12 წელი აგვისტოს ომიდან — რუსეთის და საქართველოს ურთიერთობები 1921 წლიდან

ფოტო: rferl.org
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში საგარეო პოლიტიკის იარაღად კონფლიქტების ესკალაციის გზას ხშირად იყენებს. ოკუპანტი სახელმწიფო, ეთნიკური შუღლის გაღვივების გზით ცდილობს რეგიონში კონფლიქტური კერები წარმოშვას და პრო-რუსული განწყობები გააღვივოს. აღნიშნული კონფლიქტები "გაყინული კონფლიქტების" სტატუსით ხდება ცნობილი, ვინაიდან, რუსეთი, გარდა იმისა, რომ კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს, მის მშვიდობიან გადაჭრის შესაძლებლობასაც საფრთხეს უქმნის, სარგებლობს მოუგვარებელი კონფლიქტების სტატუს-კვოს შენარჩუნებით და ამით ინარჩუნებს გავლენას მისთვის სტრატეგიულ ტერიტორიებზე.

ფოტო: deviantart.com
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოსების დასახლება მე-17 საუკინიდან დაიწყო. ეს მიწა ისტორიულად საქართველოს ტერიტორიის ნაწილი იყო. 1918-1921 წლებში, ბოლშევიკების დახმარებით შიდა ქართლის ტერიტორიაზე არაერთი სეპარატისტული აჯანყება მოეწყო, რომლებიც მიზნად საბჭოთა კავშირთან მიერთებას ისახავდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, აჯანყებები ეწყობოდა იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებულნი (აფხაზეთი, შიდა ქართლის ოსები, ქვემო ქართლის (ლორეს) სომხები, მესხეთის მუსლიმები). ბოლშევიკები აღვივებდნენ იმ ნარატივს, რომ ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობას დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო საფრთხეს უქმნიდა.
რუსეთის კომუნისტური პარტიის კომიტეტის კავკასიური ბიუროს გადაწყვეტილებით, 1922 წლის 20 აპრილს საქართველოს ტეროტირიაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა. ეს ქმედება იყო ერთგვარი სამადლობელი ოსი ბოლშევიკებისათვის, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას და ქვეყანაში მენშევიკთა დაჯგუფებებს ებრძოდნენ. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ცხინვალის რეგიონს საკმაოდ ფართო ავტონომია ეძლეოდა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ოსების დიდი ნაწილი ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა ნაწილში, მათი უმრავლესობა (95%-ზე მეტი) თავისუფლად საუბრობდა ქართულ ენაზე, არ არსებობდა ეთნიკური დაპირისპირების არანაირი საფუძველი. სამხრეთ ოსეთის ოლქის გარდა, ქართველებსა და ოსებს შორის დაპირისპირება ადგილი არ ჰქონია არც ერთ სხვა რეგიონში.
კონფლიქტის გაცოცხლება 1980-იანი წლებიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც "პერესტროიკის" შემდეგ საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობები გააქტიურდა, აფხაზებსა და ოსებში სეპარატისტული მოძრაობები კვლავ გააქტიურდა. ოსეთში ამ პერიოდისთვის არსებობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა "ადამონ ნიხასი", რომელიც სამხრეთ ოსეთის ოლქისთვის სტატუსის ამაღლებას და საქართველოსგან მის გამოყოფას ითხოვდა.
1990 წლის დეკემბერში ქართველებსა და ოსებს შორის პარტიზანული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამავე დროს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმების თაობაზე.
თბილისში მომხდარი გადატრიალების შემდეგ, 1992 წლის 21 თებერვალს, სამხედრო საბჭომ მიიღო დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებობდა მხოლოდ ორი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიები. 1992 წლის 29 მაისს ცხინვალის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1991-92 წლებში ომმა სამხედრო დაპირისპირების სახე მიიღო. კონფლიქტმა დაახლოებით 4 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ათობით ათასს საცხოვრებლის შეცვლა მოუწია. 1992 წლის 10 ივნისს, დაბა ყაზბეგში, ედუარდ შევარდნაძე ჩრდილოეთ ოსეთის სსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, გალაზოვს შეხვდა, სადაც მიღებულ იქნა შეთანხმება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
1992 წლის 4 ივლისს კი ვლადიკავკაზში შედგა მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც დაღომისის ხელშეკრულების შესრულების განმტკიცებაზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.

ედუარდ შევარდნაძე
ფოტო: ვიკიპედია
2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა, რამაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეცვალა. ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, ქვეყანამ პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მიმართულება აიღო, თუმცა ცდილობდა ურთიერთობების დალაგებას რუსეთთანაც. ამის მაგალითი იყო სააკაშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი სეპარატისტების ყოფნის აღიარება. ამასთან ერთად, ქვეყნებს შორის გაძლიერდა ეკონომიკური კავშირები და 2004 წელს გაიმართა საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ფორუმი. საქართველომ და რუსეთმა მიაღწიეს არაერთ მნიშვნელოვან შეთანხმებას ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებით.
თუმცა ვარდების რევოლუციამ გააჩინა შიში, რომ "ხავერდოვანი რევოლუცია" სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეც შეიძლება გავრცელებულიყო, ვინაიდან ამ პერიოდში, ერგნეთის ბაზრობის გამო, ვაჭრობა და კომუნიკაციის დონე განვითარების მაღალ ეტაპზე იყო. თუმცა, ამავე ბაზრობაზე კონტრაბანდული საქონლის მიმოქცევა საქართველოს ეკონომიკისათვის საკმაოდ საშიში იყო.

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე
2004 წელს, ერგნეთის ბაზრობის დახურვის გამო, კონფლიქტი კვლავ გაღვივდა. "ჰუმანიტარულმა შტურმმა" შედეგი არ გამოიღო და კრიზისმა შეიარაღებული შეტაკებების საფრთხე წარმოშვა.
2004 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სააკაშვილმა კონფლიქტის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, სოჭში კი ზურაბ ჟვანიასა და კოკოითს შორის დემილიტარიზაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. 2005 წელს სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის ფართო ავტონომიის მიცემის შესახებ ისაუბრა. მისი შეთავაზება იყო პრივილეგირებული საგადასახადო რეფორმა და თვითმმართველობის მაღალი ხარისხი.
2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს ახალი პროექტი, "ალტერნატიული სამხრეთ ოსეთი" დაიწყო, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობდა. მისი მიზანი იყო მოლაპარაკების ტრანსფორმირება ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყებით.
2007 წელს, მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების სამიტზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით დასავლეთისადმი ღია კონფრონტაციის გამოცხადებად იქნა აღქმული. ორ დღეში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა NATO-ს წევრი. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა კოკოითმა და თქვა, რომ სამხრეთ ოსეთი ნატო-ს წევრი არასდროს გახდებოდა.
2008 წელს ომს წინ უძღვოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მასტაბის მოვლენა — ნატო-ს ბუქარესტის სამიტი. მიუხედავად იმისა, რომ ვერც საქართველომ და ვერც უკრაინამ სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღო, რადგან ამას გერმანია რუსეთისგან მოსალოდნელი უარყოფითი რეაქციების არგუმენტით ეწინააღმდეგებოდა, ქვეყნებს მაინც ჰქონდათ მკაფიო შედეგი — სამიტზე განისაზღვრა, რომ საქართველოცა და უკრაინაც გახდებოდნენ ნატოს წევრები.
რუსეთის პასუხმა არ დააყოვნა. ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს საზღვრებთან ჩაატარა სამხედრო წვრთნა სახელწოდებით "კავკასია 2008". საქართველო წვრთნებს ნატო-სთან ერთად ატარებდა.

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთმა თავდასხმები ომამდე დაიწყო. ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ პირველ აგვისტოს მოწყობილ თავდასხმაში 5 ქართველი სამშვიდობო დაიჭრა. ცხინვალში გამართული დაპირისპირება 6 ოსი მოქალაქის დაღუპვით დასრულდა. ოსებმა დაიწყეს ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან არსებობდა დაძაბულობის გაზრდის საფრთხე. 8 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით სამხრეთ ოსეთის რამდენიმე რეგიონი უკვე განთავისუფლდა, მათ შორის ზნაური, ცინაგარი, დმენისი, გრომი და ხეთაგუროვო. ლადო გურგენიძემ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო მოქმედების მიზეზი იყო ქართულ სოფლებზე თავდასხმის მოწყობა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერმა, კოკოითმა კი განაცხადა, რომ ცხინვალზე ყველა მხრიდან მიდიოდა შეტევები. 8 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით რუსული ჯარის შემოსვლა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამხედრო შენაერთები ბევრად ადრე ემზადებოდნენ შემოსასვლელად.

ფოტო: TASS
10 აგვისტოს მათ მიერ დაიბომბა გორის, ვაზიანის, სენაკის და ფოთის მნიშვნელოვანი სამხედრო პუნქტები. 12 აგვისტოს სარკოზის აქტიური ჩართულობით შედგა ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმება და გაფორმდა ე.წ „ექვსპუნქტიანი გეგმა“, რომლის პირობებზე მედვედევმა და სააკაშვილმა სატელეფონო ზარის საშუალებით მოილაპარაკეს. გეგმა ითვალისწინებდა მტრობის შეწყვეტასა და ჯარების კონფლიქტამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას; კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას; იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში; გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან და საქართველო დარჩენილიყო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუმცა რუს სამშვიდობოებს ეძლეოდათ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე დარჩენის უფლება. ამ ხელშეკრულებაზე რუსული მხარის მიერ ხელმოწერის მიუხედავად, მისი პუნქტების თითქმის არ შესრულებულა, მეტიც, იმავე წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

ფოტო: Rferl.org
რუსული ნარატივის მიხედვით, ქართული ჯარი „შეიჭრა“ სამხრეთ ოსეთში, თავს დაესხა უდანაშაულო მოსახლეობას, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს და სამშვიდობოებს. რუსები ქართველების ამ ოპერაციას „გენოციდსაც“ უწოდებენ. რუსეთის მხარე ამის დასტურად იყენებდა საკუთარ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც ქართველების მიერ 2000 ოსი იქნა მოკლული, მოგვიანებით, Human Rights Watch-ის მიერ დადგინდა, რომ ეს რიცხვი ახლოსაც არ იყო სინამდვილესთან. (Human Rights Watch 2009, 71-78). თუმცა ქართული მხარე ცალსახად აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმა ქართულ შენაერთებზე იყო მასიური დესტრუქციის მიზეზი. რუსეთის ქმედება აუცილებლად უნდა ჩაითვალოს აგრესიის აქტად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რეგულარული სამხრედო ძალების შეყვანა, რომელთაც არ აქვთ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, მიიჩნევა საერთაშორისო სამართლის დარღვევად.
ომის შემდეგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა და 2009 წლიდან შვეიცარიამ იკისრა ქვეყნებს შორის შუამავლის როლი. 2013 წლიდან არსებობს აბაშიძე-კარასინის ორმხრივი ფორმატი, ქვეყნები კომუნიკაციისთვის იყენებენ ჟენევას საერთაშორისო დისკუსიების ფორმატსაც. წლების განმავლობაში.

ფოტო: PETER ANDREWS / REUTERS
ოსებს და ქართველებს შორის არანაირი ეთნიკური კონფლიქტის საფუძველი არ ყოფილა, თუმცა რუსეთმა კარგად გამოიყენა მისი საგარეო პოლიტიკის ტაქტიკა საქართველოშიც, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის არაერთ ქვეყანაში და ჯერ 1991-92 წლის დაპირისპირების, შემდეგ 5-დღიანი ომის პროვოცირება მოახერხა და საბოლოოდ, საქართველოს ტერიტორიის 20%-იც მიიტაცა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა