ფინური სუპერძალა — ყალბ ამბებზე გამარჯვების ჩრდილო-ევროპული გამოცდილება
არც ისე დიდი ხნის წინ, ჰელსინკში, სტუდენტები ლექციის მოსასმენად შეიკრიბნენ, თემაზე, რომელსაც საზოგადოებრივი კოლეჯების უმეტესობის პროგრამა დიდ ყურადღებას არ აქცევს.
ესპოოს ზრდასრულთა განათლების ცენტრში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე იუსი ტოივანენმა პრეზენტაცია წარადგინა, სახელით — ყოფილხართ რუსული ტროლების არმიის შეტევის სამიზნე?
პრეზენტაცია სოციალურ მედიაში დარწმუნების მეთოდების ჩამონათვალს მოიცავს: ფოტო და ვიდეო მანიპულაციები, სიმართლესთან მიმგვანებული ყალბი ამბები, დაშინება და ყალბი პროფილები.
ერთ-ერთ სლაიდზე ტვიტერის ანგარიშის ფოტოა გამოსახული და ბოტების ამოცნობის გზებია ახსნილი: უნდა დააკვირდეთ ფოტოებს (შესაძლოა Stock ფოტოებია), ყოველდღიურად გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობას, გადაამოწმეთ თარგმანის ხარისხი და რამდენად სრულია მითითებული პერსონალური ინფორმაცია.
პრეზენტაცია Deepfake-ის (რეალობასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ვიდეო ან აუდიო მასალა) გახმაურებული მაგალითებით არის გამდიდრებული, რათა მიმდინარე ინფორმაციული ომის სიმძაფრე უკეთ გამოიკვეთოს.
აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევამდე 2 წლით ადრე, 2014 წელს, ფინეთმა ყალბი ინფორმაციის საწინააღმდეგო ინიციატივა წამოიწყო. სწავლების მიზანი მოქალაქეების, სტუდენტების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მომზადება იყო, რათა დაპირისპირების გამოწვევის განზრახვით წარმოებული ყალბი ინფორმაციის ამოცნობის და მართვის უნარები გამოემუშავებინათ.
ინიციატივა ქვეყანაში მიმდინარე მრავალწახნაგოვანი, სხვადასხვა სექტორის გამაერთიანებელი კამპანიის მცირე ნაწილია. აქტივობები ჩვენი დროის ციფრულ გარემოსთან მოქალაქეთა ადაპტირებას გულისხმობს. ჩრდილო-ევროპული ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან 1340 კილომეტრიანი საზღვარი აქვს, კარგად ხვდება მსგავსი ქმედებების აუცილებლობას.
ფინეთმა რუსეთისგან დამოუკიდებლობა 101 წლის წინ მოიპოვა და ამ დროის მანძილზე არაერთხელ აღმოჩენილა პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე, რომელსაც ზურგს კრემლი უმაგრებდა. 2014 წელს, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყებულთა მხარდაჭერამ ნათელი გახადა, რომ ინფორმაციულმა საბრძოლო ფრონტმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.
პრემიერმინისტრის ოფისის კომუნიკაციების მთავარი სპეციალისტის, ტოივანენის თქმით, ფინეთის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის მოცულობის ზუსტად განსაზღვრა რთულია, თუმცა მთავარი თავდასხმის სამიზნე მიგრანტები, ევროკავშირი და ფინეთის ნატოს სრულუფლებიან წევრობაზე საუბარია.
რუსეთი ამ სცენარის განვითარების წინააღმდეგია.
2015 წელს, ტროლების თავდასხმების მატებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ფინელებს ყალბ სიახლეებთან ბრძოლისკენ მოუწოდა. ერთი წლის შემდეგ, მთავრობამ ამერიკელი ექსპერტები მოიწვია დეზინფორმაციის ამოცნობასთან დაკავშირებით რჩევებისთვის, ვირუსული გავრცელების მიზეზების განსაზღვრისა და ბრძოლის სტრატეგიების შესამუშავებლად. განხორციელდა საგანმანათლებლო სისტემის რეფორმაც, რათა კრიტიკულ აზროვნებას მეტი ყურადღება დათმობოდა.
