შეიძლება ქვეყანაში კორუფციის დონეს მინისტრთა კაბინეტის წარმომდგენლების სურათებით მიხვდე? მთლად ეგრეც ვერ ვიტყვით, თუმცა მონპელიეს უნივერსიტეტის პავლო ბლავაცკის მიერ ამ თვეში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე კორუფციულებს ყველაზე ჭარბწონიანი პოლიტიკოსები ჰყავთ. ბლავაცკის ჯანმრთელობის ჩანაწერებთან არ აქვს წვდომა, ამიტომ ის კომპიუტერს იყენებს ფოტოების გამოსაკვლევად და სხეულის მიახლოებითი მასის გამოსათვლელად. მან 15 პოსტსაბჭოთა ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) 2017 წლის 299 მინისტრის ფოტო გამოიკვლია და ისინი სხეულის საშუალო მასის მიხედვით დაალაგა.

საქართველოსთვის კვლევის მონაცემები მოიცავდა გიორგი კვირიკაშვილის მეორე მთავრობის (რომელიც ფუნქციონირებდა 2016 წლის 26 ნოემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე) მინისტრების 21 ფოტოს. 2017 წელს მინისტრთა ამ კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება შედგა: კვირიკაშვილის მეორე მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იყო, რომელიც შემდგომ მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა.

ბლავაცკიმ სხეულის მასის მიღებული ინდექსი შეადარა ხილული კორუფციის ხუთ დამკვიდრებულ საზომს, როგორებიცაა Transparency International-ის ყოველწლიური ინდექსი და World Bank-ის კორუფციის ინდიკატორები. "ჩვენი გამოთვლილი მინისტრების სხეულის მასის ინდექსი მაღალ კორელაციაშია ხილული კორუფციის ხუთივე მიღებულ საზომთან. [...] მასობრივი ფარული პოლიტიკური კორუფცია, პირდაპირი გაგებით, სათავეში მყოფი საჯარო მოხელეების ფოტოებიდან ჩანს", — თქვა კვლევის ავტორმა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაკლებად კორუფციულ ქვეყნებად მიიჩნევიან ბალტიისპირეთის ქვეყნები — ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა — და საქართველო. ბლავაცკის კვლევის მიხედვით, ამ ოთხი ქვეყნის მინისტრებს სხეულის საშუალო მასა ყველაზე დაბალი აქვთ.

კვლევის ცხრილი: ყველაზე ნაკლებად კორუფციული პოსტსაბჭოთა ქვეყნების პირველი ხუთეული სხეულის მასის საშუალო ინდექსის მქონე შესაბამისი მინისტრის ფოტოთი (საქართველო — მამუკა ბახტაძე).

ფოტო: Pavlo Blavatskyy

ყველაზე კორუფციულების სიაში არიან თურქმენეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ამ ქვეყნების მინისტრებიც ყველაზე ჭარბწონიანები არიან. თუმცა, გამონაკლისია უკრაინა: კვლევის მიხედვით, იქაური მინისტრები საშუალოდ უფრო ჩასკვნილები არიან, ვიდრე ტაჯიკეთში, რაც, კვლევის მხრიდან, იმაზე მეტყველებს, რომ, შესაძლოა, ტაჯიკეთის რეიტინგი უსამართლოდ მაღალი იყოს, უკრაინის კი — დაბალი.

კვლევის გრაფიკი: 2017 წლის Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის (ხაზოვანი ტენდენცია) მიმართ გაბნეული ქვეყნების მინისტრების სხეულის საშუალო მასა. CPI-ის დაბალი მაჩვენებელი უფრო მეტ კორუფციაზე მიანიშნებს.

ფოტო: Pavlo Blavatskyy

თუმცა, კვლევას რამდენიმე პოტენციური პრობლემა აქვს: როგორ უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ფენოტიპები? შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკოსები კონკრეტულ ქვეყნებში უფრო ჭარბწონიანები იყვნენ, რადგან ამ ქვეყნის ხალხია ასეთი?

ზოგადად, არა. კვლევის თანახმად, "ქვეყნებში, რომლებსაც შედარებით უფრო ჭარბწონიანი მინისტრები ჰყავს, შედარებით უფრო ნაკლებად ჭარბწონიანი მოსახლეობაა". სიმართლეა ამის საპირისპიროც: ბალტიისპირეთის ქვეყნებში პოლიტიკოსები მოსახლეობაზე უფრო გამხდრები იყვნენ.

კვლევის ავტორი ირონიულად აღნიშნავს, რომ სწორედ ყველაზე ღარიბ ქვეყნებში შეინიშნება ჭარბწონიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პოლიტიკოსებში.

"შესაძლოა, პოლიტიკური კორუფცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს — [მაღალკორუფციულ ქვეყნებში] ის მოწინავე პოლიტიკოსებში (რაც მთლიანი მოსახლეობის ძალიან პატარა წილია) ჭარბწონიანობასთანაა დაკავშირებული, როცა მთლიანი მოსახლეობა უფრო გამხდარია. შედარებით უფრო ნაკლებად კორუფციულ ქვეყნებს კი უფრო გამხდარი პოლიტიკოსები და უფრო ჭარბწონიანი ამომრჩევლები ჰყავს", — ამბობს კვლევის ავტორი.