ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მოქმედი დეპუტატი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ოკუპაციას ორი ავტორი ჰყავს. ერთ-ერთად ის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ასახელებს:

"ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი: ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი".

კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ასევე თქვა, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ტერიტორიების დაკარგვა "ძალიან მძიმე ქმედებების, კერძოდ, ღალატის შედეგია".

"ეს არის ოკუპაციის ორი თანაავტორი და ამ პასუხიმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა", — აცხადებს ის.

მისი თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ პუტინს მის მიერ შემუშავებული სცენარი განახორციელებინა და შემდეგ, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელის მოწერით, რუსეთს ოკუპაცია გაუფორმა.

"პირდაპირ ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ იმას, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა [...] ამას რა შეიძლება დაერქვას, გარდა ღალატისა? ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერასოდეს გაექცევიან და ჩვენ მუდმივად მოგვიწევს მათთვის ამ უმძიმესი დანაშაულის, ამ ღალატის შეხსენება", — ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 12 წლისთავზე მთავარი არხის სპეციალურ გამოშვებაში განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს.

მან განცხადება ჰააგის სასამართლოსთან გააკეთა და თქვა, რომ აგვისტოს ომის შესახებ სპეციალისტებმა დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ, კერძოდ კი თეა წულუკიანმა ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მანიპულაციები ჩაიდინა.