მცირე დროში, შედეგების გაზომვა რთულია, თუმცა აღნიშნული მიდგომა ცალსახად მუშაობს, ამიტომ სხვა ქვეყნებიც ცდილობენ ფინეთის მაგალითის გამეორებას, რათა დეზინფორმაციაზე გამარჯვება შეძლონ.
"ეს მხოლოდ მთავრობის პრობლემა არ არის, სამიზნე ერთიანი საზოგადოებაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, მაგრამ ქვეყნის დემოკრატიის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია", — აღნიშნავს ტოივანენი და ამატებს — "დაცვის პირველი ხაზი ბაღის მასწავლებლებიდან იწყება".
ფაქტის გამიჯვნა გამოგონილი ამბისგან
ჰელსინკის ფრანგულ-ფინურ, ორენოვან სახელმწიფო დაწყებით სკოლაში დემოკრატიის დაცვის იდეას სერიოზულად უდგებიან.
ვალენტინა უიტოს სოციალური სოციალური კვლევების პროგრამის ფარგლებში, მე-10 კლასელებს დებატები ჩაუტარდათ, მიზანი ევროკავშირის მოახლოებული არჩევნების მთავარი პრობლემების განსაზღვრა იყო. კონკრეტული საკითხის ანალიზამდე მოსწავლეებს ჰკითხეს რა იყო კარს მომდგარი არჩევნების მთავარი გამოწვევები. მათი აზრით ბრექსიტი, მიგრანტები, უსაფრთხოება და ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია.
"მათ ევროკავშირის არჩევნებთან დაკავშირებული მოსაზრებები შეაჯამეს… ახლა, უნდა გავიგოთ, ფაქტის გამიჯნვა თუ შეუძლიათ გამონაგონისგან", — ამბობს უიტო.
მოსწავლეები ჯგუფებად დაყეს, ისინიც ლეპტოპებითა და ტელეფონებით შეიარაღდნენ და არჩეული თემების გამოძიება დაიწყეს, როგორც შერლოკ ჰოლმსის გაუმჯობესებულმა, პოსტ-მილენიალმა ციფრულმა გამომძიებლებმა.
ვალენტინას სწავლების ფორმა ფინური კრიტიკული აზროვნების პროგრამის ნათელი მაგალითია, რომელიც 2016 წელს პრიორიტეტად განისაზღვრა, რათა სტუდენტებისთვის ყველაზე საჭირო უნარები ესწავლებინა ამერიკისა და ევროპის არჩევნების დროს გაძლიერებული დეზინფორმაციის ტალღისგან თავის დასაცავად.
სკოლამ პარტნიორობა წამოიწყო ფინურ ფაქტების გადამოწმების სააგენტოსთან Faktabaari, რათა დაწყებითი და უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ციფრული წიგნიერების ბერკეტებით აღეჭურვა. სწავლება ჩრდილო-ევროპის ქვეყნების ბლოკის მედია წიგნიერების ექსპერტებს წარუდგინეს და ამის შემდგომ წევრი სახელმწიფოების მასშტაბით გავრცელდა.
სავარჯიშოები იუთუბის ვიდეოებში და სოციალური ქსელების პოსტებში დაფარული მინიშნებების და დეზინფორმაციის მკითხველის ემოციებზე გავლენის შესწავლას ითვალისწინებს, ასევე მედია მასალების და Clickbait, ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდების შედარებას და სტუდენტებს ყალბი ინფორმაციის წერასაც ასწავლიან.
"გვინდა ჩვენი სტუდენტები, ვიდრე სოციალურ ქსელებში რაიმეს მოიწონებენ ან გააზიარებენ, კარგად დაფიქრდნენ — ვინ დაწერა მასალა? სად გამოქვეყნდა? იძებნება თუ არა იგივე მასალა სხვა წყაროებზე?" — აღნიშნავს კარი კივინენი, ჰელსინკის ფრანგულ-ფინური სკოლის დირექტორი და ევროპული სკოლების აპარატის ყოფილი უფროსი. მისი თქმით ეს არის ბალანსის მცდელობა, რათა სტუდენტებში სკეპტიციზმის გრძნობამ ცინიზმის გაღვივება არ გამოიწვიოს.
