ანტისაოკუპაციო პროტესტის 200-წლიანი ისტორია — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

იმპერიალისტური გეგმების განსახორციელებლად მეზობელი რუსეთი 200 წელზე მეტია გვებრძვის და ყველა შესაძლო გზით ცდილობს, სახელმწიფოებრიობა წაგვართვას. რამდენჯერმე დაგვამარცხეს და გაგვიბატონდნენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან ძალადობას ყოველთვის ხვდებოდა წინააღმდეგობა. "ერთმორწმუნე მეგობრის" წინააღმდეგ ათასობით ქართველმა იბრძოლა ომში, პარტიზანულ და დისიდენტურ მოძრაობებში. შესაძლოა, ეს სიტყვები პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ისტორია ჯიუტია — 200 წელზე მეტია ანტიოკუპაციურ ფრონტზე ვიბრძვით, ვმარცხდებით, მაგრამ არ ვჩერდებით.

რატომ დავიწყეთ ბრძოლა

ყველაფერი 1801 წელს ალექსანდრე პირველის მანიფესტით არ დაწყებულა. ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა რუსეთმა გაცილებით ადრე განიზრახა და მე-18 საუკუნის ბოლოდან გეორგიევსკის ტრაქტატის დახმარებით გეგმის განხორციელებას შეუდგა. რუსეთმა 1783 წელს ტრაქტატით საუკუნო მეგობრობა და ერთგულება შემოგვფიცა, თუმცა პირობამ რამდენიმე წელსაც ვერ გაუძლო.

გეორგიევსკის ტრაქტატი / ალექსანდრე პირველის მანიფესტი

გეორგიევსკის ტრაქტატი / ალექსანდრე პირველის მანიფესტი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მე-19 საუკუნის დასაწყისში "მეგობარი ქვეყნის" დახმარების გარეშე დარჩენილი და შემოტევებით გაჩანაგებული ქართლ-კახეთი იმდენად დასუსტდა, რომ რუსეთმა დრო იხელთა და ჯარით გარშემორტყმული სიონის ტაძარში თავადებს აცნობა — სამეფო გაგიუქმეთ, დღეიდან გუბერნია იქნებითო. რუსეთის იმპერატორს იმედი ჰქონდა, რომ შეშინებული თავადები ერთგულებას შეჰფიცებდნენ, თან იმის ფონზე, რომ ამას მათთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯად ფუთავდა, თუმცა პროტესტმა არ დააყოვნა.

სწორედ 1802 წლიდან იწყება ათასობით აჯანყება, შეთქმულება და აქცია "ერთმორწმუნე" მტრის წინააღმდეგ. ყველა მათგანის მიზანი დამოუკიდებლობის დაბრუნება იყო, თუმცა ძირითადად ამბოხს არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა და რუსი მმართველობის სიხარბით დაწესებული მაღალი გადასახადები იწვევდა.

გადავწყვიტეთ, ბოლო 219 წლის მნიშვნელოვან საპროტესტო გამოსვლებზე მოკლედ გიამბოთ.

1802 წელი — კახეთის აჯანყება

ისტორიული წყაროები გვიამბობს, რომ აჯანყებულმა თავადებმა სიონის ალყა გაარღვიეს და ერთგულების ფიცი არ დადეს. ჯანდიერები, ანდრონიკაშვილები, ჭავჭავაძეები, ვაჩნაძეები და სხვები სოფელ ქელმენჩურში შეიკრიბნენ ბატონიშვილებთან, ვახტანგ და თეიმურაზ ბაგრატიონებთან ერთად. აჯანყებულები გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების შესრულებასა და ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას მოითხოვნდენ.

1802 წლის აჯანყება სინამდვილეში პოლიტიკური გამოსვლა იყო და არა შეთქმულება, როგორც რუსეთს სურდა შეეფუთა. ქელმენჩურში შეკრებილებმა მოამზადეს აქტი, რომელსაც ბატონიშვილებმა მოაწერეს ხელი და იმპერატორს გაუგზავნეს. ისინი სამეფოს აღდგენას ითხოვდნენ და ამას არ მალავდნენ.

კახეთში ჩასული რუსული სამხედრო ძალების გამო აჯანყებულებმა საბრძოლო მოქმედებების დაწყება ვერ შეძლეს, ხელმძღვანელი თავადები კი ციხეში აღმოჩნდნენ.

1804 წელი — მთიულეთის აჯანყება

1804 წელს რუსებმა მთიულეთში სამხედრო გზის მშენებლობა დაიწყეს. მუშახელად მათ ადგილობრივები აიყვანეს, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში, ყინვასა და ზვავსაშიშროებისას ამუშავებდნენ, ამათრახებდნენ და სასიკვდილოდ სცემდნენ. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას ძარცვავდნენ ან ძალით ართმევდნენ საქონელსა და საკვებს, აუპატიურებდნენ ქალებს და უღელში აბამდნენ მათ.

ჩანაწერი 1804 წლის მთიულეთის აჯანყების მიზეზებზე

ჩანაწერი 1804 წლის მთიულეთის აჯანყების მიზეზებზე

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ მთიულები სამუშაო პირობებს "ჩირის ფასადაც არ აგდებდნენ", მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა ვერ აიტანეს და მტრის აშკარა მრავალრიცხვოვნების მიუხედავად, აჯანყდნენ.

მართალია, აჯანყება ყოფით მიზეზების გამო დაიწყო, თუმცა დიდ მიზნად მაშინვე ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენა იქცა. მთიულებს ქართლ-კახეთიდან თავად-აზნაურები და ბატონიშვილები ალექსანდრე, იულონი და ფარნავაზი შეუერთდნენ და პროტესტი იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აჯანყებად იქცა.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

რუსულ ჯარს თითქმის 5 თვე დასჭირდა ამბოხის დასასუსტებლად. რა თქმა უნდა, ამას თან ახლდა ღალატიც, რადგან იმ დროისთვის მეფისნაცვლებს თავად-აზნაურების ნაწილის გული უკვე მოგებული ჰქონდათ. საბოლოოდ, პავლე ციციანოვმა (ციციშვილმა), რომელიც იმპერიისადმი დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა, აჯანყება სისხლში ჩაახშო, მონაწილეები ჩამოახრჩო, თავადები კი გადაასახლა.

1810 წელი — იმერეთის აჯანყება

კახეთიდან გაქცეული ტახტის მემკვიდრეები, ბატონიშვილები იულონი და ფარნავაზი თავს იმერეთის მეფესთან, სოლომონ II-სთან აფარებდნენ. სოლომონი ხედავდა, რომ ნებისმიერი ქართული სამეფოს დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ იყო, მართალიც აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში რუსულმა იმპერიამ ძალა იგრძნო, დარჩენილი სამეფო-სამთავროებიც გააუქმა და ოლქებად აქცია.

1804 წელს პავლე ციციანოვის განსაკუთრებული აქტიურობის შემდეგ, ელაზნაურის ტრაქტატით სოლომონი აიძულეს, რუსეთის სამუდამო ქვეშევრდომობა ეღიარებინა. მას უნარჩუნდებოდა სამეფო ტახტი, მაგრამ იმერეთში შედიოდა რუსული ჯარები და მეფეს რუსი მმთავარმმართველის ბრძანებები უნდა შეესრულებინა. ციციანოვის სიკვდილის შემდეგ, სოლომონმა სცადა, ტრაქტატის პირობები ახალ ზედამხედველთან შეეთანხმებინა, თუმცა ამ დროს უკვე სამეფოს გაუქმების გეგმა იყო ამუშავებული.

იმერეთს მეფე სოლომონ მეორე

იმერეთს მეფე სოლომონ მეორე

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1810 წელს იმერეთის სამეფო საიდუმლოდ გააუქმეს და სოლომონის რუსეთში შეტყუება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ სანამ რუსეთი იმერეთის მოსახლეობის ნაწილს ერთგულებას აფიცებდა, მეორე ნაწილი სოლომონთან ერთად დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ამ აჯანყებას ბევრი დაბრკოლება ახლდა, რუსეთი აქტიურად ცდილობდა ქართველების დაპირისპირებას და გურიისა და სამეგრელოს თავადების გადაბირებას.

ისტორიულ წყაროებში სოლომონთან ერთად იგივე გვარები ფიგურირებს, რომლებიც წინა აჯანყებებს ხელმძღვანელობდნენ. სოლომონი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაიქცა და აჯანყებაც არ შენელებულა. აჯანყებულებს სპარსეთისა და ოსმალეთის დახმარების იმედიც ჰქონდათ, თუმცა, საბოლოოდ, პარტიზანულ ბრძოლებამდე მივიდნენ და დამარცხდნენ. თუმცა, მსგავსი აჯანყებები ქვეყანაში წინააღმდეგობის სურვილს ზრდიდა.

"წარსულ საუკუნის განმავლობაში მღელვარება და შფოთი თითქმის არ შეწყვეტილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. 1810-1811 წელს ბატონიშვილმა ლევანმა ააჯანყა ოსეთი, 1813 წელს ბატონიშვილმა ალექსანდრემ ფეხზედ დააყენა ხევსურეთი", — წერს ისტორიკოსი ალექსანდრე ფრონელი.

1812 წელი — კახეთის აჯანყება

1812 წლისთვის რუსეთს კარგი დღე არ ადგა. იმპერია ნაპოლეონის შემოტევისთვის ემზადებოდა და საქართველოში მათი ჯარების რაოდენობა შემცირებული იყო. მაშინდელ მთავარმმართებელს, მარკიზი პაულუჩის რუსული გარნიზონი უკვე შემცირებული დახვდა და სპარსეთ-ოსმალეთის შემოტევების ფონზე უჭირდა, მაგრამ მაინც ახერხებდა რუსეთისთვის მშვიდობის შენარჩუნებას. რთული სიტუაცია იყო საქართველოშიც, სადაც შავი ჭირი და შიმშილობა მძვინვარებდა.

რუსული წყაროებიც კი წერენ, რომ 1812 წლის კახეთის აჯანყებას "განსაკუთრებულად მტკიცე ხასიათი" რუსეთის მმართველობის ფორმებმა და სამხედროების თავნებობამ მისცა. რუსი ისტორიკოსების თქმით, ჯარისკაცები საშინლად ექცეოდნენ ქართველებს და მათზე ასეულობით საჩივარი იწერებოდა, საბოლოოდ, კი ადგილობრივები მაღალი გადასახადებით შეაწუხეს და აჯანყებამაც იფეთქა.

ასეთი იყო გარეშე ვითარება საქართველოში, კახელებმა რომ აჯანყების დროშა ააფრიალეს.

