრინველები ჯანმრთელ შთამომავლობას გაზრდიან და დროსა და ენერგიას ავადმყოფ და სუსტ შთამომავლობაზე არ დახარჯავენ, თუმცა ტინბერგენმა აღმოაჩინა, რომ ეს ინსტინქტი სრულყოფილისგან შორსაა და მისი ექსპლუატაცია ადვილად შეიძლება.

სუპერნორმალური გამღიზიანებელი ბუნებრივი გამღიზიანებლის გადაჭარბებული და გაზვიადებული ვარიანტია, რომელიც ორგანიზმების ინსტინქტებზე "თამაშობს." ხელოვნურად შექმნილი დიდი ზომის, ხასხასა ლურჯი ფერის კოპლებიანი კვერცხი ამის კარგი მაგალითია, მოტყუებული ფრინველი სწორედ ასეთ კვერცხს მოუვლის, რადგან მისი ინსტინქტები მას ამას კარნახობს.

ტინბერგენმა აღმოაჩინა, რომ სუპერნორმალური გამღიზიანებლის შექმნა ყველა ფუნდამენტური ინსტინქტის მიმართ შეიძლება. მან აღმოაჩინა, რომ მამრი მახათა, რომელიც ტერიტორიის დაცვაზე ორიენტირებული თევზია, მასთან მიახლოებულ ოთხკუთხედ, წითელძირიან ხის ფიგურებს უფრო მეტად უტევდა, ვიდრე ნამდვილის მსგავს მამრებს, რომელთაც ქვედა მხარე ნაკლებად წითელი ჰქონდათ. აშკარაა, რომ თევზის ინსტინქტი არა მამრის მოახლოების წინააღმდეგ არის კოდირებული, არამედ ობიექტის, რომლის ქვედა მხარეც წითელია.

ეს ინსტინქტები ბუნებრივ გარემოში, როგორც წესი, წარმატებით მუშაობს, ბუნებაში ვერ შეხვდებით მეცნიერებს, რომლებიც თევზებსა და ფრინველებს დასდევენ და მათ ბუდეებში ხელოვნურად შექმნილ, არარეალურ კვერცხებს ან წითლად შეღებილ ხის ფიგურებს დებენ, ამის გამო, ამ დრომდე არ არსებობდა საჭიროება, რომ ინსტინქტი იმაზე უფრო კომპლექსური ყოფილიყო, ვიდრე ის ამჟამად არის. ამიტომ, მითითება, "შეუტიე თევზის მსგავს მოძრავ ობიექტს, რომელსაც თვალი და წითელი შეფერილობა აქვს," ბუნებაში საკმაოდ ეფექტურია, რადგან შემთხვევების უმეტეს ნაწილში წითელი შეფერილობის თევზის ფორმის მსგავსი მოძრავი ობიექტი მართლაც მისი კონკურენტი მამრი იქნება.

ბუნებაში სუპერნორმალური გამღიზიანებლები პრაქტიკულად არ გვხვდება, სტატიის დასაწყისში მოყვანილი გუგულის მაგალითი ერთ-ერთი გამონაკლისია.

როგორც ხედავთ, სუპერნორმალურ გამღიზიანებელზე "წამოგება" ინდივიდისთვის დიდწილად წამგებიანია, დიდ ხელოვნურ კვერცხზე ჯდომით ფრინველი შთამომავლობას ვერასდროს დატოვებს, ხის ფიგურებთან ბრძოლით მახათა საკუთარ ტერიტორიას ვერასდროს დაიცავს და ოქროსფერი ხოჭო ლუდის ბოთლთან ვერასდროს გამრავლდება.

ადამიანი

ფოტო: Stuart McMillen

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხოველებში სუპერნორმალური გამღიზიანებელი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ადამიანებში ის თავზე საყრელად გვაქვს, უფრო მეტიც, მას ჩვენი ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად ხშირად ჩვენ თვითონ ვქმნით.

სავანაში ჩამოყალიბებული ინსტინქტები სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების მოპოვებაში გვეხმარებოდა, დღეს კი ჩვენ ამ ინსტინქტებს ხელოვნურად შექმნილი გამღიზიანებლებით ვკვებავთ, იმაზე ძლიერად, ვიდრე ეს ბუნებაში ოდესმე მოხდებოდა.

ჩვენ გვაქვს შოკოლადის ნამცხარი და ჩიზბურგერი, რომელიც ბევრად უფრო ტკბილი, მარილიანი, კალორიული და ცხიმიანია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაზეც ჩვენს წინაპრებს ხელი მიუწვდებოდათ. შაქარი სუპერნორმალური გამღიზიანებელია, პრეისტორიული ადამიანები ბუნებაში შაქარს მხოლოდ მცირე რაოდენობით თუ შეხვდებოდნენ და ის მათი გადარჩენისთვის აუცილებელი ენერგიის წყარო იყო, სწორედ ამიტომ, შაქრის მიმართ ჩვენ განსაკუთრებული მიზიდულობა გაგვაჩნია. ახლა კი ჩვენ გვაქვს შოკოლადი, რომელშიც იმაზე მეტი შაქარია, ვიდრე პრეისტორიული ადამიანი ოდესმე წარმოიდგენდა. შესაბამისად, ის ჩვენთვის თითქმის არაბუნებრივად, გადაჭარბებულად გემრიელია. სწორედ ამიტომ გვიჭირს მასზე უარის თქმა.

ფოტო: Stuart McMillen

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიზიკური ძალით ადამიანები ცხოველების უმეტესობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ, ჩვენი სიძლიერე სოციალურ ურთიერთობებში და ერთ გუნდად შეკვრაში იმალება, იქნება ეს მამონტებზე ნადირობა, თუ თავდამსხმელებისგან საკუთარი გამოქვაბულის დაცვა.

დღეს ჩვენ ვუყურებთ ფილმებს, გადაცემებს, სატელევიზიო შოუებს და ვიყენებთ სოციალურ მედიას, სადაც 2 000 მეგობარი გვყავს, რაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და გარკვეულ სოციალურ ჯგუფში წევრობის ილუზიას გვიჩენს.

პორნოგრაფია სუპერნორმალური გამღიზიანებლის კიდევ ერთი კარგი მაგალითია. ერთი კლიკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ წვდომა დაუსრულებელი რაოდენობის "პარტნიორებზე" მოიპოვოთ, რაც რეალურ ცხოვრებაში ნაკლებ სავარაუდოა. ამ ქმედებით თქვენში კონკრეტული ინსტინქტი იმაზე უფრო მეტად აქტიურდება, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში ის ოდესმე გააქტიურდებოდა, სუპერნორმალური გამღიზიანებელია სხეულის ხელოვნურად გადიდებული ნაწილებიც, მაგალითად მკერდი, ან ტუჩები.

ბავშვების საყვარლად აღქმა ევოლუციური ადაპტაციაა, რაც გვიჩენს სურვილს, რომ ჩვენს შთამომავლობაზე ვიზრუნოთ. ახლა კი ვქმნით სათამაშოებს და მულტფილმის პერსონაჟებს, რომლებიც ჩვენს ბავშვებზე უფრო საყვარლები არიან, რადგან მათ ის თვისებები, რაც საყვარლობას განაპირობებს გადაჭარბებულად აქვთ გამოხატული.

სუპერნორმალური გამღიზიანებლები ჩვენს ტვინს დოპამინის - "ბედნიერების ჰორმონის" დიდი დოზით აჯილდოვებს, ეს კი მასზე დამოკიდებულებას იწვევს.

საყვარელი ობობა

საყვარელი ობობა

ფოტო: Lucas the Spider

ცალსახაა, რომ ჩვენ ხანდახან გვაქვს ფუფუნება და დრო, რომ საკუთარი ინსტინქტები ჩვენივე შექმნილი გამღიზიანებლებით დავიკმაყოფილოთ, ვუყუროთ ფილმებს და მივირთვათ პოპკორნი, მაგრამ სად გადის ზღვარი ჯანსაღ და საზიანო ქცევას შორის?

სუპერნორმალური გამღიზიანებლები, ცხოველების მსგავსად, ადამიანებზე იმიტომ მოქმედებს, რომ ისევე როგორც ცხოველებში, ინსტინქტები ჩვენს ტვინშიც არის კოდირებული, ხოლო მათ ჩვენზე იმაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ჩვენ ვაღიარებთ. სამყაროში, სადაც სუპერნორმალური გამღიზიანებლები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ცხოვრება რთულია. ჩვენ ხშირად ვგრძნობთ, რომ ჩვენი ნებისყოფა თითქოს სადღაც გაქრა და ჩვენ საკუთარი სურვილებისა და ინსტინქტების მსხვერპლნი ვხვდებით.

ფოტო: Stuart McMillen

ცხოველების უმეტესობისგან განსხვავებით, ადამიანებს სუპერნორმალური გამღიზიანებლების წინააღმდეგ ერთი იარაღი გაგვაჩნია. ტვინის ნაწილი, რომელსაც შეუძლია, რომ ჩვენში კოდირებულ ინსტინქტებს არ დაემორჩილოს. ეს ცნობიერი გონებაა, რომლის არსებობაც დიდწილად ჩვენი ნეოკორტექსის დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რთულია, ადამიანი ჯერჯერობით ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია, რომ ცრუ ჭეშმარიტისგან გაარჩიოს — ეს არჩევანი დიდ ნებისყოფას მოითხოვს და მასზე ხელი მხოლოდ იმ ორგანიზმებს მიუწვდებათ, რომლებსაც საკუთარი ინსტინქტების მართვა შეუძლიათ.