მთვარის ზედაპირზე ბოლოკის გაზრდა ალბათ შესაძლებელია — NASA-ს ექსპერიმენტი
NASA-ს მეცნიერი მაქს კოულმანი მთვარეზე მცენარეების გაზრდით არის დაინტერესებული. იმის გამო, რომ მთვარემდე მისვლა არც ისე მარტივია, კოულმანი ექსპერიმენტებს თავის სამზარეულოში აკეთებს.
მცენარეებიდან კოულმანმა ბოლოკი აარჩია, რადგან ის კვირტებს ძალიან სწრაფად იკეთებს და მასზე ექსპერიმენტები მეცნიერებს კოსმოსში არაერთხელ ჩაუტარებიათ.
მთვარეზე მცენარეების გასაზრდელად სწრაფი დაკვირტვა მნიშვნელოვანია, რადგან, დედამიწის დღეებში რომ გადავთვალოთ, ჩვენს თანამგზავრზე 14 დღე მზეა, 14 დღე კი "ღამე".
კოულმანი მცენარეებს ყოველთვის არ ზრდიდა. მანამდე ის მცირერიცხოვან გუნდთან ერთად სპეციალურ სენსორებზე მუშაობდა, თუმცა პანდემიით განპირობებული კარანტინის გამო მეცნიერს მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა და სახლში ახალ პროექტზე მუშაობა გადაწყვიტა.
კოულმანმა ბოლოკის გაზრდა უდაბნოს ქვიშაში გადაწყვიტა, რადგან მთვარის რეგოლითის მსგავსად, ის ძალიან ცოტა საკვებ ნივთიერებას და მინერალს შეიცავს. მკველვარმა თავის სამზარეულოში მცენარეებს მთვარის ნიადაგის მსგავსი გარემო შეუქმნა. მან სპეციალური ხელსაწყოებიც დაამზადა, რომელიც ქვიშის ტენიანობის მონიტორინგში ეხმარებოდა.
კოულმანის ექსპერიმენტის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბოლოკს ძალიან ცოტა წყალი სჭირდება და მისი გაზრდა ძალიან მარტივია.
"ადგილობრივი გარემოდან რაც უფრო მეტს გამოიყენებ, მით უფრო ნაკლები რამის წაღება დაგჭირდება კოსმოსურ მოგზაურობაში", — ამბობს კოულმანი. მეცნიერები ცდილობენ, რომ მთვარის მისიისთვის ასტრონავტების ტვირთი მინიმუმამდე შეამცირონ.
მიუხედავად იმისა, რომ კოულმანის ექსპერიმენტი მის სამზარეულოში წარმატებული აღმოჩნდა, მთვარის რეგოლითის რეპლიკაცია მაინც რთულია. ამიტომ მეცნიერს ისღა დარჩენია, იმედოვნოს, რომ ექსპერიმენტი მთვარეზეც იმავე შედეგით განმეორდება.
კომენტარები