ჩიკუნგუნიას ვირუსის გავრცელება ეპიდემიის საფრთხეს მოასწავებს — ჯანმოს გაფრთხილება
ფოტო: EPE
სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიკუნგუნიას ცხელების გავრცელების შესახებ განცხადება გააკეთა. მათი თქმით, არსებობს ვირუსის ეპიდემიად ქცევის საფრთხე და მის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო.
ჯანმოს თქმით, ახლა ვირუსი ზუსტად ისეთ ნიშნებს ავლენს, რომლებმაც ორი ათწლეული წლის წინ ჩიკუნგუნიას მასშტაბური აფეთქება გამოიწვია. მათ სურთ, რომ ისტორია არ განმეორდეს და ვირუსის მართვა მის გართულებამდე დავიწყოთ.
ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანს ძირითადად ორი სახეობის კოღოს საშუალებით გადაეცემა, ესენია Aedes aegypti და Aedes albopictus. ვირუსი სახსრებისა და თავის ძლიერ ტკივილს, ღებინებასა და შემცივნებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსი შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს.
"ჩიკუნგუნია არ არის ფართოდ ცნობილი დაავადება, მაგრამ მისი შემთხვევები 119 ქვეყანაში დაფიქსირებულა. ეს ფაქტი 5.6 მილიარდ ადამიანს საფრთხის წინაშე აყენებს", — ამბობს დიანა როხას ალვარესი ჯანმოდან.
მან გაიხსენა 2004-2005 წლის მოვლენები. ამ დროს ჩიკუნგუნიას ცხელებამ მთლიანი ინდოეთის ოკეანის ტერიტორია მოიცვა. მასობრივ აფეთქებამდე ვირუსმა პატარა კუნძულებზე გავრცელება დაიწყო და ნახევარ მილიონამდე ადამიანი დააინფიცირა.
2025 წლის დასაწყისიდან დღემდე კუნძულ რეიუნიონზე, მაიოტასა და მავრიკიზე ჩიკუნგუნია აქტიურად ვრცელდება. რეიუნიონის მოსახლეობის ერთი მესამედი უკვე ინფიცირებულია.
ჩიკუნგუნიას სიმპტომები დენგეს ცხელებისა და ზიკა ვირუსის მსგავსია, ამიტომ მისი დიაგნოსტიკა რთულია. როხას ალვარესის თქმით, როგორც 20 წლის წინ, ახლაც ვირუსი რეგიონის სხვა ნაწილებში ვრცელდება და სამომავლოდ მადაგასკარის, სომალისა და კენიის ტერიტორიებს მოიცავს.
ვირუსის შემთხვევები სამხრეთ აზიასა და ევროპაშიც დაფიქსირდა. ერთი შემთხვევა საფრანგეთში ლოკალურია და ვირუსის გლობალურ გავრცელებასთან კავშირი არ აქვს. იტალიაში დაფიქსირებული ორი შემთხვევა კი სავარაუდოდ ინდოეთის ოკეანის რეგიონში მიმდინარე პროცესების ნაწილია.
პრესასთან ინტერვიუში როხას ალვარესი ამბობს, რომ ლეტალობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლებია. ამის მიუხედავად, როდესაც საქმე მილიონობით შემთხვევას ეხება, ერთი პროცენტი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გულისხმობს.
"ჩვენ განგაშს ნაადრევად ვტეხთ, რათა საზოგადოებას საკმარისი დრო მივცეთ მოსამზადებლად. ადრეული გაფრთხილებისა და პრევენციის გზით, ქვეყნებს მასშტაბური საფრთხის თავიდან აცილება შეეძლებათ", — აღნიშნავს დიანა როხას ალვარესი.
იმ რეგიონებში, სადაც წინა ეპიდემიისას ვირუსი ნაკლებად გავრცელდა, მოსახლეობას შედარებით სუსტი იმუნიტეტი აქვს. ამის გამო ვირუსმა შესაძლოა მალევე გამოიწვიოს აფეთქებები, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანზე ძირითადად Aedes aegypti და Aedes albopuctus მდედრი კოღოების ნაკბენით გადადის. ეს უკანასკნელი ვეფხვის კოღოს სახელითაა ცნობილი და გლობალური დათბობის გამო ჩრდილოეთით იწყებს გავრცელებას.
ჯანმო საზოგადოებას კოღოებისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებს. აუცილებელია კოღოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და წყლის ჭურჭელში ჩამდგარი წყლის არ დატოვება, რადგან კოღოები სწორედ ასეთ ადგილებში მრავლდებიან.


კომენტარები