ფეისბუქმა წაშალა ყალბი ანგარიშები, რომელთაც თავი ტრამპის აფროამერიკელ მხარდამჭერებად მოჰქონდათ
ფეისბუქმა უცხო ქვეყნის ტროლების ქარხნის ისეთი ასობით ანგარიში წაშალა, რომლებიც საკუთარ თავს დონალდ ტრამპის და კონსპირაციული თეორიის, QAnon-ის აფროამერიკელ მხარდამჭერებს უწოდებდნენ. გარდა ამისა, ფეისბუქმა წაშალა ასობით სხვა ყალბი ანგარიში, რომელიც კონსერვატიულ მედიასაშუალება The Epoch Times-ს უკავშირდებოდა. აღნიშნული მედია აქტიურად ავცრელებდა დონალდ ტრამპის კონსპირაციულ თეორიებს კორონავირუსის და აშშ-ში საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორების შესახებ.
ფეისბუქმა ეს ანგარიშები კოორდინირებული არაავთენტური ქცევის პოლიტიკის ფარგლებში წაშალა, რადგან ისინი დეზინფორმაციის მასობრივ გავრცელებას უწყობდნენ ხელს.
ტრამპის მხარდამჭერი უცხოური ტროლების ქარხანა რუმინეთში მდებარეობდა და საკუთარ კონტენტს ინსტაგრამზე BlackPeopleForTrump ("შავკანიანები ტრამპისთვის") და ფეისბუქზე We Love Our President ("ჩვენ გვიყვარს ჩვენი პრეზიდენტი") სახელებით ავრცელებდა.
ტროლების ქარხანა ესაა ადამიანების ჯგუფი, რომელიც კოორდინირებული მუშაობის შედეგად ცდილობს ინტერნეტში საზოგადოების ინტერესებით მანიპულირებას ყალბი ანგარიშების გამოყენებით. ხშირად ასეთ ქარხნებს სხვადასხვა ბიზნეს კომპანიაში თუ მთავრობაში აუთსორსზე ყიდულობენ, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. ფეისბუქის უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიხერი მიიჩნევს, რომ ახლადგამოაშკარავებული ტროლების მოტივაცია ბუნდოვანია და მკაფიოდ არ იკვეთება ფინანსური მოტივი ან უშუალო კავშირი ამ სივრცეში არსებულ ცნობილ კომერციულ სუბიექტებთან.
ფეისბუქში აღნიშნავენ, რომ მსგავს ანგარიშებზე შეტევა ეფუძნება არა გაზიარებული კონტენტის შინაარსს, არამედ მათ ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება ყალბი ანგარიშების შექმნის და ავთენტურობის პოლიტიკას.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ტროლების ქარხანაში პოსტების დიდი ნაწილი გაზიარებულია ვინმე დევიდ ადრიანის ყალბი პროფილით, რომელიც იყენებდა სხვა ადამიანის სურათს და ამტკიცებდა, რომ ის არა რუმინეთში, არამედ მონტანაში ცხოვრობდა. გამოვლენის შემდეგ დევიდ ადრიანის ანგარიში წაიშალა როგორც ინსტაგრამიდან, ისე ფეისბუქიდან და ტვიტერიდან.
ტროლების გამოვლენის მეორე სპეცოპერაციაში, რომელიც ტრამპის მხარდამჭერ მედიასაშუალება Epoch Media Group-ს უკავშირდება, ფეისბუქის 303 ყალბი ანგარიში, 181 გვერდი, 44 ჯგუფი და ინსტაგრამის 31 ანგარიში გამოვლინდა, რომლებსაც საერთო ჯამში თვალს 2 მილიონამდე მომხმარებელი ადევნებდა. Epoch Media Group-ს ეკუთვნის The Epoch Times. გამოვლენილი ანგარიშები კი მიბმულნი იყვნენ ციფრულ მედიასაშუალებასთან, სახელწოდებით TruethMedia, რომელსაც ფეისბუქმა სოციალური ქსელით სარგებლობის უფლება შეუზღუდა.
გლეიხერის თქმით, ამ ე.წ. მედიასაშუალებებიდან აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების კონსპირაციულ თეორიებსა და COVID-19-თან დაკავშირებულ ყალბ ცნობებზე.
The Epoch Times-ის ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორის, სტივენ გრეგორის თქმით, მათ არანაირ კავშირი არ აქვთ TruthMedia-სთან.
Graphika-ს კვლევიდან ირკვევა, რომ ამავე ქსელის მიერ თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა პეტიცია, რომელიც კორონავირუსის "ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვირუსად" გადარქმევას ითხოვდა.
ფეისბუქმა ორჯერ მიიღო ზომები Epoch Times-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ბოლო ასეთი შემთხვევა უკავშირდებოდა მედიასაშუალების მიერ deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც Epoch Times-ის მოსაზრებების გამყარებას ემსახურებოდა. გლეიხერის თქმით, Epoch Media Group-თან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები, ძირითადად, არსებულ სურათებს იყენებდნენ და ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა.
ფეისბუქმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ The Epoch Times-ს აუკრძალა სარეკლამო პოსტების გამოქვეყნება, რადგან რეკლამის შეძენა ხორციელდებოდა ანგარიშებიდან, რომელთა სახელებიც ჟღერდა როგორც "პატიოსანი გაზეთი" ან "სუფთა და პატიოსანი ჟურნალისტიკა". ამ გზით მათ სოციალური მედიის რეკლამის რეგულაციის სისტემებისთვის გვერდის ავლა სურდათ. იმ დროისთვის The Epoch Times ტრამპის მხარდამჭერი რეკლამების ერთ-ერთი დიდი შემსყიდველი გახლდათ.
კომენტარები