"ყველაფრის გადამოწმების აუცილებლობა და ინფორმაციის და სოციალური ქსელების მიმართ აბსოლუტური ნდობის არ ქონა დამღლელია", — ამბობს 15 წლის ტატუ ტუკიანენი, უიტოს ერთ-ერთი მოსწავლე — "ვფიქრობ, ამის დასრულება უნდა შევძლოთ".
სკოლის ბიბლიოთეკაში 17 და 18 წლის ალექსანდერ შემეიკა და გაბრიელ ბაგულა იუთუბის ვიდეოებს უყურებენ და ისეთ სოციალური მედიის პლატფორმებზე მსჯელობენ, როგორებიცაა ინსტაგრამი, სნაპჩეტი, რედიტი და ტვიტერია. ფეისბუქი განხილვის თემა არაა — "ეგ მოხუცი ხალხისთვის არის".
"ფრაზა "ყალბი ამბავი" ყველგან ისმის", — აღნიშნავს შემეიკა და დასძენს, რომ როცა მეგობრები საეჭვო მიმებს ან არასანდო სტატიას აზიარებენ, წყაროს შესახებ კითხვებს ყოველთვის სვამს.
"ბოლომდე დარწმუნებული ვერასდროს იქნები", — ეთანხმება ბაგულა.
კივინენი სწორედ ასეთი დიალოგის საყოველთაოდ დანერგვას იმედოვნებს, მაგრამ დარწმუნებული არაა, შეძლებს თუ არა მათი მიდგომა სხვა ქვეყნებისთვისაც სამაგალითო მოდელად იქცეს:
"ჩვენ ფაქტის გადამოწმების და კრიტიკული აზროვნების კომბინირებას და ამომრჩევლის წიგნიერების გაზრდას ვცდილობთ, სხვა ქვეყნების მხრიდან ინტერესი არის. ყველაფრის მიუხედავად, დემოკრატიის ექსპორტი რთულია".
ფინელად ყოფნის სუპერძალა
დემოკრატიის ექსპორტი შესაძლოა რთულია, თუმცა ექსპერტების მოწვევა — არა. 2016 წელს, ფინეთმა სწორედ ამ ხერხს მიმართა, აღმოსავლეთ მეზობლისგან მომდინარე დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების მომატებული რაოდენობისგან თავის დასაცავად.
"მათ იცოდნენ რომ კრემლი ფინეთის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდა, მაგრამ არ იცოდნენ კონტექსტი — იყო ეს რუსეთის მხრიდან აშკარა თავდასხმა? იყო ეს ომი?" — ამბობს ჯედ ვილარდი, ფრანკლინ დელანო რუზველტის გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ის ერთ-ერთია, ფინეთის მიერ მოწვეული ექსპერტებიდან, რომელთა მიზანიც ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ყალბი ამბების აღმოჩენის და მასთან გამკლავების სწავლება იყო.
რუსეთი ყოველთვის აჟღერებს, რომ არ ჩარეულა და არ ერევა სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში. დახურულ კარს მიღმა ვილარდის სწავლებების მთავარი ფოკუსი შემდეგია: ნაციონალური ნარატივის გაძლიერება და არა ცრუ განცხადებების გამოაშკარავება.
"ფინელებს გამორჩეული, უნიკალური ძალა აქვთ, მათ იციან ვინ არიან და ამ ცოდნის ფესვები ადამიანთა უფლებების და კანონის უზენაესობაა, რუსეთისთვის ეს მდგომარეობა უცხოა", — აღნიშნა ვილარდმა და დაამატა — "რას ნიშნავს იყო ფინელი აშკარაა, ეს არის სუპერძალა".
გამოცდილება, რომელიც ფინეთს აქვს ბევრ ქვეყანას არ აქვს.
პატარა, ერთსულოვანი სახელმწიფო სხვადასხვა ინდექსის თანახმად, მუდმივად მოწინავეთა რიგებშია, მაგალითისთვის: ბედნიერება, მედიის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა, სოციალური თვითშეგნება, გამჭვირვალობა, განათლება — ეს ართულებს სხვა ქვეყნების შესაძლებლობას სოციუმში სუსტი წერტილი იპოვონ და საზოგადოების გახლეჩა გამოიწვიონ.
ფინეთს კითხვის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს — 5,5-მილონიანი ქვეყნის მოსახლეობას ბიბლიოთეკიდან წელიწადში 68 მილიონამდე წიგნი გამოაქვს. მაღალგანვითარებულ ბიბლიოთეკაზე ყოველწლიურად 110 მილონი დოლარი იხარჯება, მას ფინელები სიყვარულით "ჰელსინკის მისაღებ ოთახს" უწოდებენ. ევროკავშირის მასშტაბით, ფინეთს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ყველაზე მაღალი შედეგი აქვს, კითხვის ნაწილში.
მედიის ნდობა მთელ მსოფლიოში შემცირებულია, თუმცა ფინეთმა ძლიერი რეგიონული პრესის და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენარჩუნება შეძლო. როიტერის ინსტიტუტის ციფრული სიახლეების, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ფინეთი მედიის მიმართ ნდობის კუთხით ლიდერია, რაც მოქალაქეების მიერ ალტერნატიული ახალი ამბების წყაროების მოძიების ალბათობას ამცირებს.
ინტერნეტის დაბინძურება?
ზოგიერთის აზრით, მედია წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების სწავლება საკმარისი არ არის, მათი მტკიცებით მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა სოციალურმა მედია კომპანიებმა დეზინფორმაციის გავრცელების შეფერხებისთვის ძალისხმევა გამოიჩინონ.
ფოტო: Les Napoleons
"ფეისბუქი, ტვიტერი, გუგლი/იუთუბი რუსული ტროლების მთავარი თავშესაფარია და ეს პლატფორმები უნდა დარეგულირდეს", — ამბობს ჯესიკა არო, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის YLE-ს ჟურნალისტი. ის 2016 წელს, აშშ-ში მიმდინარე არჩევნებამდე ბევრად ადრე რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს იძიებდა, რის გამოც თავდასხმის, დამცირების სამიზნე გახდა.
"როგორც ნებისმიერი, გარემოზე მავნე ზეგავლენის მქონე კომპანია თუ საწარმო დაექვემდებარა რეგულაციებს, ისე უნდა მოხდეს ადამიანის გადაწყვეტილებებზე და აზრებზე მავნე ზეგავლენის მქონე კომპანიებიც. მათ პასუხი უნდა აგონ ამისთვის და აიღონ პასუხისმგებლობა", — დასძენს ჟურნალისტი.
ფეისბუქმა, ტვიტერმა და გუგლმა, რომლებიც დეზინფორმაციის შესახებ პრაქტიკის ევროკავშირის კოდექსის ხელმომწერები არიან, განაცხადეს რომ ევროკავშირის არჩევნებამდე გარკვეულ გზებს მიმართეს, რათა მათ პლატფორმებზე გამჭვირვალობა გაიზარდოს. გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკების გასაჯაროებას გულისხმობს, ასევე მესამეულ ფაქტის-გადამოწმების საშუალებებთან თანამშრომლობას, რათა არჩევნებთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის შემცველი მასალა ამოიცნონ და ყალბი ანგარიშები დაბლოკონ.
აროს პირველი გამოძიება, ღია წყაროების გამოყენებით, რომელიც 2014 წელს ჩაატარა, იკვლევდა ეხებოდა თუ არა ფინეთს რუსეთის სახელთან დაკავშირებული დეზინფორმაციის კამპანიები.
"ბევრმა ფინელმა მითხრა, რომ მსგავსი აქტივობები შენიშნეს, თუმცა ეს იყო საბჭოთა სკოლისთვის დამახასიათებელი პროპაგანდა, უბრალოდ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს ყოველივე ფინელებისთვის დიდი ხანია ნაცნობია, ამიტომ ტროლების გავლენისგან თავის არიდება მათთვის პრობლემა არ არის", — აღნიშნავს არო.
