ხშირად ურანი ბირთვულ იარაღთან, მასობრივ განადგურებასთან და მაღალი რისკის მქონე ტექნოლოგიებთან ასოცირდება. მას ხშირად ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო აღმოჩენად მოიხსენიებენ, მაგრამ რეალურად ურანი ბუნებრივი წარმოშობის მძიმე მეტალია, რომელიც დედამიწის ქერქში მცირე რაოდენობით თითქმის ყველგან გვხვდება.

ურანს რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნურად მიღებული იზოტოპი აქვს, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი U-238 და U-235-ია. ეს ორი იზოტოპი ბირთვულ ენერგეტიკაში, სამეცნიერო კვლევებსა და ზოგ შემთხვევაში, სამედიცინო ტექნოლოგიებშიც აქტიურად გამოიყენება.

ამის მიუხედავად, ურანის ფლობა, შენახვა ან გაყიდვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მკაცრად კონტროლდება. შეზღუდვების მიზეზად ურანის ტერორისტული ან დივერსიული მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალი სახელდება.

ნედლი ურანის მადანი.

ფოტო: britannica.com

ურანის ბუნებრივი ფორმა დაახლოებით 99.3% U-238-ს და მხოლოდ 0.7% U-235-ს შეიცავს. მისი მცირე შემცველობის მიუხედავად, ენერგეტიკული და ბირთვული მიზნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ U-235-ს აქვს. ამ იზოტოპის უნიკალურობა ბირთვული გაყოფის უნარში მდგომარეობს.

თუ U-235-ს საკმარისად დიდი რაოდენობით მოვაგროვებთ და შესაბამის ტექნიკურ პირობებს შევუქმნით, მისი ბირთვები გახლეჩისას უზარმაზარ ენერგიას გამოყოფს. შემდგომში ეს ენერგია როგორც სამშვიდობო, ისე სამხედრო მიზნებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

"ჯაჭვური რეაქცია U-235-ზე წარმოებს და შესაბამისად, ატომურ ბომბებსა და ბირთვულ რეაქტორებშიც ის გამოიყენება. მისი წილი მცირეა, ამიტომ ბირთვული საწვავის შესაქმნელად საჭიროა ურანის ეგრეთწოდებული გამდიდრება. გამდიდრება ბუნებრივი ურანიდან რაც შეიძლება მეტი U-238-ის გამოტანასა და ამით U-235-ის პროცენტული წილის გაზრდას გულისხმობს", — ამბობს თსუ-ის ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ გუბაძე ჩვენთან ინტერვიუში.

ურანის გამდიდრება, როგორც წესი, გაზური ცენტრიფუგების მეშვეობით ხდება. ურანის ჰექსაფტორიდი (UF₆) გაზის სახით ცენტრიფუგაში შეჰყავთ. იგი იწყებს სწრაფად ბრუნვას და შედეგად უფრო მძიმე U-238-ის ატომები ცენტრიდანული ძალით გარე კედლებისკენ გადაადგილდება. შედარებით მსუბუქი U-235-ის ატომები ცენტრისკენ რჩება და გროვდება. ამ პროცესის მრავალჯერ გამეორებით U-235-ის წილი იზრდება, რაც საბოლოოდ გამდიდრებულ ურანს გვაძლევს.

უპირველესად, სწორედ ამ ტექნოლოგიის გაკონტროლებაა საჭირო, რადგან გამდიდრებული ურანი როგორც ატომურ რეაქტორებში, ისე ბირთვულ იარაღში შეგვიძლია გამოვიყენოთ. როგორც ნუგზარ გუბაძე ამბობს, ურანის გამდიდრების ტექნოლოგიებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას სულ 13-14 ქვეყანა ფლობს.

"2-დან 5%-მდე გამდიდრებულ ურანს ენერგეტიკულ რეაქტორებში იყენებენ. 20%-მდე გამდიდრებული ურანი ექსპერიმენტულ და კვლებით რეაქტორებში გვხვდება, ხოლო 20%-ზე მეტი გამდიდრებისას უკვე მისი გამოყენება ბირთვული იარაღისთვისაც შეიძლება", — აცხადებს დოქტორი ნუგზარ გუბაძე.

მისი თქმით, მაღალგამდიდრებულ ურანს ატომური ბომბის გარდა კოსმოსურ აპარატებში, ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებშიც იყენებენ.

შესაძლო საფრთხეების გამო, მისი მოპოვება, დამუშავება, შენახვა და ექსპორტი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მკაცრად კონტროლდება. 1968 წელს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება სწორედ ამ მიზნით გაფორმდა. მას მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც აწერს ხელს.

ხელშეკრულება ორ მთავარ პრინციპს ეფუძნება:

  • ქვეყნებმა, რომლებსაც უკვე აქვთ ბირთვული იარაღი, არ უნდა გადასცენ ის ან მის დასამზადებლად საჭირო ტექნოლოგია სხვა სახელმწიფოებს.
  • არაბირთვული ქვეყნები კი იღებენ ვალდებულებას, რომ ასეთ იარაღს არ შეიმუშავებენ და ბირთვულ ენერგიას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენებენ.

