მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს
ფოტო: Natural History Museum, London & Göteborgs university
კრიტიკულ ლითონებზე გლობალური მოთხოვნის სწრაფად ზრდის გამო ოკეანის ფსკერიდან ამ სტრატეგიული რესურსების მოპოვებას სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს. ახლახან მეცნიერებმა წყალქვეშ, დაახლოებით 4 000 მეტრის სიღრმეზე აქამდე უცნობი მრავალი სახეობის ორგანიზმი აღმოაჩინეს.
ამ საერთაშორისო კვლევის მიხედვით, იმ ადგილებში, სადაც წიაღისეულებს ტექნიკის დახმარებით მოიპოვებდნენ სახეობრივი მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად, დაახლოებით ერთი მესამედით, შემცირდა.
ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ბიოლოგებმა წყნარი ოკეანის ერთ-ერთი რეგიონის აღწერა გადაწყვიტეს. ეს კვლევა წყალქვეშა რესურსების მიმართ მზარდ კომერციულ და გეოპოლიტიკურ ინტერესს უკავშირდებოდა, რამაც ასეთი მასშტაბური ექსპედიციის განხორციელება გახადა შესაძლებელი.
ამ პროექტის მონაწილე საზღვაო ბიოლოგი თომას დალგრენი აღნიშნავს, რომ კრიტიკული ლითონები განახლებად ენერგიაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ხმელეთზე მათი მარაგი შეზღუდულია. ოკეანის ფსკერზე ასეთი ლითონი დიდი რაოდენობით გვხვდება, მაგრამ აქამდე მათი მოპოვებისა და ამისგან გამოწვეული ეკოლოგიური შედეგების შესახებ თითქმის არანაირი მონაცემი არ არსებობდა.
ექსპედიცია ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობდა და როგორც საბაზისო ბიოლოგიურ კვლევებს, ისე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას მოიცავდა. ხუთი წლის განმავლობაში მკვლევართა ჯგუფი კლარიონ-კლიპერტონის ზონის ეკოსისტემას სწავლობდა. ესაა წყნარი ოკეანის უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც მექსიკასა და ჰავაის შორის მდებარეობს. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადგილებში, სადაც წიაღისეულებს მოიპოვებდნენ ცხოველთა რაოდენობა 37%-ით, ხოლო საერთო სახეობრივი მრავალფეროვნება 32%-ით შემცირდა.
დალგრენი განმარტავს, რომ ეს ექსპედიცია ოკეანეში სულ 160 დღე მიმდინარეობდა, ხოლო მონაცემების დამუშავებას ხმელეთზე ხუთი წელი დასჭირდა. შესწავლილი ზონა ზღვის ზედაპირიდან დაახლოებით 4 0000 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. იქ მზის სხივები ვერ აღწევს და გარემო საკვები ნივთიერებებით უკიდურესად ღარიბია.
ასეთ პირობებში დანალექი ქანების ფენა ძალიან ნელა იზრდება. შედარებისთვის, ჩრდილოეთის ზღვის ფსკერის ერთ მონაკვეთში შეიძლება 20 000 ორგანიზმი აღმოჩნდეს. ამ კვლევის ფარგლებში შესწავლილი რეგიონები სახეობათა მსგავს მრავალფეროვნებას ინარჩუნებს, მაგრამ მხოლოდ ორასამდე ინდივიდს შეიცავს.
მკვლევრებმა 0.3 მილიმეტრზე დიდი ზომის 4 350 ორგანიზმი აღწერეს და საერთო ჯამში 788 განსხვავებული სახეობის იდენტიფიცირება მოხერხდა. აღმოჩენილი ორგანიზმები უმეტესად ზღვის ჭიები, კიბოსნაირები და მოლუსკები იყვნენ.
თომას დალგრენი, რომელიც კლარიონ-კლიპერტონის ზონაში 13 წელზე მეტია მუშაობს, აღნიშნავს, რომ ეს ექსპედიცია რეგიონში დღემდე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა. იმის გამო, რომ სახეობების უმეტესობა მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი იყო, მკვლევრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მათ მოლეკულურ ანალიზებს ჰქონდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ახლა სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების შედეგად ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკის წინასწარი შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამისთვის აუცილებელია კლარიონ-კლიპერტონის ტერიტორიის იმ 30%-ის დეტალური შესწავლა, რომელიც დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული და ამჟამად მისი გამოკვლევა ვერ ხერხდება.
კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები