ალკოჰოლს თქვენს ჯანმრთელობაზე მრავალი უარყოფითი ეფექტი აქვს. ბევრი მათგანი შეიძლება არც კი იცოდეთ. ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, შფოთვით გაღვიძება და ბევრი სხვა. გრძელვადიან ეფექტებს შორის კი აღსანიშნავი კიბოა.

თუ ალკოჰოლს ხშირად იღებთ და ახლა გარკვეული დროით მისგან დისტანცირებაზე ფიქრობთ, ბევრ სწრაფ და გრძელვადიან სარგებელს აღმოაჩენთ. ეს ყველაფერი კი თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

და მაინც, რამდენი ხანი მოგიწევთ ამ სარგებლის ლოდინი?

სტატიაში გთავაზობთ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ სტატისტიკას, რომელიც აჩვენებს, რა შეიძლება იგრძნოთ ალკოჰოლზე უარის თქმიდან პირველ დღეს, კვირების, თვეებისა და წლების შემდეგ.

ზოგიერთი სარგებელი თავს მალევე იჩენს. ასე რომ, ჩათვალეთ, ყოველი დღე ალკოჰოლის გარეშე, ერთი ცალკეული გამარჯვებაა.

ერთი დღის შემდეგ

ალკოჰოლს ორგანიზმიდან სრულად გამოსასვლელად დაახლოებით 24 საათი სჭირდება, ამიტომ გაუმჯობესებას უკვე ერთი დღის შემდეგ გრძნობთ.

ალკოჰოლი იწვევს გახშირებულ შარდვას, რასაც საბოლოოდ გაუწყლოებამდე მივყავართ. მეორე მხრივ, ორგანიზმს შეუძლია თითქმის მაშინვე შეიწოვოს ერთი ჭიქა წყალი, ამიტომ ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოსვლის შემდეგ გაუწყლოება მცირდება. ეს აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ტვინის ფუნქციასა და ენერგიის დონეს.

ალკოჰოლი ასევე ამცირებს ღვიძლის უნარს, დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე. როგორც კი ალკოჰოლი ორგანიზმს ტოვებს, სისხლში შაქრის დონე ნორმალიზებას იწყებს.

თუ ყოველდღიურად სვამთ, შესაძლოა, თავიდან თავი ცოტა უარესად იგრძნოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენს სხეულს ალკოჰოლის არარსებობისთვის შეგუება სჭირდება. თავდაპირველად შეიძლება შეამჩნიოთ ძილის დარღვევა, განწყობის ცვალებადობა, ოფლიანობა ან კანკალი. სიმპტომების უმეტესობა, როგორც წესი, ალკოჰოლის მიღების გარეშე დაახლოებით ერთ კვირაში ქრება.

ერთი კვირის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლმა თავიდან შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს, ის ძილის ციკლს არღვევს. ალკოჰოლისგან ერთი კვირით დისტანცირების შემდეგ შეამჩნევთ, რომ დილით უფრო ენერგიული ხართ. ეს უკეთესი ძილის შედეგად მოხდება.

ღვიძლი, როგორც სხეულის ფილტრი, ალკოჰოლის გადამუშავების მხრივ ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებს და შეიძლება ადვილად დაზიანდეს ზომიერი სმის შემთხვევაშიც კი.

ღვიძლი მნიშვნელოვანია სისხლის გასაწმენდად, საკვები ნივთიერებების გადამუშავებისთვის და ნაღვლის წარმოებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მეორე მხრივ, ღვიძლს ასევე სწრაფად რეგენერაცია შეუძლია. თუ ღვიძლში მხოლოდ მსუბუქი დაზიანება გაქვთ, შვიდი დღე შეიძლება საკმარისი იყოს მასში ცხიმის შესამცირებლად და მსუბუქი ნაწიბურებისა თუ ქსოვილების დაზიანების შესახორცებლად.

ალკოჰოლის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება ტვინის ფუნქციონირება დააქვეითოს. ამრიგად, ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება რამდენიმე დღეში ხელს შეუწყობს ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. რამდენიმე დღის ეფექტი შესამჩნევი იქნება მსუბუქი და ზომიერი მომხმარებლებისთვის. რაც შეეხება ალკოჰოლზე სერიოზულად დამოკიდებულებს, მათთვის ეს ეფექტი ერთი თვის განმავლობაში იჩენს თავს.

ერთი თვის შემდეგ

ალკოჰოლმა შეიძლება გაართულოს განწყობის მართვა და გააუარესოს შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები. რამდენიმე კვირის შემდეგ, ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს. ძალიან ბევრი ალკოჰოლის მომხმარებელიც კი აღნიშნავს, რომ ერთი-ორი თვის შემდეგ განწყობა მნიშვნელოვნად უუმჯობესდებათ.

ძილისა და განწყობის გაუმჯობესებასთან ერთად, შეიძლება შეამჩნიოთ მეტი ენერგია და კეთილდღეობა.

ერთთვიანი თავის შეკავების შემდეგ, რეგულარული მსმელები ასევე აღნიშნავენ, რომ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ.

შესაძლოა, წონაში დაიკლოთ და სხეულის ცხიმი შეგიმცირდეთ. ალკოჰოლი შეიცავს უამრავ კილოჯოულს. ალკოჰოლი ზოგჯერ არაჯანსაღი საკვების მიღებისკენაც გვიბიძგებს ხოლმე.

თქვენი კანიც კი მადლობას გადაგიხდით. ალკოჰოლს შეუძლია გაუწყლოებისა და ანთების გამო დაბერება დააჩქაროს. იმ შემთხვევაში თუ ალკოჰოლის მიღებას შეწყვეტთ, შეიძლება დაზიანებული კანი აღგიდგეთ.

ალკოჰოლი აღიზიანებს ნაწლავებს და არღვევს კუჭის ნორმალურ ფუნქციონირებას; იწვევს შებერილობას, საჭმლის მონელების დარღვევას, გულძმარვასა და დიარეას. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ოთხ კვირაში ქრება.

ერთი თვის თავშეკავების შემთხვევაში, ინსულინრეზისტენტობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მაღალი დონე, მნიშვნელოვნად, 25%-ით, მცირდება. ასევე მცირდება არტერიული წნევა (6%-ით) და კიბოს განვითარებასთან დაკავშირებული ფაქტორები.

ექვსი თვის შემდეგ

ღვიძლის აღდგენა რამდენიმე კვირაში იწყება. ზომიერად ალკოჰოლის მომხმარებლებისთვის ღვიძლის დაზიანება შეიძლება ექვს თვეში სრულად აღმოიფხვრას.

უკვე ამ ეტაპზე, ალკოჰოლზე ძლიერად დამოკიდებულებმაც კი შეიძლება შეამჩნიონ, რომ უკეთ ებრძვიან ინფექციებს და საერთო ჯამში თავს უფრო ჯანმრთელად გრძნობენ.

ერთი წლის ან მეტის შემდეგ

ალკოჰოლი ქრონიკული დაავადებების გამომწვევი მიზეზია. ეს შეიძლება იყოს გულის დაავადებები, ინსულტი, მე-2 ტიპის დიაბეტი და კიბოს შვიდი სხვადასხვა სახეობა. მეტიც, ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ყველა ამ რისკის შემცირება შესაძლებელია ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტით ან შემცირებით.

ალკოჰოლი ზრდის არტერიულ წნევას. მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე მაღალი რისკ-ფაქტორია.

ხანგრძლივი თავშეკავების შემთხვევაში, ნებისმიერი სახის კიბოს განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ერთ-ერთმა კვლევამ შეისწავლა 4 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის კიბოს რისკი სამიდან შვიდ წლამდე პერიოდში და გამოავლინა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს განვითარების რისკი 4%-ით შემცირდა — ეს იმ ადამიანებში, ვინც ალკოჰოლს შედარებით რეგულარულად, მაგრამ დიდ მასშტაბებზე არ იღებდა. ხოლო იმ ადამიანებში, რომლებიც ალკოჰოლს ძალიან დიდი დოზებით იღებდნენ, რისკი 9%-ით შემცირდა.

შესაბამისად გახსოვდეთ, ალკოჰოლის მოხმარების ნებისმიერი შემცირება შესამჩნევ და მყისიერ სარგებელს მოუტანს თქვენს ტვინსა და ზოგად ჯანმრთელობას. რაც უფრო ნაკლებს დალევთ, მით უფრო ჯანმრთელი იქნებით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.