შფოთისა და მღელვარების ნაპერწკალი პირველად ამოვარდა ს. ახმეტას 31 იანვარს 1812 წ. აქედან ამბოხების ალი მოედო კახეთს, გადავარდა შუაგულ ქართლში, დასავლეთით უწია ოსეთს და მოუახლოვდა ტფილისს. მღელვარების ცეცხლსა და ბოლში გაეხვია ქიზიყი, შეიტრუსა დღევანდელი ზაქათალა და თითქმის შექის სახანოს მიაღწია აჯანყებამ

ალექსანდრე ფრონელის ისტორიული წყაროებიდან

აჯანყება ახმეტაში დაიწყო, როცა ადგილობრივებმა გადასახადების შესაგროვებლად მისული ჯგუფი სცემეს, მათ დასასჯელად მისულ რაზმს კი ცეცხლი გაუხსნეს. ხმაური იყო ამ დროს თიანეთში, სადაც რუსი ოფიცრების ე.წ. კამანდა ადგილობრივებმა გაწყვიტეს, მას შემდეგ, რაც სამხედროების მიერ გაუპატიურებულმა ქალმა თანასოფლელებს ბრძოლისკენ მოუწოდა. აჯანყება ალაზნის პირიდან ივრის ხეობას მოედო და ტფილისის მახლობელ სოფლებშიც შეაღწია.

აჯანყებულებმა ცალკეულ სოფლებსა და ქალაქებში ჩამდგარი რაზმები გაანადგურეს, გადაკეტეს სამხედრო გზა, ბლოკადაში მოაქციეს თელავისა და ყარაღაჯის გარნიზონები და თბილისში გალაშქრებას აპირებდნენ, თუმცა პაულუჩიმ 1 მარტს სოფელ ჩუმლაყთან აჯანყებულთა დაამარცხა. აჯანყების პირველი ეტაპი ამით დასრულდა, თუმცა ქართველთა ცალკეული რაზმები პარტიზანულ ბრძოლას განაგრძობდნენ.

აჯანყების ხელახლა აფეთქებაში დიდი წვლილი შეიტანა მეფე ერეკლეს ძემ, ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში პროკლამაციებს ავრცელებდა და ხალხს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებდა.

ალქესანდრე ბატონიშვილი

ალქესანდრე ბატონიშვილი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

"დაუძინებელი მტერი რუსეთისა, ტახტის მაძიებელი ბატონიშვილი ალექსანდრე
ერეკლეს ძე, სპარსეთის საზღვარზე იდგა და ელოდა მოხერხებულს დროს შემოსეოდა საქართველოს სპარსელთა მხედრობით და ან სულ გაეწყვიტა რუსის ჯარი, ან გადაერეკნა კავკასიის უღელ-ტეხილს იქით. ბატონიშვილის წერილებით სავსე იყო საქართველო. [...] სიყვარულით აღსავსე წერილები გულს უთუთქავდა ქართველობას და აძულებდა რუსობას", — წერს ალექსანდრე ფრონელი.

ალექსანდრეს ადგილობრივ გხელ-აზნაურობასთან ერთად ლეკებიც შეუერთდნენ და ბრძოლები განახლდა. გადამწყვეტ შეტაკებაში 26 ნოემბერს სოფელ მანავთან ალექსანდრე დამარცხდა. ბატონიშვილმა დატოვა კახეთი და მცირე რაზმით ხევსურეთს შეაფარა თავი.

ისტორიული წყაროების თანახმად, აჯანყების ჩახშობისას რუსეთის ჯარები წვავდნენ სოფლებს, კაფავდნენ ბაღ-ვენახებს, კლავდნენ ან ასახლებდნენ აჯანყებულებს.

1819-1820 წლები — იმერეთის აჯანყება

19-20 წლის აჯანყება საეკლესიო ამბოხის სახელითაც არის ცნობილი. ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ისტორიკოსები გარუსების პოლიტიკად აფასებენ.

იმ დროს საქართველოს მმთავარმართველად რუსიფიკაციის დიდი მომხრე ალქესი ერმოლოვი იყო დანიშნული. იმერეთის ეკლესიის ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი იყო და ეკლესია რუსეთის სინოდს იყო დამორჩილებული. მეტიც, სიონის ტაძარში სლავიანური ღვთისმსახურება მიმდინარეობდა, რაც გააპროტესტეს ქუთაისისა და გაენათის მიტროპოლიტებმა, დოსითეოსმა და ექვთიმემ. სწორედ ისინი ჩაუდგნენ სათავეში ამბოხს.

ამას დაემატა ისიც, რომ რუსებმა საეკლესიო ყმა-მამულის აღწერა დაიწყეს და ხაზინას გადასცემდნენ. ამის გამო მოსახლეობა რუს ჩინოვნიკებს უპირისპირდებოდა და ამარცხებდა კიდეც.

მწვავე ხასიათი აჯანყებამ მაშინ მიიღო, როცა მიტროპოლიტები ექვთიმე და დოსითეოსი რუსებმა დააკავეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, მიტროპოლიტები საშინლად სცემეს. ნაცემი დოსითეოსი სურამში გარდაიცვალა, ხოლო ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს.

ამბოხებამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. დიდი შეჯახებები მოხდა გურიაში, სადაც აჯანყებულებმა რუსი პოლკოვნიკი და იმერეთს მმართველად დანიშნული ივანე პუზირევსკი მოკლეს.

აჯანყების ჩახშობის მიზნით რუსებმა იმერეთში დამატებითი ჯარები შეიყვანეს და აჯანყება სისხლში ჩაახშეს. დამსჯელი რაზმები წვავდნენ სოფლებს, ჩეხდნენ ბაღ-ვენახს, ასახლებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ აჯანყებულებს.

1832 წელი — შეთქმულება

1832 წლის შეთქმულება ერთგვარი გვირგვინი იყო 30-წლიანი გამოსვლებისა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა. შეთქმულებაში მონაწილეობდა საზოგადოების ყველა წრე გლეხებიდან ბატონიშვილებამდე და გადამწყვეტ როლს თამაშობდა ინტელიგენცია.

შეთქმულებისთვის მზადება 1829 წელს დაიწყო, როცა გადასახლებულმა და გახიზნულმა თავადებმა "ფარული საზოგადოება" დააარსეს. მასში გაწევრიანებული იყვნენ ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილებიც. შეთქმულებმა წესდება "აქტი გონიურიც" შეიმუშავეს, რომელიც მათი მოქმედების პრინციპს განსაზღვრავდა.

სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ფილადელფოს კიკნაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ათეულობით ცნობილი ქართველი წლების განმავლობაში მუშაობდნენ "პირველი ღამის განკარგულებაზე", რომელიც აჯანყების სამოქმედო გეგმა იყო.

სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი

სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკ

შეთქმულები აპირებდნენ, თავად-აზნაურობის საგუბერნიო ყრილობაზე რუსი ჩინოვნიკების შეპყრობას და სანამ რუსები აზრზე მოვიდოდნენ, განგაშის ატეხვას და გარნიზონებზე თავდასხმას. ერთ-ერთმა მეთაურმა, იესე ფალავანდიშვილმა გეგმა გასცა და შეთქმულები დააპატიმრეს.

იმპერატორმა თავად-აზნაურების სიკვდილის დასჯა ბრძანა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და აჯანყების მუხტის გასანეიტრალებლად, ნაწილი დააპატიმრა, ნაწილი კი გადაასახლა.

შეთქმულების მარცხმა დიდი ხნით შეასუსტა აჯანყებები, თუმცა გადასახლებული ინტელიგენცია საპროტესტო გამოსვლებს ისევ გეგმავდა.

1841 წელი — აჯანყება გურიაში

გურიის სამთავრო 1829 წელს გაუქმდა. ამას წინ უძღოდა გურიის მთავრის ქვრივის, სოფიო გურიელის მცდელობა, რუსების წინააღმდეგ ოსმალებს შეკვროდა, რაც რუსეთმა ღალატად შეაფასა. გურიელების ოჯახმა თავს გაქცევით უშველა, სამეფო კი გუბერნიად იქცა.

გურიაში ფეხის მოკიდებისთანავე, რუსებმა მათი ინტერესების შესაბამისად ქონების მიტაცება და გადასახადების ზრდა დაიწყეს. ბეგარა იმდენად მაღალი იყო, რომ მოსახლეობა გადახდას ვერ ახერხებდა და ერთადერთ გზად ისევ აჯანყება რჩებოდა.

აჯანყება სოფელ აკეთში დაიწყო, საიდანაც ადგილობრივებმა გადასახადების ასაკრეფად მისული რუსები გაყარეს. აჯანყება გურიის რამდენიმე რეგიონს მოედო. ოზურგეთში რუსი გენერალი იყო გამაგრებული.

რამდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აჯანყებულები რუსეთიდან შემოსულმა დამხმარე ჯარმა დაამარცხა. აჯანყებულები სოფლებიდან გაიქცნენ, დაკავებულები ტრადიციულად გადაასახლეს და დააპატიმრეს. ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ პრობლემა აღარ არსებობდა, თუმცა ტყეში დამალულმა რამდენიმე გლეხმა მხარდამჭერები შემოკრიბა და ფირალებმა პარტიზანული ბრძოლები დაიწყეს. ფირალობა გურიაში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იყო.

გურული ფირალები

გურული ფირალები

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1860-1924 წლები — პირველი რესპუბლიკა, გასაბჭოება და ანტისაბჭოური აჯანყება

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს და მეოცეს დასაწყისში რუსეთის ცარისტული ხელისუფლება დასუსტდა და არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა. ამ დროს ბრძოლა ხანჯლიდან კალმებზე გადავიდა და თერგდალეულების ეპოქა დაიწყო, რომლებმაც ცენზურის მიუხედავად, ანტიცარისტული მოთხრობებით, ლექსებითა და პუბლიცისტური წერილებით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ანტიოკუპაციურ ბრძოლაში და ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებაში.

თერგდალეულთა პერიოდული გამოცემები

თერგდალეულთა პერიოდული გამოცემები

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

თერგდალეულების პარალელურად გააქტიურდნენ ქართული სოციალისტური ჯგუფები, რომლებმაც დისიდენტური მოძრაობები დაიწყეს და საქართველოს დამოუკიდებლობის გეგმა დაისახეს. რამდენიმეწლიანმა დიპლომატიურმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და 1918 წელს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა, თუმცა ცარისტული რუსეთის ნანგრევებზე აღმოცენებულმა ახალმა "სახალხო" იმპერიამ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა ისევ შთანთქა და გასაბჭოების ხანგრძლივი ერა დაგვიდგა.

წითელი არმია დღევანდელ თავისუფლების მოედანზე

წითელი არმია დღევანდელ თავისუფლების მოედანზე

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გასაბჭოების შემდეგ მალევე, 1922 წელს შეიქმნა "სამხედრო ცენტრი". ორგანო, რომელშიც თავს ქვეყნის გენერალიტეტი და ინტელიგენცია იყრიდა, მიზნად ისახავდა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლას.

პირველი საპროტესტო მუხტის ორგანიზატორი ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი იყო. ქაქუცა პირველი რესპუბლიკის დროს საქართველოს არმიის ესკადრონის მეთაური იყო და მანამდეც სხვადასხვა ფრონტებზე ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. რუსული ოკუპაციის წინააღდეგ ქაქუცამ "შეფიცულთა რაზმი" შექმნა და პარტიზანული ბრძოლები დაიწყო.

შეფიცულთა რაზმი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

შეფიცულთა რაზმი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1922 წელს ქაქუცას რაზმმა ხევსურეთში აჯანყება მოაწყო, დამარცხდა, თუმცა ტყეს შეაფარა თავი და იქიდან გააგრძელა ბრძოლა. ამ დროისთვის სამხედრო ცენტრი თბილისის აღების გეგმას ამუშავებდა, მაგრამ საბჭოთა მეთაურებმა შიდა გამცემის წყალობით გეგმა გაიგეს და 15 პირი, მათ შორის, გენერალი კოტე აფხაზი, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი და სხვები "სამშობლოს ღალატისთვის" უფრო ზუსტად კი, ანტისაბჭოური ქმედებების ბრალდებით დახვრიტეს.

ამავე პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასაც, რომელმაც გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე მემორანდუმი გაგზავნა და საქართველოდან საბჭოთა ჯარების გაყვანაში დამარება ითხოვა.

"ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას" — ამბობდა კათოლიკოსი მემორანდუმში და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა.

1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი ანტისაბჭოური ქმედებებისთვის დააპატიმრეს. სასჯელი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა კათოლიკოს ხელაიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!

ამბროსი ხელაია რუს კომუნისტებს

ამ პროცესების კვალდაკვალ, რამდენჯერმე გადაიდო აჯანყების დაწყების თარიღი და საბოლოოდ, 1924 წლის 29 აგვისტო შეირჩა. აჯანყებულები დამარცხდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკ

აჯანყებულები დახვრიტეს, მათთან ერთად სიკვდილით დასაჯეს უდანაშაულო ხალხიც. ისტორიული წყაროების მიხედვით, დამსჯელი ორგანოები პატიმრების ვაგონებს ტყვიამფრქვევს უშენდნენ. მოსახლეობისთვის გამოსარჩლებულ სასულიერო პირებს, კი ჯერ მრევლის სიკვდილს აყურებინებდნენ, შემდეგ კი თავად ხვრეტდნენ.

1941 — ანტისაბჭოთა შეთქმულება

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა ტოტალური კონტროლი დაამყარა და ეროვნული მოძრაობები ლამის ჩანასახშივე გაანადგურა, ბოლომდე მაინც ვერ შეძლო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების შეჩერება. 1941 წელს, როცა საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში იყო ჩართული და საქართველოსთვის ნაკლებად ეცალა, თსუ-ის ასპირანტებმა, მწერლებმა, პოეტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ჩამოაყალიბეს ანტისაბჭოური პატრიოტული ორგანიზაცია, რომელმაც სსრკ-სგან გამოყოფა დაისახა მიზნად.

ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებლები და შეთქმულების ორგანიზატორები იყვნენ: კონსტანტინე (კოტე) ჯოგლიძე, გიორგი ძიგვაშვილი, შალვა შავიანიძე, გრიშა აფრიდონიძე.

კონსტანტინე (კოტე) ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი.

კონსტანტინე (კოტე) ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

შეთქმულებს ჰქონდათ საიდუმლო ფრაზა: "ვარ უმტკიცესი რვალისა" და დამოუკიდებლობის აღდგენის გეგმა, რომელიც გერმანიის პროტექტორატს მოიაზრებდა. ისინი გეგმავდნენ, გადმოებარებინათ თბილისი გერმანელებისგან, როდესაც ისინი ქალაქში შემოვიდოდნენ.

ორგანიზაციული წყობისა და სიფრთხილის მიუხედავად, შეთქმულები ისევ შიგნიდან გასცეს. საბჭოთა ხელისუფლებამ მათ ბრალად ფაშისტური სამხედრო ორგანიზაციის შექმნა დააბრალა და სასჯელის უმაღლესი ფორმა, დახვრეტა მიუსაჯა. ნაწილი გადაასახლეს.

1978 წელი — პროტესტი ქართული ენის დასაცავად

თუ დავაკვირდებით, საბჭოთა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მოსასპობად, დიდად არ განსხვავდებოდა ცარისტული გეგმისგან. "მოძმე" ქვეყანა ცდილობდა, გაენადგურებინა ყველაფერი, რაც ეროვნულ თვითშეგნებას და თვითმყოფადობას უკავშირდებოდა. თავიდან ეს სამეფო სამთავროები, ბაგრატიონთა დინასტია და რელიგია იყო, შემდეგ ეტაპზე — ქართული ენა. სსრ ხელისუფლებამ განიზრახა, ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეეცვალა და სახელმწიფო ენად რუსული დაემტკიცებინა.

მშობლიური ენის დასაცავად თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები დაიწყო, რომლებმაც კულმინაციას 14 აპრილს მიაღწია. სტუდენტები დაშლაზე უარს ამბობდნენ და უკან დახევას არ აპირებდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. 12 წლის შემდეგ კი 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

ეს "დათმობა" საბჭოთა კავშირისგან იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მსოფლიო მედიის ყურადღებაც მიიქცია.

New York Times-ისა და The Times-ის სტატიების ფოტოები

New York Times-ისა და The Times-ის სტატიების ფოტოები

ფოტო: სქრინები აღებულია IDFI-ს მასალიდან

1989 წელი — 9 აპრილი

როგორც ზევით არაერთხელ აღვნიშნეთ, თითოეული აჯანყება, შეთქმულება ან საპროტესტო გამოსვლა საქართველოს ერთი ნაბიჯით წინ სწევდა დამოუკიდებლობისკენ. 1989 წლის აპრილის საპროტესტო გამოსვლები ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა იყო, რომელმაც ქვეყანა თავისუფლებამდე მიიყვანა.

80-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი სულ უფრო სუსტდებოდა. ეკონომიკური კრიზისის გამო მოსკოვს უჭირდა კონტროლის შენარჩუნება სსრკ-ში შემავალ რესპუბლიკებზე და სწორედ მაშინ დაიწყო გადამწყვეტი "ბრძოლა". 1989 წლის 4 აპრილს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოყოფის იდეა გაჟღერდა, თბილისში მიტინგები დაიწყო, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადაიზარდა.

1989 წლის აპრილის დემონსტრაციები

1989 წლის აპრილის დემონსტრაციები

ფოტო: გივი ნახუცრიშვილი/ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

5 დღის განმავლობაში მომიტინგეების რიცხვი იზრდებოდა, რუსთაველის გამზირზე მოსწავლეები, სტუდენტები და ეროვნული მოძრაობის ლიდერები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, და თავისუფლების მოთხოვნით შიმშილობდნენ.

1989 წლის აპრილის დემონსტრაციები

1989 წლის აპრილის დემონსტრაციები

ფოტო: გივი ნახუცრიშვილი / ეროვნული ბიბლიოთეკა

1989 წლის აპრილში საპროტესტო აქციის მოშიმშილეები

1989 წლის აპრილში საპროტესტო აქციის მოშიმშილეები

ფოტო: ელეფთერ ლაფაჩი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ამ მოვლენებს რადიკალურად განსხვავებულად, აგრესიული მიდგომით აშუქებდა საბჭოთა პრესა.

თუმცა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და ტრადიციულმა საბჭოთა მიდგომამ არ იმუშავა — რუსთაველზე მუხტი არ მინელდა. სსრ ხელისუფლება დათმობას არ აპირებდა, ამიტომ სადამსჯელო ოპერაცია დაგეგმა.

9 აპრილს 11-ის 15 წუთზე მათ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, რომელიც 11 საათზე შედიოდა ძალაში. ქუჩაში ტანკები და წითელი არმია გამოვიდა. რუსთაველზე შეკრებილებმა წითელი არმიის გამოჩენისას დაიჩოქეს და სანთლებით ხელში ლოცვა დაიწყეს, მაგრამ ბრძანება მომიტინგეების დანდობას არ ითვალისწინებდა. ამიტომ ჯარისკაცებმა ხალხის დარბევა, მომწამლავი აირითა და სასანგრე ნიჩბებით ხოცვა დაიწყეს.

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია დაშლის წინ

1989 წლის აპრილის საპროტესტო აქცია დაშლის წინ

ფოტო: ჯემალ კასრაძე / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ქალია, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 16 წლისაა, უფროსი კი — 70-ის.

მეორე დღეს საბჭოთა ხელისუფლება ცინიკურად ამტკიცებდა, რომ ისინი უფრთხილდებოდნენ ქალებსა და ბავშვებს და ჯარმა პროპორციული ძალა გამოიყენა.

კომენდანტის საათის და სადამსჯელო ღონისძიების მიუხედავად, ხალხი სახლში არ დარჩა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირი წითელი ტიტებით შეამკეს. თბილისში გამოჩნდა პროკლამაციები, საპროტესტო მუხტი არ მინელებულა.

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა / მფლობელი: ია მჭედლიშვილი

9 აპრილის ტრაგედიამ დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი შეუქცევადი გახადა. საბჭოთა ხელისუფლების გავლენა საქართველოში შესუსტდა და რამდენიმე წელში, საბოლოოდ, მოიშალა. ტრაგიკული მოვლენებიდან 3 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

2008 წელი — აგვისტოს ომი

90-იანი წლები საქართველოსთვის მარტივი არ ყოფილა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სუსტ და არამყარ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ქვეყანა მყიფე დემოკრატიის გზაზე გადიდოდა და საბჭოთა კავშირის 70-წლიანი ბატონობის შემდეგ ეროვნულ თვითშეგნებას იბრუნებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას რუსეთი მარტივად არ შეგუებია და მუდმივად აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც ეთნიკურად ოსი მოსახლეობა ცხოვრობდა. არაერთი შეტაკებისა და სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, 1992-1993 წლებში ჯერ აფხაზეთი წაგვართვეს, 2008 წლის შემდეგ კი — ისტორიული სამაჩაბლოს რეგიონი.

დევნილები აფხაზეთიდან

დევნილები აფხაზეთიდან

ფოტო: შახ აივაზოვი / პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

რუსეთმა სცადა თავი ეთნიკური აფხაზებისა და ოსების "დახმარების სურვილით" გაემართლებინა, თუმცა ფაქტი ჯიუტია — ორივე რეგიონიდან გვყავს ათიათასობით დევნილი, გავლებულია საოკუპაციო ხაზი და მარიონეტული რეჟიმების მეშვეობით თვითაღიარებულ ქვეყნებში პროცესებს რუსეთი მართავს.

აგვისტოს ომის დევნილები

აგვისტოს ომის დევნილები

ფოტო: EPA/Pavel Wolberg

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ანტირუსული პროტესტი 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, ხელისუფლების ორგანიზებით დაიწყო. მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი დააორგანიზა და რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი მიიწვია. ამ ფორმით შეკრებილებმა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გააპროტესტეს და ქვეყნის დასაცავად მზაობა გამოთქვეს.

ცოცხალი ჯაჭვი 2008 წელს

ცოცხალი ჯაჭვი 2008 წელს

ფოტო: Topnews.com

2009-2019 — ანტიოკუპაციური პროტესტის ათწლეული

დროთა განმავლობაში, როცა მედიით გაშუქდა დევნილების, დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულების ისტორიები, როცა რუსეთმა აქტიურად დაიწყო პროპაგანდისტული თავდასხმა და ომზე დეზინფორმაციების გავრცელება, ანტიოკუპაციური მუხტი გაძლიერდა. ქვეყანაში შეიქმნა რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობა, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას ღიად აპროტესტებენ.

აღსანიშნია, რომ რუსთაველის გამზირი დღემდე ინარჩუნებს ისტორიული საპროტესტო სივრცის სტატუსს, თუმცა პროტესტი ჩნდება ყველგან, სადაც რუსეთი თავს იჩენს. მაგალითად, სადემარკაციო ხაზთან ახლოს მყოფი სოფლების დასაცავად, მოძრაობა ძალა ერთობაშიამ პატრულირება დაიწყო. მათ კარვები გაშალეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და სამხედროებს ხელს უშლიდნენ ახალი ხნულებისა და მავთულხლართების გაკეთებაში.

მოძრაობა ძალა ერთობაშია საოკუპაციო ხაზთან

მოძრაობა ძალა ერთობაშია საოკუპაციო ხაზთან

ფოტო: ატოცი / FB

ანტიოკუპაციური აქტივობები განსაკუთრებით აქტიურდება მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინი "რუსული სამყაროს" კონცეფციით საქართველოში პრორუსულ ფორუმებსა და აქციებს აანონსებს. მაგალითად, 2018 წელს ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩამოსულ, ოკუპაციის მხარდამჭერ და რუსული პოლიტიკის მომხრე ჟურნალისტებს აქტივისტები "დოლ-გარმონითა და ზეიმით" დახვდნენ. რა თქმა უნდა, მიზანი მათთვის ქართული სტუმართ მასპინძლობის ჩვენება არ იყო და ამ ფორმით ისინი "მაამებლურ" სახელმწიფო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას აქცია პრორუსული ფორუმის პარალელურად

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას აქცია პრორუსული ფორუმის პარალელურად

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სხვადასხვა ანტიპუტინური ბანერები და პოსტერები ჩნდებოდა საქართველოს მასშტაბით ყველგან, სადაც რუსული ნარატივები განსაკუთრებით აქტიურდებოდა, ან იქ, სადაც მეტი შანსი იყო ხმა მსოფლიოსთვის მიეწვდინათ.

ანტიოკუპაციური ბანერები ბათუმში

ანტიოკუპაციური ბანერები ბათუმში

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

იმის საჩვენებლად, რამდენად ახლოს იყო ოკუპაცია, ერთ-ერთმა აქტივისტმა დედაქალაქიდან ორივე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საზღვრამდე გზა ფეხით გაიარა და ამ ფორმით არამხოლოდ რუსული აგრესიული პოლიტიკა, არამედ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტა.

გიგა მაქარაშვილის საპროტესტო მსვლელობა საოკუპაციო ხაზთან

გიგა მაქარაშვილის საპროტესტო მსვლელობა საოკუპაციო ხაზთან

ფოტო: გიგა მაქარაშვილი / Facebook

პროტესტი აქტიურდება მაშინაც, როცა ოკუპაცია ეროვნულ ღირებულებებში იჭრება. კერძოდ, აქტივისტებმა გააპროტესტეს ეროვნული ნაკრების მოჭიდავეების რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურების ჩაცმა, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატისა და პუტინის მოკავშირის, ძამბოლეტ თადეევის ფოტო იყო გამოსახული.

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას საპროტესტო პერფორმანსი ჭიდაობის ეროვნულ ფედრაციასთან

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას საპროტესტო პერფორმანსი ჭიდაობის ეროვნულ ფედრაციასთან

ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge

განსაკუთრებით მასშტაბური აქცია დაიგეგმა მაშინ, როცა საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ გაიტაცა, აწამა და მოკლა არჩილ ტატუნაშვილი. რუსული აგრესიის გაპროტესტებას არნახული სოლიდარობა მოჰყვა და არაერთმა დაწესებულებამ ღონისძიებები გააუქმა და სამუშაო საათები შეამცირა, რომ მოსახლეობას აქციაზე მისვლის შესაძლებლობა ჰქონოდა. "მშვიდობა ომზე მეტია" — ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, ვინ არის აგრესორი.

"მშვიდობა ომზე მეტია" — საპროტესტო აქცია თავისუფლების გამზირზე

"მშვიდობა ომზე მეტია" — საპროტესტო აქცია თავისუფლების გამზირზე

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

უყურადღებოდ აქტივისტებს არც იმ ქუჩებს ტოვებენ, რომლებიც დღემდე საბჭოთა კავშირის დროს მინიჭებულ სახელებს ატარებს. მათ არაერთხელ მოითხოვეს, რომ მოსკოვისა და სტალინის გამზირებს სახელები შეცვლოდათ.

აქტივისტები თბილისის მერის, კახა კალაძის ნიღბებით მოსკოვის გამზირს სახელს უცვლიან

აქტივისტები თბილისის მერის, კახა კალაძის ნიღბებით მოსკოვის გამზირს სახელს უცვლიან

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რუსეთი ოკუპანტია

მსგავსი საპროტესტო პერფორმანსი გაიმართა წელსაც. აქტივისტებმა სტალინის გამზირს, სიმბოლურად თავისუფლების გამზირი დაარქვეს.

აქტივისტებმა სტალინის გამზირს სიმბოლურად თავისუფლების გამზირი დაარქვეს

აქტივისტებმა სტალინის გამზირს სიმბოლურად თავისუფლების გამზირი დაარქვეს

ფოტო: თეონა ფანქველაშვილი

2019 — სერგეი გავრილოვი და #სირცხვილია

ანტიოკუპაციური აქციების განსაკუთრებული სიმრავლით 2019 წელი გამოირჩევა, რომელიც მთლიანად რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და შემდგომ განვითარებული მოვლენების პროტესტს მიეძღვნა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე რუსი დეპუტატებიც მოიწვია, რომლებიც საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრეები იყვნენ და აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა ჰქონდათ აღიარებული.

20 ივნისს კი უამრავი ადამიანისთვის შოკისმომგვრელი იყო სურათი, რომელიც ასახავდა, როგორ იჯდა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სავარძელში რუსი დეპუტატი. პარლამენტის გარეთ პროტესტმა მაშინვე იფეთქა, შიგნით კი სესია მშვიდად გრძელდებოდა, სანამ ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ კომუნისტ გავრილოვს თავმჯდომარის სკამი არ წაართვა. ის პირველი იყო, ვინც მომხდარი გააპროტესტა, სხდომათა დარბაზში საქართველოს დროშით შეიჭრა და ირაკლი კობახიძის სკამი დაიკავა.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავა და რუს დეპუტატს არ უშვებს

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავა და რუს დეპუტატს არ უშვებს

იმ დღეს პარლამენტის შიგნით, გარეთ და სასტუმრო რედისონის მიმდებარედ პარალელურ რეჟიმში საპროტესტო აქციები იმართებოდა. მოქალაქეებმა გავრილოვი პარლამენტიდან შუა თითების დერეფანში, რედისონიდან კი კვერცხების სროლის ფონზე გააცილეს.

რუსი დეპუტატები მიკროავტობუსით გაჰყავთ, აქტივისტებ. პროტესტის ნიშნად, მათ შუა თითებს უჩვენებენ

რუსი დეპუტატები მიკროავტობუსით გაჰყავთ, აქტივისტებ. პროტესტის ნიშნად, მათ შუა თითებს უჩვენებენ

ფოტო: On.ge

საღამოს აქტივისტები პოლიტიკოსებთან ერთად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც ანტიოკუპაციური მოწოდებები ჟღერდებოდა. ისინი აპროტესტებდნენ გავრილოვის ვიზიტსა და მთავრობის როლს კომუნისტი დეპუტატების ჩამოყვანაში.

20 ივნისი აქცია გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად

20 ივნისი აქცია გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

20 ივნისი აქცია გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად

20 ივნისი აქცია გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

აქციის მსვლელობისას მოწოდებები დაპირისპირებაში გადაიზარდა და მთავრობამ ანტიოკუპაციური პროტესტი ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციაზე დაშავდა ათეულობით ადამიანი, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ანტიოკუპაციური პროტესტი არა რუსულმა, არამედ ქართულმა ხელისუფლებამ დაშალა, თუმცა მუხტი არ ჩამქრალა და მომდევნო დღეს ანტიოკუპაციური მოწოდებებით და მთავრობის კრიტიკით რუსთაველზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

რამდენიმეთვიანი პროტესტის ფარგლებში მოეწყო ანტიოსაოკუპაციო გამოფენა სახელად: "რომ არა პუტინი, მე ვიქნებოდი ცოცხალი". ნაჩვენები იყო რუსული აგრესიისა და ოკუპაციის მსხვერპლთა ფოტოები.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

20 ივნისი აქცია გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად

20 ივნისი აქცია გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

20 ივნისის ერთი წლის თავზე აქტივისტებმა საპროტესტო აქცია პანდემიის პირობებში გამართეს და სოციალური დისტანციის დასაცავად, აქციის მონაწილეები პუტინისგამოსახულებიან სტიკერებზე დააყენეს.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ერთ წლის შემდეგაც, ტრადიციულ ლოკაციაზე, რუსთაველის გამზირზე ისმოდა ანტიოკუპაციური მოწოდებები და საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ, მკაიფოდ აფიქსირებდა თავის არჩევანს — ევროატლანტიკურ მომავალს.

ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე

ახლა

219 წელი გავიდა და დღემდე "ერთმორწმუნე" მეზობელი თავს არ გვანებებს. ბრძოლა ყველა ფრონტზე ერთად იმართება. ქართულ სოფლებში საოკუპაციო საზღვართან მცხოვრები ოჯახები მუდმივ შიშში ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ხვალ ვის მოიტაცებენ რუსული სამხედრო ძალები, სადამდე გადმოწევენ საზღვარს ან როდის შეიძლება ცივი აგრესია რეალურში გადაიზარდოს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი კი სოციალურ ქსელებშია გადმოსული, სადაც რუსეთი დეზინფორმაციითა და პროპაგანდისტული მესიჯებით კონფრონტაციის ახალი კერების წარმოქმნაზე მუშაობს.

ამ ჰიბრიდულ ომში მთავარი იარაღი სიმართლეა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა, ვინც დღეს კრემლის დეზინფორმაციას, ტროლებსა და ბოტებს ებრძვის, ჩვენი აჯანყებული წინაპრების გზას აგრძელებს, რომელთაც თავისუფლება უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მოგვიტანეს.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორბანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და გარანტიას იძლევა, რომ ჰააგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება
  4. რა ეღირება ლარი უქმეებზე?
  5. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ და კარვების გაშლა დაიწყეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან მივიდნენ. მათ უკვე…