რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მთავარი მოკლედ:

საქართველოს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვას და ცხოველის არასათანადო მოპყრობისგან დაცვას აერთიანებს ერთ სისტემაში. კანონის მიხედვით, ცხოველი უნდა იყოს იდენტიფიცირებული (მიკროჩიპით ან საყურე ნიშნით) და დარეგისტრირებული ერთიან ბაზაში, ხოლო მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი მოვლა, ვაქცინაცია (განსაკუთრებით ცოფზე), უსაფრთხო გადაადგილება, საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება და ინციდენტების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების ინფორმირება და ვეტერინარული ზედამხედველობა.

ცხოველის მიტოვება და სასტიკი მოპყრობა აკრძალულია, ხოლო გამრავლება მკაცრად რეგულირდება — მეტისი და პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება აკრძალულია. კანონში მითითებული მუხლების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

რას ნიშნავს 2026 წლის პირველი იანვარი მეპატრონეებისთვის

2026 წლის 1-ელი იანვარი არის ის თარიღი, როცა კანონი რეალურად იწყებს "მუშაობას" ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ჯერ არ არის საბოლოო დედლაინი დოკუმენტების მოწესრიგებისთვის, მაგრამ სწორედ აქედან იწყება პასუხისმგებლობა ქცევასა და უსაფრთხოებაზე.

ამ დღიდან ამოქმედდება წესები, რომლებიც ეხება:

  • ცხოველის დაცვას ძალადობისგან;
  • ევთანაზიის მკაცრ პირობებს;
  • ძაღლის საჯარო სივრცეში გადაადგილებას;
  • მუნიციპალიტეტების უფლებას დააწესონ ადგილობრივი წესები.

რა შედის ძალაში 2026 წლის პირველი იანვრიდან?

1) სასტიკი მოპყრობა და ძალადობა — უკვე რეალურად აკრძალულია, ხოლო 2026-ის იანვრიდან სრულად ამოქმედდება წესები, რომლებიც კრძალავს:

  • ცემას, ტანჯვას, აგრესიაზე წაქეზებას;
  • ცხოველების ორთაბრძოლებს;
  • არასაჭირო "კოსმეტიკურ" ოპერაციებს (ყურების/კუდის კუპირება, კლანჭების ამოკვეთა და სხვ.);
  • ცხოველის მიტოვებას (გარდა უკიდურესი შემთხვევებისა, როცა თავშესაფარში გადაყვანაა საჭირო);
  • ანუ: ეს უკვე სამართალდარღვევად ითვლება.

2) ევთანაზია — მხოლოდ მკაცრი წესით:

  • ცხოველის დაძინება შეიძლება მხოლოდ ვეტერინარის გადაწყვეტილებით;
  • მხოლოდ მძიმე, უკურნებელი მდგომარეობის ან რეალური საფრთხის დროს;
  • და მხოლოდ ჰუმანური მეთოდით;
  • ნებისმიერი თვითნებური "დაძინება" — აკრძალულია.

3) საჯარო სივრცეში ქცევის წესები:

2026-ის პირველი იანვრიდან:

  • პარკებში, ბულვარებში და სკვერებში ძაღლი უნდა იყოს საბლით ან ალიკაპით, თუ ადგილი სპეციალურად არ არის გამოყოფილი;
  • სკოლებში, ბაღებში და სამედიცინო დაწესებულებებში ცხოველის შეყვანა აკრძალულია (გამონაკლისები: პატარა ძაღლი ან კატა გადამყვანით; ასისტენტი ძაღლი);
  • ღონისძიებებზე ცხოველის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ისე, რომ მას ზიანი არ მიადგეს.

4) მუნიციპალიტეტებს ეძლევათ რეალური ბერკეტები და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შეუძლიათ დამატებით დააწესონ:

  • სად შეიძლება და სად არა ძაღლის ყოფნა;

  • სად შეიძლება საბელის გარეშე გასეირნება;

  • ალიკაპის გამოყენების კონკრეტული წესები.

5) სახელმწიფოს მხრიდან სისტემის "ჩართვა", რაც მეპატრონესთვის ნიშნავს, რომ:

  • იწყებს მუშაობას ერთიანი მონაცემთა ბაზის ლოგიკა;
  • ვეტერინარები, თავშესაფრები და მუნიციპალიტეტები იწყებენ კოორდინირებულ მუშაობას;
  • ცოფზე და სხვა საშიშ დაავადებებზე რეაგირება ხდება უფრო მკაცრად.

რა შედის ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან?

მეპატრონეებისთვის მთავარი დედლაინია 2027 წლის 1-ელი იანვარი და ამ თარიღისთვის მეპატრონეებმა უნდა უზრუნველყონ:

  • ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია ერთიან ბაზაში;
  • თუ ცხოველი უკვე იდენტიფიცირებული იყო (მაგალითად, ჩიპი ჰქონდა), მაინც აუცილებელია მისი ბაზაში რეგისტრაცია;
  • იგივე ვალდებულება აქვს მიმკედლებელს;
  • თუ ცხოველი კანონის ამოქმედებამდე უკვე იყო სტერილიზებული/კასტრირებული, ეს ინფორმაცია უნდა აისახოს ბაზაში.

მნიშვნელოვანი გამონაკლისები:

  • ვისაც 2027 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული ჰყავს ცხოველი,
    სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაცია აღარ მოეთხოვება;
  • ვისაც ამ თარიღამდე რეგისტრირებული ჰყავს პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლი, ფსიქიკური მდგომარეობის ცნობის წარდგენა არ მოეთხოვება;
  • კანონის ამოქმედებამდე არსებული საშენები ვალდებული არიან 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაიარონ რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში.

ამ თარიღის შემდეგ ბევრი სერვისი (გრუმინგი, ცხოველების სასტუმრო და სხვ.) არ მოემსახურება არარეგისტრირებულ ცხოველს.

ვის ეხება და არ ეხება ეს კანონი?

კანონი ვრცელდება მხოლოდ შინაურ ბინადარ ძაღლებსა და კატებზე, მათ შორის:

  • პატრონიანზე;
  • მიკედლებულზე;
  • უპატრონოზე;
  • უმეთვალყურეოზე.

კანონი არ ვრცელდება:

  • სხვა შინაურ ცხოველებზე (მღრღნელები, ფრინველები, თევზები, რეპტილიები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები);
  • ფერმერულ ცხოველებზე (ძროხა, ღორი, ცხვარი და ა.შ.);
  • გარეულ ცხოველებზე.

კანონის წაკითხვა სრულად შეგიძლიათ ამ ბმულზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ?
  2. ქვიზი: რომელი პერსონაჟი ხარ Stranger Things-ის ბოლო სეზონიდან?
  3. კროსვორდი: ხარ თუ არა ახალი წლის ექსპერტი?
  4. დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში
  5. მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ეპარქიის სასამართლომ მონაზონი თეკლა…