ურანი აქტიურად გამოიყენება ენერგეტიკის სფეროშიც. იგი ბირთვული ელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომპონენტია.

ფოტო: Earth.org

ამ ხელშეკრულების შესრულებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ზედამხედველობს. ესაა გაეროს სტრუქტურის ფარგლებში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც ინსპექტორების, ვიდეოკამერების, დალუქული კონტეინერებისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით ბირთვული მასალების გამოყენებას აკონტროლებს. ქვეყნებს, რომლებიც შეთანხმებას ხელს აწერენ ბირთვულ ობიექტებზე ინფორმაციის წარმოდგენა რეგულარულად უწევთ. სააგენტოს მოულოდნელი შემოწმებების უფლებაც აქვს.

გარდა კონტროლისა, IAEA ქვეყნებს რეაქტორების უსაფრთხოების, რადიაციული დაცვისა და ბირთვული ინციდენტების პრევენციის კუთხით ტექნიკურ დახმარებასაც უწევს. სააგენტო საერთაშორისო სტანდარტებს აყალიბებს, ატარებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და მეცნიერებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. მათი მიზანია, რომ ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო და სამეცნიეროდ ღირებული გახდეს.

მიუხედავად ამისა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო ზედამხედველობაზე უარს ამბობენ ან შეთანხმებას არღვევენ. ასეთ შემთხვევებში საქმე გაეროს უშიშროების საბჭოში გადადის, რაც შესაძლოა სანქციების ან საერთაშორისო ზეწოლის მიზეზიც გახდეს. სწორედ ამიტომ, ურანის ბრუნვისა და დამუშავების მკაცრი კონტროლი არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ გლობალური სტაბილურობის საკითხიცაა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი.

ფოტო: picture-alliance/Photoshot

საერთაშორისო რეგულაციებთან ერთად, ურანის შენახვა ეროვნულ დონეზეც მკაცრად კონტროლდება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ურანის ფლობა, გადაზიდვა ან შენახვა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემული სპეციალური ლიცენზიითაა შესაძლებელი.

მსგავსი ტიპის მასალებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი უწყებები აკონტროლებენ. ამ რეგულაციების დამრღვევი პირი შესაძლოა, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს.

"საქართველოში არსებობს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც რისკებს საკმაოდ მაღალ დონეზე აკონტროლებს. გარდა ამისა, არსებული რადიაციული მდგომარეობა ყოველწლიურად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მოწმდება. ამდენად, მიმაჩნია, რომ საკმარისად კონტროლდება, თუმცა, ვერ გამოვრიცხავთ დივერსიისა და კონტრაბანდის საფრთხეებს", — ამბობს ნუგზარ გუბაძე.

საქართველოში არსებული ყველა რეგულაცია უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში განისაზღვრება. მათი მიზანია, რომ ქვეყანამ ბირთვული მასალების არაკონტროლირებადი ბრუნვა ან მათი არალეგიტიმური მიზნებისთვის გამოყენება თავიდან აიცილოს.

მართალია, ბირთვული იარაღის დამზადება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ რადიაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვა საფრთხეც არსებობს. ესაა ე.წ. "ბინძური ბომბები", რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომი რადიოაქტიური წყაროებისგან მზადდება. "ბინძური ბომბი" რადიოაქტიური და ქიმიური ნივთიერებებისგან შემდგარი, ერთგვარი კუსტარული მოწყობილობაა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციები იყენებენ.

ასეთი იარაღის დამზადება ტერორისტულ ჯგუფებსაც შეუძლიათ. მისი საშუალებით, ეკონომიკური თუ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მიღწევა ურანის გამდიდრებისა და განსაკუთრებული ადამიანური რესურსის გარეშეც შეიძლება. მისი გამოყენებით წარუმატებელი ტერორისტული აქტიც კი, სრულიად საკმარისია მასობრივი პანიკისა და მსხვერპლის გამოსაწვევად.

ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტი ცდილობს "ბინძური ბომბის" უსაფრთხოდ დალუქვას, რათა მასში არსებული სახიფათო მასალა გარემოში არ გავრცელდეს.

ფოტო: Jeremiah Clark

გარდა ამისა, უკონტროლო პირობებში შენახული ურანი შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო გახდეს, განსაკუთრებით თუ ის არაპროფესიონალების ხელში მოხვდება. რადიოაქტიური ნაერთების შემცველი ნაწილაკების ინჰალაცია ან კანთან ხანგრძლივი კონტაქტი ფატალურ შედეგებს იწვევს.

ამ მიზეზების გამო, არასახელმწიფო აქტორების მიერ ურანის შენახვა უმძიმეს სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. ღირებული სამეცნიერო ან ენერგეტიკული პოტენციალის მქონე მასალის უკონტროლოდ გამოყენება ავტომატურად გლობალურ საფრთხეს ნიშნავს.

ურანის გამოყენება მაღალ საერთაშორისო სიფრთხილესა და კოორდინაციას მოითხოვს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა მეცნიერებას, გლობალურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკას ერთ სივრცეში აყენებს, სადაც გამჭვირვალე რეგულაციები და ნდობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე, ურანის ეფექტიანი მართვა არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ გლობალური სტაბილურობის განმსაზღვრელი საკითხიცაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.