COVID-19-ის ხალხმრავლობაში გავრცელების შესასწავლად გერმანიაში კონცერტი გაიმართება
ბოლო თვეებია, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები, პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბითაა აკრძალული. მომავალშიც, სოციალური დისტანცირების წესებისა და საკარანტინო ზომების შემსუბუქების პარალელურად, სიფრთხილის შესანარჩუნებლად რისკების ადეკვატურად შეფასება მაინც საჭირო იქნება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება აგვისტოში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც გერმანელი პოპ-ვარსკვლავი, ტიმ ბენცკო, 4 ათასი ადამიანის წინაშე წარსდგება.
ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებულ ექსპერიმენტში, სახელად RESTART-19, მოხალისეები კონცერტის სამ განსხვავებულ სცენარში მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული ტიპის კონცერტი უსაფრთხოების განსხვავებული ხარისხით გაკონტროლდება, რათა გამოჩნდეს, რეალურად რა ზომებია ყველაზე ეფექტიანი ვირუსის გავრცელების შესაზღუდად.
"ჩვენ იმის დადგენას ვცდილობთ, შესაძლებელია თუ არა ცხოვრების ძველსა და ახალ წესს შორის ისეთი შუალედური ნიადაგის გამოძებნა, რომელიც ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს, საკონცერტო დარბაზში ხალხი უსაფრთხოდ განათავსონ", — აღნიშნავს $1.1-მილიონიანი პროექტის კოორდინატორი, სტეფან მორიცი.
მოხალისეები 18-დან 50 წლამდე ასაკისანი უნდა იყვნენ და ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებამდე 48 საათით ადრე კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური პასუხი უნდა ჰქონდეთ.
ამასთან, ყველა მონაწილეს ნიღაბი ეკეთება და ისინი სამ კონცერტს დაესწრებიან — ერთი სოციალური დისტანცირების გარეშე ჩატარდება, მეორეზე შესვლისას მეტი ყურადღება მიექცევა დამსწრეების ჰიგიენას, ხოლო მესამეზე მაყურებლები სოციალური დისტანცირების დაცვით დასხდებიან დარბაზში.
მეცნიერები ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა გზით გეგმავენ. მაგალითად, მონაწილეებს კონტაქტის აღმრიცხველი ხელსაწყო ეკეთებათ, რომელიც ყოველ ხუთ წამში ერთხელ შეაგროვებს მონაცემებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ.
მკვლევრები ასევე გამოიყენებენ ხელის ფლურესცენციულ სადეზინფექციო ხსნარებს, რათა შემდგომ ულტრაიისფერი გამოსხივებით ნახონ, რას შეეხენ კონცერტზე დამსწრეები და, შესაბამისად, რა ტიპის ზედაპირები "აღმოჩნდება განსაკუთრებით საშიში", ვკითხულობთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
ამასთან, დაგეგმილია სპეციალური აპარატიდან კვამლის გამოშვება, რისი მიზანიც იმის ვიზუალიზაცია იქნება, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ჰაერში ვირუსი.
უნივერსიტეტის ვებგვერდზე ასევე წერია, რომ კონცერტზე დასწრებით COVID-19-ით ინფიცირების რისკი "ძალიან დაბალი" იქნება, თუმცა სრულ დაცულობაზე ექსპერიმენტის ავტორები გარანტიას ვერ იძლევიან.
21 ივლისის მონაცემებით, ექსპერიმენტულ კონცერტზე დასწრების სურვილი 878-მა მოხალისემ გამოთქვა.
თუ ყველაფერი გეგმის თანახმად ჩაივლის, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგებს ოქტომბერში გამოაქვეყნებენ.
კომენტარები