შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ნარკორეალიზატორობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში 2 მილიონამდე ლარი შეადგინა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებითისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები", — ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.