გამოძიების გამო მისი რეპუტაცია თავდასხმის სამიზნე გახდა და ჟურნალისტს CIA-ს აგენტს, NATO-ს საიდუმლო ჯაშუშს, რუსოფობს უწოდებდნენ და ნარკოტიკებით ვაჭრობასაც კი აბრალებდნენ.
აროსთვის მცირე შვება, გასულ წელს, ჰელსინკის სასამართლოს მიერ ორი პრო-პუტინისტი აქტივისტისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იყო — ერთ-ერთი მათგანი ილია ჯანიცკინია, რუსული წარმომავლობის ფინელი, რომელიც მიგრანტების საწინააღმდეგო, პრო-რუსულ ვებგვერდ MV-Lehti-ს მართავდა და მეორე იოჰან ბეკმანი, თვითაღიარებული ადამიანთა უფლებების აქტივისტი, რომელიც რუსული ახალი ამბების საშუალება RT-ის ხშირი სტუმარი იყო.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ქვეყანამ დეზინფორმაციის კამპანიებზე პასუხისმგებელი პირები ბრალდებულებად მიიჩნია და ექსტრემალურ სიძულვილის ენასა და სიტყვის გამოხატვას შორის რთულად შესამჩნევი ზღვარის გავლება შეძლო.
უსასრულო თამაში
ყველაზე აშკარა ნიშანი, რომ ფინეთი ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას იგებს, სხვა ქვეყნების მცდელობაა იგივე მოდელი გაიმეორონ. ევროკავშირის ქვეყნების, ასევე სინგაპურის წარმომადგენლები ფინური მიდგომის შესწავლის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
რუსული ჯგუფების მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიების მიერ მოტანილი ზიანი, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს და ბრექსიტს ეხებოდა, ასევე საფრანგეთში და გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებს, სახელმწიფოებისთვის სიტუაციის გამოსწორების მოტივაციად იქცა. გერმანიამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ონლაინ პლატფორმები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო სიძულვილის ენას აქვეყნებენ და მოთხოვნის შემდეგ ასეთ ინფორმაციას გვერდებიდან არ იღებენ, დაჯარიმდებიან. გასულ წელს, საფრანგეთმა არჩევნების პერიოდში, ინტერნეტ სივრცეში ყალბი ახალი ამბების განთავსება აკრძალა. კრიტიკოსები აღნიშნულ შეზღუდვებს თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმად მიიჩნევენ, რუსეთი კი მსგავს ქმედებებში თანამონაწილეობას უარყოფს.
ფინეთში ცოტა ხნის წინ მიმდინარე არჩევნებამდე ქვეყნის სტრატეგია საჯარო განხილვის საგანი იყო, რაც სარეკლამო კამპანიის დამსახურებაა, სლოგანით ფინეთს მსოფლიოში საუკეთესო არჩევნები აქვს — დაფიქრდით რატომ. კამპანია მოქალაქეებს მოუწოდებდა ყალბ ინფორმაციაზე მეტი ეფიქრათ.
თანამდებობის პირებს არჩევნების პროცესში რუსული კვალი არ შეუნიშნავთ, რაც ტოივანენის აზრით იმის ნიშანია, რომ რუსული ტროლები ფინელ ამომრჩეველს მარტივ სამიზნედ აღარ აღიქვამენ.
"რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ მისი აზრით ფინეთმა უცხოეთიდან მართულ საზიანო ინფორმაციასთან დაპირისპირების პირველი რაუნდი მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი საკმაოდ წარმატებულია, არ ვფიქრობ, რომ არსებობს პირველი, მეორე ან მესამე რაუნდი, ეს უწყვეტად მიმდინარე თამაშია. მომავლაში მსგავს ქმედებებთან დაპირისპირების უფრო რთული ეტაპები გველის და საჭიროა, ამისთვის მზად ვიყოთ", — ამბობს ის.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები